კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

გააზიარე

დღეს, 2026 წლის 4 თებერვალს, მსოფლიო კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კიბოს მსოფლიო დღის ისტორია 2000 წლიდან იწყება. ის ოფიციალურად დაფუძნდა პარიზში გამართულ „ახალი ათასწლეულისთვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო სამიტზე“. 

ამ სამიტზე მიღებული „პარიზის ქარტია“ სამეცნიერო კვლევების წახალისებას, პაციენტებზე ზრუნვის გაუმჯობესებასა და გლობალური საზოგადოების მობილიზებას მიზნად ისახავდა. მას შემდეგ, კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) ეგიდით, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება, რათა კიბოსთან ბრძოლა გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგში პრიორიტეტად დარჩეს.

წლევანდელი დღის მთავარი გზავნილია „ერთიანობა უნიკალურობით“ (United by Unique). ეს 2025-2027 წლებისთვის დაგეგმილი სამწლიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც აქცენტს პაციენტზე ორიენტირებულ მკურნალობაზე აკეთებს.

აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ფაქტს, რომ ყოველი პაციენტის შემთხვევა უნიკალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო ერთიანდება, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს მთავრობებსა და ინსტიტუტებს ადრეული დიაგნოსტიკის კრიტიკული აუცილებლობა. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება სიმსივნის დიაგნოსტირება, მით უფრო მაღალია სრული გამოჯანმრთელების შანსი და ნაკლებად ინვაზიურია მკურნალობის პროცესი.

ამავდროულად, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება სკრინინგის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა იმ მიზნით, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა ჯანდაცვის სერვისების მიღებისას.

გარდა ამისა, საერთაშორისო ძალისხმევა მუდმივად უნდა მიიმართოს ინოვაციური მკურნალობის მეთოდების დანერგვაზე. უახლესი თერაპიული მიღწევები, როგორიცაა, მაგალიღად, იმუნოთერაპია და პერსონალიზებული მედიცინა, უნდა გახდეს გლობალური სტანდარტი, რათა კიბოსთან ბრძოლა უფრო ეფექტური და პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმული აღმოჩნდეს.

წყარო: World Cancer Day

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები