back to top

IV ჰიდრატაციის სალონები სულ უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა?

გააზიარე

ინტრავენური ჰიდრატაციის (IV) სპა-სალონების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. ისინი მომხმარებელს ჰპირდებიან სწრაფ გამოსავალს იმუნური სისტემის გაძლიერებისა და დეტოქსიკაციისთვის. თუმცა, JAMA Internal Medicine-ში, გამოქვეყნებული ახალი კვლევა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს მათ უსაფრთხოებასთან, რეგულირებასა და რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით. ეს კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სპა-სალონები მომხმარებლებს სთავაზობს ინვაზიურ სამედიცინო პროცედურებს სამეცნიერო მტკიცებულებებისა და სათანადო ზედამხედველობის გარეშე.

წყარო: Grand view research

რეგულაციის ხარვეზები

IV ჰიდრატაციის სპა-სალონები ხშირად იყენებენ კლინიკაში დამზადებულ წამლის პროდუქტებს (compounded drug products) – დამტკიცებული მედიკამენტების, ვიტამინებისა და მინერალების ნარევებს, რომლებსაც უშუალოდ ოფისებში ამზადებენ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) მსგავს წამლებს სტანდარტული მედიკამენტებისგან განსხვავებულად არეგულირებს, ფედერალური კანონის 503A სექციის შესაბამისად. გარკვეული მარეგულირებელი გამონაკლისების მისაღებად, წამლების დამზადება მოითხოვს ლიცენზირებულ სპეციალისტებს, მკაცრ სანიტარულ კონტროლსა და პაციენტზე მორგებულ რეცეპტს (prescription).

FDA მუდმივად აფიქსირებს საგანგაშო შემთხვევებს, როდესაც საინფუზიო პროდუქტები მზადდება ანტისანიტარულ გარემოში, სათანადო უსაფრთხოების ზომების დაუცველად. ასეთი პრაქტიკა ზრდის დაბინძურებისა და პაციენტისთვის სერიოზული ზიანის მიყენების რისკებს. დადასტურებული შემთხვევები მოიცავს: სოკოვან ინფექციებს; ვადაგასული ინგრედიენტების გამოყენებას; სტერილობის წესების უგულებელყოფას ზოგიერთ ოფისსა და კლინიკაში. FDA-ის გაფრთხილებით, სამედიცინო სპა-სალონები და მობილური ინფუზიის სერვისები ხშირად რჩებიან რეგულაციების ჩარჩოს მიღმა, რის გამოც მათი შედგენილი წამლების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები საეჭვოა.

კვლევის დეტალები: 

კვლევამ მოიცვა 50 შტატისა და კოლუმბიის ოლქის კანონმდებლობა, 255 კლინიკის ვებგვერდი და „საიდუმლო მყიდველის“ (secret shopper) მიერ განხორციელებული სატელეფონო გამოკითხვა. დაფიქსირდა, რომ არცერთ შტატს არ გააჩნდა სპეციფიკური, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც IV ჰიდრატაციის სპა-სალონების რეგულირებას უზრუნველყოფდა. მხოლოდ 32 შტატში იყო რაიმე სახის მარეგულირებელი პოლიტიკა; მათგან კი სულ 4 შტატი აკონტროლებდა ძირითად ასპექტებს: კლინიკის ადმინისტრირებას, ექიმის კვალიფიკაციას, მედიკამენტების გაცემის წესსა და ფარმაცევტული მომზადების პრაქტიკას.

სალონების უმეტესობა თამამად ავრცელებდა ინფორმაციას სარგებლის შესახებ სამეცნიერო მტკიცებულების გარეშე. ამასთან, დაწესებულებების მხოლოდ 25% ითხოვდა წინასწარ კონსულტაციას ლიცენზირებულ სამედიცინო პერსონალთან. დაწესებულებების უმრავლესობა არ აცნობდა ინფორმაციას მომხმარებელს IV თერაპიის რისკების შესახებ. ყველაზე ხშირად შეთავაზებული სერვისები იყო IV სითხეები ვიტამინებითა და დანამატებით (მაგნიუმი, გლუტათიონი, NAD), მაშინ როცა ტკივილგამაყუჩებლებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს იშვიათად იყენებდნენ.

შტატების მარეგულირებელი ხარვეზები პაციენტებს დაუცველს ტოვებს. ტეხასში დაფიქსირებულმა ფატალურმა შემთხვევამ, როდესაც ქალი IV თერაპიის მიღებისას გარდაიცვალა, შტატს აიძულა, სპეციფიკური რეგულაციები (Jenifer’s Law) დაეწესებინა. თუმცა სხვა შტატები ამ მხრივ პასიურები რჩებიან. იმის გამო, რომ ეს თერაპიები ხშირად დამზადებულ წამლებად კლასიფიცირდება, FDA-ის იურისდიქცია შეზღუდულია; მათი ზედამხედველობა შედარებით მსუბუქია მანამ, სანამ არ დაფიქსირდება კონტამინაციის ან პაციენტისთვის ზიანის მიყენების შემთხვევა.

საქართველოს მდგომარეობა

აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც აქტიურად ვრცელდება. IV ჰიდრატაციის სერვისები ჩვენს ქვეყანაშიც ხელმისაწვდომია და მომხმარებელს სთავაზობს მომხიბვლელ ინფუზიებს, მათ შორის იმუნიტეტის, მეხსიერების გაძლიერების, “გაახალგაზრდავების” დაპირებებით. თუმცა, აღნიშნული ადგილობრივი სერვისების უმრავლესობა, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ხშირად მოკლებულია სამეცნიერო მტკიცებულებებს, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი რისკის შემცველია.

მართალია, IV ინფუზიას შეუძლია სითხისა და ნუტრიენტების შევსება, თუმცა სამეცნიერო მტკიცებულება სპა-სალონების მიერ დაპირებული სარგებლის შესახებ მინიმალურია ან ფაქტობრივად არც არსებობს. ექსპერტების გაფრთხილებით, ვიტამინებისა და მინერალების ჭარბი მიწოდება საზიანოა. რისკები მოიცავს: ადგილობრივ ინფექციებს, ალერგიებს და ფატალურ სისტემურ ეფექტებს, განსაკუთრებით არასტერილური და არასწორად მომზადებული პროდუქტების შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია რომ მსგავს სერვისებს არ ფარავს დაზღვევა და დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს პაციენტს.

ექიმები ხაზს უსვამენ ინტრავენური ჰიდრატაციის სერვისების გამოყენების შესახებ პაციენტებთან გამჭვირვალე კომუნიკაციის საჭიროებას, რათა დაეხმარონ მათ შესაძლო სარგებლისა და რისკების გაგებაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, სათანადო განათლება და სახელმწიფო და ფედერალურ დონეზე რეგულაციების გამკაცრება.

 

წყარო: JAMA; FDA






გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები