კლინიკა „კურაციო“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასო სამედიცინო მომსახურების ინიციატივას იწყებს, რითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წამოწყებულ მხარდამჭერ კამპანიას უერთდება. კლინიკის განცხადებით, ამ მძიმე დაავადებასთან ყოველდღიური ბრძოლა უდიდეს მოთმინებასა და ადამიანურ თანადგომას მოითხოვს, სტუდენტების მიერ გამოჩენილმა საოცარმა სოლიდარობამ კი ბიძგი მისცა ორგანიზაციას, საკუთარი პროფესიული რესურსი ამ ადამიანების დასახმარებლად მიემართა.
ახალი საქველმოქმედო პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს სრულად უფასოდ მიეწოდებათ სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტების კონსულტაციები. უფასო პაკეტი მოიცავს პედიატრის, ოჯახის ექიმის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლარინგოლოგის, დერმატოლოგის, უროლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურებას.
კონსულტაციებთან ერთად, ინიციატივა ითვალისწინებს კომპლექსურ ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს. პაციენტებს შეეძლებათ უფასოდ ჩაიტარონ ულტრასონოგრაფიული და რენტგენოლოგიური კვლევები, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრამა (EKG) და 24-საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, ხოლო ლაბორატორიული მიმართულებით უზრუნველყოფილი იქნება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ტესტები, ელექტროლიტებისა და D ვიტამინის განსაზღვრა.
კლინიკა „კურაციოში“ აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი მათთვის მხოლოდ პროფესიული პასუხისმგებლობა არ არის და მათ რეალურად სურთ იყვნენ პაციენტების გვერდით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო და ზრუნვა. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ეს მზრუნველობა თუნდაც მცირედით გაუადვილებს გზას დიუშენის დისტროფიის მქონე პირებს, რაც კლინიკის გუნდისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება.

