მეტფორმინი, როგორც ბიგუანიდების კლასის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალება, 60-წლიანი კლინიკური გამოყენების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს პოზიციას, როგორც ტიპი 2 დიაბეტის პირველი რიგის სამკურნალო პრეპარატი. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი შაქრის დამწევი ეფექტი ძირითადად ღვიძლში გლუკოზის წარმოების შემცირებას უკავშირდება, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმები ბოლომდე არ არის გარკვეული.
გლიკემიური კონტროლის გარდა, მეტფორმინს უკავშირებენ დამატებით სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო და სიმსუქნის საწინააღმდეგო ეფექტები.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მეტფორმინის დამატებითი სასარგებლო ეფექტები შეიძლება აიხსნას მისი უნარით, დაუკავშირდეს (ქელატირება მოახდინოს) ლითონის იონებს ორგანიზმში. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატს შეუძლია ლითონებთან ქიმიური კავშირის დამყარება, რითაც ცვლის მათ ბიოლოგიურ აქტივობასა და დონეს.
ლაბორატორიულ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მეტფორმინს შეუძლია ლითონებთან, განსაკუთრებით სპილენძთან, რთული ნაერთების (კომპლექსების) წარმოქმნა. თეორიული ვარაუდის მიხედვით, ამგვარმა დაკავშირებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს უჯრედის ენერგიის წარმომქმნელ სისტემაზე (მიტოქონდრიულ ფუნქციაზე) და უჯრედის შიგნით მიმდინარე საკომუნიკაციო პროცესებზე (უჯრედულ სიგნალიზაციაზე). მიუხედავად ამისა, აქამდე უცნობი იყო, ხდება თუ არა ეს ქიმიური ურთიერთქმედება რეალურად დიაბეტით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში.
ცნობილი ფაქტია, რომ ორგანიზმში სპილენძის, რკინისა და თუთიის დონეების ცვლილებები დაკავშირებულია დიაბეტთან და მისგან გამოწვეულ გართულებებთან. კერძოდ, სისხლში სპილენძისა და რკინის სიჭარბე ხშირად ნიშნავს, რომ გლუკოზის კონტროლი გაუარესებულია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მაღალია. ამისგან განსხვავებით, თუთია ითვლება სასარგებლოდ, რადგან ის ეხმარება გლუკოზის გადამუშავებას და ამცირებს გართულებების ალბათობას.
ახალმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ BMJ Open Diabetes Research & Care-ში, მიზნად დაისახა დაედგინა, მოქმედებს თუ არა მეტფორმინი სისხლში ლითონების დონეზე. კვლევა ჩატარდა ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ 189 ზრდასრულზე. აქედან, 93 მონაწილე იღებდა მეტფორმინს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი 96 – არა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა შემდეგი კორელაციები:
მეტფორმინის მიმღებ პაციენტებს ჰქონდათ სპილენძის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად დაბალი დონე არამომხმარებლებთან შედარებით, ასევე, აღინიშნა რკინის კონცენტრაციის შემცირებაც აღნიშნულ ჯგუფში, რაც ფერიტინის და სხვა შესაბამისი მარკერების ანალიზით დადასტურდა. ამასთან, თუთიის დონე მეტფორმინის მომხმარებლებში უფრო მაღალი იყო.
კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლში სპილენძისა და რკინის შემცირება, თუთიის მომატებასთან ერთად, შესაძლოა იყოს ის მექანიზმი, რომელიც განაპირობებს პრეპარატის შაქრის დამწევ და დამცავ ეფექტებს დიაბეტის გართულებებისგან. ეს მიგნება თანხვედრაში მოდის ადრეულ კვლევებთან, რომლებშიც სპილენძის შემცირება აუმჯობესებდა უჯრედის ფუნქციას (მიტოქონდრია), ამცირებდა ანთებას და ანელებდა სიმსივნის ზრდას.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შემდგომი კლინიკური და ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეტფორმინის მოქმედებასა და მის სარგებელს შორის.
წყარო: BMJ

