“ჯანმო ირკუტსკის „შავი ჭირის ინსტიტუტის“ თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს პირველივე ცნობებისთანავე აქტიურად აკვირდება”

გააზიარე

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მედიაში გავრცელებული პირველივე ცნობებისთანავე აქტიურად ადევნებს თვალს რუსეთის ფედერაციაში, ირკუტსკის ოლქში მდებარე შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს. პირი 2026 წლის 2 ოქტომბერს, მძიმე პნევმონიით ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა. მედიის თავდაპირველი ცნობებით, სავარაუდო მიზეზი ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად განვითარებული ფილტვისმიერი ჭირი იყო.

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR) შესაბამისად WHO-ს მიერ გაგზავნილი გადამოწმების მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის უწყებებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათ WHO-ს აცნობეს, რომ ჩატარდა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა, გატარდა პრევენციული და კონტროლის ზომები, ხოლო იდენტიფიცირებული კონტაქტები სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოექცნენ და გაიტესტნენ. მათივე ინფორმაციით, კონტაქტებს შორის მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა და ყველა იდენტიფიცირებულ პირზე სამედიცინო დაკვირვება დასრულებულია.

WHO რჩება კავშირზე რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან და მათ ტექნიკური დახმარება შესთავაზა. WHO-მ დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა მძიმე პნევმონიის მიზეზის, იმ პათოგენის შესახებ, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების გატარება გამოიწვია, ასევე მედიაში გავრცელებული ცნობების თაობაზე მეორე თანამშრომლის შესახებ, რომელსაც გაურკვეველი ეტიოლოგიის პნევმონია აქვს.

ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ფარგლებში დროული, სრული და გამჭვირვალე ინფორმაციის გაზიარება არსებითად მნიშვნელოვანია ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გასარკვევად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოტენციური რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად”, — განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აკეთებს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები