კარდიო-ონკოლოგია და გულის ტრანსპლანტაცია: საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პერსპექტივა

გააზიარე

ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების (ESC) კონგრესი წარმოადგენს საერთაშორისო ფორუმს, სადაც თანამედროვე მეცნიერება, კლინიკური პრაქტიკა და სამომავლო ინოვაციები ერთიანდება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა ორმაგ როლში – როგორც მომხსენებლის, ასევე სესიის თავმჯდომარის.

მომხსენებლის როლში წარვადგინე კლინიკური შემთხვევა თემაზე „პერიკარდიტი: დაავადების პროგრესირება თუ ICI გამოწვეული გართულება?“. აღნიშნული შემთხვევა ნათლად ასახავს იმ რთულ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ გამოწვევებს, რომლებიც თან ახლავს კარდიო-ონკოლოგიას.

კარდიო-ონკოლოგია ერთ-ერთი უახლესი მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს კარდიოლოგიური და ონკოლოგიური ცოდნის ინტეგრაციას. საქართველოში ეტაპობრივად ინერგება საერთაშორისო ინოვაციები, ამასთანავე, ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებას. სწორედ ეს ორმხრივი მიმოცვლა განაპირობებს ადგილობრივი პრაქტიკის გამდიდრებასა და საერთაშორისო თანამონაწილეობას.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო ჩემი როლი გულის ტრანსპლანტაციის სესიის თავმჯდომარედ. მსგავსი სესიები მხოლოდ ახალი მონაცემების გაცვლა კი არა, არამედ სამედიცინო სტრატეგიების შემუშავების სივრცეა, სადაც განიხილება პაციენტთა სიცოცხლის გადარჩენისა და ხარისხის გაუმჯობესების უმნიშვნელოვანესი საკითხები.

გულის ტრანსპლანტაცია, გულის უკმარისობის მართვის ტერმინალური ეტაპია. ის არა მხოლოდ ცალკეუილი პაციენტების ბედს განსაზღვრავს, არამედ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და სამეცნიერო პროგრესის მიმართულებებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს სფერო ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და რეგულაციური ბაზის ჩამოყალიბებას საჭიროებს, უკვე შეინიშნება პროგრესული ნაბიჯები, რაც მომავალში პაციენტთა მკურნალობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შესაძლებელს გახდის.

ESC კონგრესში მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარდიო-ონკოლოგია და გულის ტრანსპლანტაცია არის დარგები, რომელთა განვითარებაში საქართველოს ჩართულობა არა მხოლოდ საჭირო, არამედ გარდაუვალი პროცესია. ეს არის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე აგებული გზა, რომელიც პაციენტთა უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. 

ნინო ჭაღიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კარდიოლოგი, თერაპევტი, შინაგანი მედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები