back to top

ფაგოთერაპია: მიკრობთა წინააღმდეგ ბრძოლის ძველი, მაგრამ უძვირფასესი იარაღი – ინტერვიუ ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარ ექიმ დეა ნიჟარაძესთან

გააზიარე

ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის ზრდასთან ერთად, გლობალური სამედიცინო საზოგადეობა ალტერნატიული მიდგომების ძიებაშია. ერთ-ერთი ყვლაზე პერსპექტიული მეთოდი ამ მიმართულებით ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპიაა. მკურნალობა ცოცხალი ვირუსებით, რომლებიც მავნე ბაქტერიებს მიზნობრივად ანადგურებენ, ხოლო საჭირო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებენ. საქართველო, განსაკუთრებით გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, უკვე წლებია საერთაშორისო ლიდერია ამ სფეროში. ინტერვიუში ბაქტერიოფაგის კლინიკის მთავარი ექიმი, დეა ნიჟარაძე საუბრობს ფაგების ბუნებრივ როლზე, კლინიკურ გამოყენებაზე, პერსონალიზებული მედიცინის პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე.

რა არის ბაქტერიოფაგი და რა როლს ასრულებს ცოცხალ ბუნებაში?  

ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც იკვებება ინფექციის გამომწვევი ბაქტერიებით, ის ჩვენი ეკოსისტემის აუცილებელი ნაწილია და თავისუფლად მოიპოვება როგორც ცოცხალ ბუნებაში, ასევე ჭარბადაა კანის ზედაპირზე და ორგანიზმში, განსაკუთრებით, ბევრია ნაწლავის მიკრობიომში.

რომელ კლინიკურ შემთხვევებშია ფაგოთერაპია რეკომედნებული? და რომელი ჩივილებით მოდიან პაციენტები ყველაზე ხშირად?

ბაქტერიოფაგები, უფრო  ზუსტად – ფაგური პრეპარატები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს იმ  დაავადებებში, რომელსაც კლასიკურად  ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ.  პაციენტები ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად გვიკავშირდებიან საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის, კანის ჩირქოვანი დაავდებების, პოსტოპერაციული ქირურგიული ჭრილობების, ყელ-ყურ – ცხვირის პრობლემების და გინეკოლოგიური დაავადებების დროს. გვყავს პაციენტები როგორც საქართველოდან, ასევე 86 სხვა ქვეყნიდან. 

როგორია ფაგოთერაპიის პოზიციონირება თანამედროვე მედიცინაში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი პრობლემის ფონზე?

ცივილური სამყარო ფაგებს და  ფაგოთრაპიას მიიჩნევს, როგორც ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამოსავლის ერთ-ერთ მნიშნველოვან გზას. ფაგისთვის ანტიბიოტიკებისადმი  რეზისტენტულობა წინაღობას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღითიდღე იზრდება ფაგებზე კვლევები მსოფლიოს მასშტაბით. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ფაგოთერაპიის განვითარება მოსახლეობას მნიშნველოვნად დაიცავს ბაქტერიული ინფექციების გართულებისგან და თანმხლები საფრთხეებისაგან. ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში სამკურნალოდ ჩამოსული უცხოელი პაციენტების უმრავლესობაზე  ანტიბიოტიკები აღარ მოქმედებს, ასეთ დროს დანიშნული პრეპარატები უშედეგოა. მათი ბოლო იმედი სწორედ რომ ფაგებით მკურნალობაა. 

ფაგოთერაპია ხშირად ასოცირდება პერსონალიზებულ მიდგომებთან, როგორია ამ მოდელის პრაქტიკული დანერგვა თქვენს კლინიკაში?

ფაგოთერაპია ნამდვილად წარმოადგენს პერსონალიზებული მედიცინის მაგალითს. დღეს  ჩვენ გვაქვს   ექვსი ფაგური პრეპარატი, რომლებიც გამოიყენება შემდეგი მიკრობების წინააღმდეგ: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკოკები, ნაწილავის ჩხირი,  პროტეუსი, სალმონელა, შიგელა, ენტეროკოკები და ა.შ. მათი დანიშვნა ხდება მხოლოდ ბაქტერიოლოგიური კვლევის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მიკრობი არც ერთ ფაგურ პრეპარატზე არ არის მგრძნობიარე, პაციენტისთვის მზადდება  ინდივიდუალურად მის  მიკრობზე მორგებულ ფაგური პრეპარატი. ასეთი შემთხვევებში თერაპიული ეფექტი განსაკუთრებით მაღალია. ამასთან,  ჩვენთან ჩამოსული პაციენტის მდგომარეობას მულტიდისციპლინური გუნდი აფასებს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს პერსონალიზებული მიდგომის მნიშვნელობას.

როგორ აფასებთ ფაგოთერაპიის ეფექტურობას ქრონიკული ინფექციების მკურნალობაში?

ფაგოთერაპიის ცენტრი წლებია არსებობს და მუდმივად მუშავდება სტატისტიკური მონაცემები რაც მნიშვნელოვანი ტენდენციების დანახვაში გვეხმარება. მკურნალობის შედეგები სისტემების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე მაღალი ეფექტურობა გვაქვს ინფიცირებული ჭრილობებისა და საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების მკურნალობაში. შედარებით დაბალი მაჩვენებლებია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებში, თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.   რაც შეეხება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულ შტამებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ჩვეულებრივ ექვემდებარებიან ფაგოთერაპიას. 

დაახლოებით რამდენი დრო სჭირდება ფაგოთერაპიას კლინიკური შედეგის მისაღწევად, და როგორია დინამიკა მკურნალობის პროცესში?

შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე, ასევე რამდენად ხანგრძლივია დაავადებების მიმდინარეობა, რა თანმხლები დაავადებები აწუხებს პაციენტს და ა.შ.  როდესაც ვამბობთ, რომ ფაგოთერაპია პერსონალიზებულია, სწორედ იმას  ვგულისხმობთ, რომ მკურნალობის ეფექტი ძალიან ინდივიდუალურია და გაუმჯობესების დინამიკაც განსხვავებული. აი მაგალითად  ჭრილობებისა და კანის ინფექციების შემთხვევაში გამოჯანმრთელება შედარებით სწრაფად დგება და კლინიკური სურათი უფრო თვალსაჩინოა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაგოთერაპიის ცენტრს ხშირად მომართავენ საკმაოდ რთული პაციენტები, განსაკუთრებით უცხოეთიდან. მათ შორის ბევრს აქვს გენეტიკურად განპირობებული დაავადებები, რომლებიც ინფექციებით რთულდება. ასეთ შემთხვევაში, სრულ გამოჯანმრთელებაზე საუბარი არასწორი იქნება, რადგან ინფექცია გენეტიკურად განპირობებული მდგომარეობის თანმდევია. თუმცა, ამ პაციენტებისთვის ფაგოთერაპია  მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ჩვენთან მოსული ყველა პაციენტი დინამიკაში ხედავს რეალურ ცვლილებას საკუთარ მდგომარეობაში და ეს არის ფაგოთერაპიის ცენტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

რა სირთულეებს აწყდება ფაგოთერაპია როგორც სამეცნიერო დარგი, კლინიკურ, კომერციულ ან საინფორმაციო დონეზე?

ფაგოთერაპიის სფეროში განსაკუთრებით მნიშნველოვანია მეტი მტკიცებულება და კვლევებზე დაფუძნებული პრაქტიკა. ჩვენ  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ  ელიავას ინსტიტუტის თანამშრომლებთან, მოგეხსენებათ, თავად   ინსტიტუტი 100-წლიანი გამოცდილების მქონე სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელიც ერთ-ერთი ავტორიტეტული ინსტიტუციაა მსოფლიო მასშტაბით. ინსტიტუტის მეცნიერები  მუდმივად გვიზიარებენ სიახლეებს ფაგების  და ფაგოთერაპიის კუთხით, რაც  უზრუნველყოფს ჩვენს მუდმივ პროფესიულ ზრდასა და მაღალი დონის მკურნალობის სტანდარტებს.

არის თუ არა ფაგები მხოლოდ „ბოლო გამოსავალი“, შესაძლებელია თუ არა რომ მომავალში ეს მკურნალობა გახდეს პირველადი არჩევანი?

მედიცინა მუდმივად მზარდი და სიახლეებით დატვირთული სფეროა, ამიტომ მჯერა, რომ ახალი კვლევებით და მიღწევებით ფაგები “ბოლო გამოსავალი” არ იქნება და ყოველთვის გამოჩნდება სხვა  ალტერნატიული მეთოდებიც, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ანტიმიკრობულ მკურნალობას. 

რა უპირატესობით გამოირჩევა ფაგოთერაპია ანტიბიოტიკებთან შედარებით კლინიკურ პრაქტიკაში?

ფაგები არ აზიანებს ორგანიზმისთვის საჭირო ბაქტერიებს. ისინი მიზნობრივად და დამზოგველად ებრძვიან მხოლოდ არასასურველ მიკრობებს. ამის შედეგად მკურნალობას არ ახლავს მრავალი არასასურველი გვერდითი ეფექტი. ფაგები თავად ჩვენი ეკოსისტემის ნაწილია, რის გამოც მათ მიმართ ალერგიული რეაქციები ნომინალურია, ეს დიდი უპირატესობაა. გარდა მიკრობებთან ბრძოლის უნარისა, ფაგურ პრეპარატებს გააჩნიათ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ეფექტიც, რაც პოზიტიურად აისახება ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფაგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნაწლავის მიკრობიომის დაბალანსებაში. ბაქტერიოფაგი ნორმალური ნაწლავის მიკროფლორის ნაწილია და დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, არა როგორც ანტიბაქტერიული მკურნალობა, არამედ როგორც მიკროფლორის აღმდგენი. 

რამდენად ცნობილია საქართველო, როგორც ფაგოთერაპიის ცენტრალური ჰაბი, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებაში?

განსაკუთრებული სიამაყით მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო ნამდვილი ლიდერია. კონფერენციებზე ჩვენი წარმომადგენლების მოხსენებები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების და გულწრფელი აღფრთოვანების საგანია. ბოლო კონფერენცია ახლახანს ბერლინში გაიმართა, რომელიც   ფაგოთერაპიას  მიეძღვნა. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ფაგოთერაპიის დარგში თავიანთი გამოცდილებები წარადგინეს, თუმცა ჩვენი გამოსვლა ყველაზე მასშტაბური იყო. აუდიტორია აღფრთოვანებული დარჩა. მსგავსი რეაქცია ჩვენთვის უცხო არაა, თუმცა, მაინც ყოველ ჯერზე გვიხარია  აღიარება. 

ჯერ კიდევ ბევრი ექიმი არ აღიარებს ფაგოთერაპიის მნიშვნელობას და სიფრთხილით ეკიდება მათ გამოყენებას. როგორ ფიქრობთ, რატომ?

ექიმების მხრიდან ფაგოთერაპიის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება სრულიად გასაგებია. საქართველო დასავლური მედიცინის მიმდევარი ქვეყანაა, სადაც მკურნალობას მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა უნდა ახლდეს. ადგილობრივი სპეციალისტები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებს, რაც მათი პროფესიული განვითარებისა და სამედიცინო სტანდარტების დაცვის ნაწილია. ფაგოთერაპია, მიუხედავად 100-წლიანი გამოცდილებისა, წარსულში ძირითადად საბჭოთა სივრცეში გამოიყენებოდა და საერთაშორისო კვლევების მიღმა დარჩა. სწორედ ამ მიზეზით საქართველოში შემორჩა მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირფასესი ფაგების კოლექცია. ბოლო წლებში ფაგოთერაპია აქტიურად ბრუნდება გლობალურ სამეცნიერო დღის წესრიგში. ამჯამად ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რაც შემდგომ მტკიცებულებებზე დაფუძნებულს გახდის ამ მიმართულებას.   თუმცა,  კლინიკურ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფაგოთერაპია პაციენტისთვის უკანასკნელი იმედია. ასეთ ვითარებაში ექიმები ვერ დაელოდებიან მხოლოდ ახალი კვლევების შედეგებს  მით უფრო, როდესაც უკვე არსებობს წარმატებული კლინიკური გამოცდილება. დღეს ფაგოთერაპია საქართველოში თანდათან ინერგება თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტანდარტების ფარგლებში. მკურნალობის ეფექტურობას ადასტურებს როგორც საერთაშორისო სამედიცინო პუბლიკაციებში გამოქვეყნებული მონაცემები, ისე მრავალი პაციენტის რეალური კლინიკური შედეგი.

როგორ ხედავთ მომავლის მედიცინას: ანტიბიოტიკების ერა სრულდება, თუ მათთან სინერგიაში უნდა შევიდეს ახალი თაობის ფაგური პრეპარატები? 

ფაგოთერაპიასა და ანტიბიოტიკებს შორის სინერგიული ეფექტი მნიშნველოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ფაგები სრულად ვერ შეცვლიან ანტიბიოტიკებს, რიგ შემთხვევებში ისინი შეიძლება გახდნენ კომფორტული და ეფექტური პრეპარატები ანტიბიოტიკებტან კომბინაციაში.  

ზოგადად, თუ პერსპექტივაში შევხედავთ პრობლემას – ფაგოთერაპიის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ანტიბიოტიკების არაგონივრულ გამოყენებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკები, დაინიშნოს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ მდგომარეობებში. როდესაც ეს მიდგომები სტრუქტურულად სწორად  დალაგდება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც გლობალურ საფრთხედ აღიარებული ანტიმიკრობული რეზისტენტობის მაჩვენებლები, ისე  კონკრეტული პაციენტების მკურნალობის შედეგები. რაც ჩვენი პირდაპირი მიზანია. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები