ცისტური ფიბროზი (CF) გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც სხვადასხვა ორგანოში სქელი, წებოვანი ლორწო გროვდება. ის გავლენას ახდენს ძირითადად ფილტვებზე, პანკრეასსა და საოფლე ჯირკვლებზე. ამ დიაგნოზით დაახლოებით 162 000 ადამიანი ცხოვრობს მსოფლიო მასშტაბით (2022 წლის მონაცემებით) და მიუხედავად მკურნალობისა, მათ მუდმივად უწევთ სიმპტომებთან გამკლავება. ახლა კი მეცნიერებმა, Northwestern Medicine და Epicore Biosystems-თან პარტნიორობით, შექმნეს პატარა, უსადენო პლასტირი, რომელიც შესაძლებელს ხდის დაავადების მუდმივ კონტროლს.
როგორ მუშაობს პლასტირი?
ეს პლასტირი, რომელიც მაჯაზე სტიკერივით მაგრდება, ოფლში არსებულ ქლორიდის დონეს ზომავს. მისი შედეგები ისეთივე ზუსტია, როგორც ლაბორატორიის. აქამდე ქლორიდის ტესტები მხოლოდ კლინიკებში ტარდებოდა, რაც ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი. ეს ახალი სტიკერი კი ამ პრობლემას ადვილად აგვარებს.
მოწყობილობა ორი მიკროსენსორისგან შედგება: ერთი ზომავს გამოყოფილი ოფლის მოცულობას, მეორე კი მასში ქლორიდის კონცენტრაციას. მომხმარებელს შეუძლია სმარტფონით პლასტირს ფოტო გადაუღოს, რის შემდეგაც აპლიკაცია ფერის ცვლილების საფუძველზე ოფლში ქლორიდის დონეს გაშიფრავს. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის დისტანციურ მონიტორინგს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, მკურნალობის კურსი სწრაფად და ზუსტად დაარეგულიროს.
იმისთვის, რომ ცისტური ფიბროზის დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს, აუცილებელია ოფლში ქლორიდის დონის შემოწმება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების, CFTR მოდულატორების, მიღების დროს. ეს პრეპარატები ეხმარება პაციენტებს, მაგრამ მათი ეფექტური მოქმედებისთვის, საჭიროა მუდმივი მონიტორინგი.
როგორ შემოწმდა პლასტირის ეფექტურობა?
კვლევაში მონაწილეობდა 20 ზრდასრული ცისტური ფიბროზითა და 7 ჯანმრთელი ადამიანი, რომლებმაც გაიარეს როგორც სტანდარტული, ისე დისტანციური ტესტირება ვარჯიშის დროს.
ზუსტი შედეგები: პლასტირის მიერ გაზომილი ქლორიდის დონეები სრულად ემთხვევა ლაბორატორიული ტესტების შედეგებს (კორელაციის კოეფიციენტი r = 0.90).
მონიტორინგის სიმარტივე: ტესტირებისთვის აღარ არის საჭირო წინასწარ წამლის, პილოკარპინის, გამოყენება. ვარჯიშის შემდეგ ოფლის ანალიზის შედეგებიც ანალოგიურად ზუსტია, რაც დისტანციურ ტესტირებას აადვილებს.
მაღალი ეფექტურობა: დისტანციური ტესტირება ორი კვირის განმავლობაში მაღალი ჩართულობით ჩატარდა, რაც მის პრაქტიკულობასა და მოხერხებულობაზე მეტყველებს.
ამ სტიკერის წყალობით, ცისტური ფიბროზის მკურნალობა ხდება უფრო პერსონალიზებული და ხელმისაწვდომი. პაციენტებს შეეძლებათ დაავადების მონიტორინგი სახლის პირობებში, დამღლელი კლინიკური ვიზიტების გარეშე, ხოლო ექიმებს დისტანციურად, სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება.
მეცნიერების მთავარი მიზანია ამ ტექნოლოგიის კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა, რათა მედიკამენტების გამოყენება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს. მომავალში შესაძლოა პლასტირმა ოფლის გამომყოფი აგენტებიც გამოიყენოს და სხვა მოლეკულური მარკერებიც გაზომოს, რაც მის ფუნქციებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
წყარო: PNAS

