შფოთვა და უძილობა იმუნურ სისტემას აქვეითებს: კვლევა NK უჯრედების შემცირებას ადასტურებს

გააზიარე

იმუნური სისტემის მთავარი მცველების, ბუნებრივი მკვლელი (NK) უჯრედების, რაოდენობა და ფუნქცია, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს შფოთვითი აშლილობისა და უძილობის სიმპტომების გამო.

NK უჯრედები არის სისხლის თეთრი უჯრედების (ლიმფოციტების) განსაკუთრებული სახეობა, რომელიც იმუნური სისტემის დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს. მათი მთავარი მისიაა სწრაფი და უშუალო რეაგირება ვირუსებით ინფიცირებულ უჯრედებსა და სიმსივნურ წარმონაქმნებზე. ისინი მათ ანადგურებენ მანამ, სანამ პათოგენი გავრცელებას მოასწრებს. ამ უჯრედების დეფიციტმა კი, შესაძლოა, იმუნური სისტემის დისფუნქცია და დაავადებებისადმი მიდრეკილება გამოიწვიოს.

ეს შემაშფოთებელი აღმოჩენა საუდის არაბეთში ჩატარებული ახალი კვლევით დადასტურდა, რომლის შედეგებიც ჟურნალ Frontiers in Immunology-ში გამოქვეყნდა. კვლევა, რომელშიც 17-დან 23 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა მონაწილეობდა, მიზნად ისახავდა შფოთვას, უძილობასა და NK უჯრედების რაოდენობას შორის კავშირის დადგენას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა მკაფიო კავშირი:

  • უძილობის სიმპტომების მქონე სტუდენტებში შემცირდა NK უჯრედების (როგორც მთლიანი, ისე მათი ქვეპოპულაციების) საერთო რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი.
  • შფოთვის სიმპტომების მქონე სტუდენტებში დაფიქსირდა სისხლში მოცირკულირე NK უჯრედების (და მათი ქვეპოპულაციების) პროცენტული მაჩვენებლისა და რაოდენობის შემცირება, სიმპტომების არმქონე სტუდენტებთან შედარებით.
  • მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა სიმპტომების სიმძიმეს: სტუდენტებს, რომლებსაც ზომიერი და მძიმე შფოთვის სიმპტომები ჰქონდათ, ცირკულირებადი NK უჯრედების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალი აღმოაჩნდათ.

როგორც კვლევამ აჩვენა, მონაწილეთა დაახლოებით 53%-ს აღენიშნებოდა უძილობა, ხოლო 75%-ს კი შფოთვის სიმპტომები.

NK უჯრედების, განსაკუთრებით კი მოცირკულირე ქვეპოპულაციების შემცირებამ, შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის დაქვეითება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის კიბო და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, დეპრესიის ჩათვლით.

წყარო: Frontiers

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები