ადამიანები კანაფს ხშირად სტრესის შესამსუბუქებლად მოიხმარენ, მაგრამ ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტის (WSU) ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზმი ამ პროცესზე საკმაოდ არაერთგვაროვნად რეაგირებს. ჟურნალ Neuropsychopharmacology-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები კანაფის მოხმარების შემდეგ სიმშვიდეს გრძნობენ, სხეულის სტრესზე რეაგირების სისტემები ამას ყოველთვის არ ადასტურებს.
მეცნიერებმა კანაფის 120 რეგულარული მომხმარებელი შეისწავლეს. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: ნაწილს მისცეს პლაცებო (ანუ ნამდვილი ნივთიერების უვნებელი იმიტაცია), ნაწილს კი დაბალი და მაღალი დოზის THC (კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერება), რომელიც მათ ინჰალაციით (შესუნთქვით) მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ნივთიერების მიღების შემდეგ სტრესის შემცირება სამივე ჯგუფმა იგრძნო, მათ შორის იმ ადამიანებმაც, რომლებმაც მხოლოდ პლაცებო შეისუნთქეს. კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი კერი კატლერი განმარტავს, რომ სიმშვიდის ეს შეგრძნება ხშირად არა თავად კანაფის დამსახურება, არამედ ძლიერი პლაცებოს ეფექტია, რომელიც მომხმარებლის წინასწარი მოლოდინებიდან გამომდინარეობს. ეს მოლოდინი იმდენად მძლავრი იყო, რომ პლაცებოს ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ კვლევა შეწყვიტა კიდეც — მას ეგონა, რომ ნივთიერებამ ზედმეტად ძლიერად იმოქმედა.
იმის გასაგებად, თუ რეალურად რა ხდება ამ დროს სხეულში, მკვლევრებმა სტრესის ოთხი ფიზიკური მაჩვენებელი გაზომეს: კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი), გულისცემა, გულისცემის ვარიაბელობა (სტრესის შეფასების მთავარი კრიტერიუმი) და კანის რეაქცია (ნერვული დაძაბულობისა და ოფლიანობის ნიშანი). შედეგები საკმაოდ წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა: მართალია, THC-ის მომხმარებლებში სტრესის ჰორმონმა და ნერვულმა დაძაბულობამ იკლო, მაგრამ სამაგიეროდ საგრძნობლად მოიმატა გულისცემამ. ამასთან, გულისცემის ვარიაბელობა საერთოდ არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმის მთავარი სტრეს-სისტემა რეალურად არ მოდუნებულა.
საბოლოო ჯამში, მკვლევრები ასკვნიან, რომ ორგანიზმის ეს ფიზიკური რეაქციები ერთმანეთთან კავშირში არ არის. მაგალითად, სტრესის ჰორმონის კლება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ადამიანს გულისცემაც უმშვიდდებოდა. პროფესორ კატლერის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კანაფს სხეულზე ურთიერთგამომრიცხავი ეფექტები აქვს და ის სიმშვიდე, რასაც ადამიანი გონებაში გრძნობს, ხშირ შემთხვევაში სრულიად აცდენილია იმ რეალურ ფიზიკურ დატვირთვას, რომელსაც ამ დროს მისი სხეული განიცდის.
წყარო: MedicalXpress

