კვების როლი იმუნოთერაპიაში

გააზიარე

თანამედროვე მედიცინა სულ უფრო მეტად ცდილობს მკურნალობის ეფექტურობის გაზრდას ცხოვრების წესისა და კვების ოპტიმიზაციის გზით. Van Andel-ის ინსტიტუტის უახლესი აღმოჩენა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული გარდამტეხი ნაბიჯია. აღმოჩნდა, რომ კალორიების გონივრული შეზღუდვა იმუნურ უჯრედებს დამატებითი ენერგიით მუხტავს, რაც მათ სიმსივნესთან ბრძოლის მძლავრ მოკავშირედ აქცევს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაბალცხიმიანი და მაღალცილოვანი რაციონი, კალორიების 30–50%-იანი შეზღუდვის პირობებში, ორგანიზმში კეტონების კონცენტრაციას მკვეთრად ზრდის. ეს ნივთიერებები T-უჯრედებისთვის ენერგიის ალტერნატიულ, მაღალეფექტურ წყაროდ იქცევა. კეტონებით „დამუხტული“ იმუნური უჯრედები არა მხოლოდ უფრო აგრესიულად უტევენ სიმსივნეს, არამედ იძენენ გამძლეობასაც, რაც მათ გამოფიტვისგან იცავს.

ეს აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმუნური საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების მოქმედების გასაძლიერებლად. ვინაიდან არსებული იმუნოთერაპია ყველა პაციენტში თანაბრად ეფექტური არ არის, კვების რაციონის მეშვეობით უჯრედების მეტაბოლური „დაპროგრამება“ მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

კეტონები ორგანიზმში მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გლუკოზის მარაგი იწურება მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის ან კალორიული დეფიციტის დროს. ექსპერიმენტულ მოდელებში კალორიულად შეზღუდულ კვებაზე მყოფ თაგვებს კეტონების მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებოდათ, რასაც T-უჯრედები სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობის გასაძლიერებლად იყენებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ პროცესის შედეგად იმუნურ უჯრედებში მკვეთრად იზრდება მიტოქონდრიული აქტივობა, რაც ენერგიის მობილიზებასა და ხანგრძლივი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

საინტერესოა, რომ კეტონების მოხმარება როგორც იმუნურ, ისე სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ. შესაბამისად გაჩნდა კითხვაც: ხომ არ შეუწყობდა  ხელს კვების რაციონის შეცვლა თავად სიმსივნის ზრდას? კვლევის თანახმად T-უჯრედების მიერ მიღებული მეტაბოლური უპირატესობა და გაზრდილი ეფექტურობა ბევრად აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

ამ მონაცემების საფუძველზე სავარაუდოა რომ კვების სპეციფიკური სტრატეგიებისა და იმუნური საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების კომბინირებამ, შესაძლოა, რადიკალურად გააუმჯობესოს იმ პაციენტების მკურნალობის გამოსავალი, რომლებიც მხოლოდ მედიკამენტურ თერაპიაზე არ რეაგირებენ.

თუმცა, მკვლევრები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ: კალორიების შეზღუდვა არ წარმოადგენს კიბოსგან განკურნების პირდაპირ გზას და ის ყველა პაციენტისთვის შესაფერისი ვერ იქნება. ონკოლოგიური პაციენტები ხშირად განიცდიან მადის დაკარგვასა და წონის კლინიკურად მნიშვნელოვან კლებას. აქედან გამომდინარე აუცილებელია დამატებითი კლინიკური კვლევები, რათა დადგინდეს ამ მეთოდის გამოყენების ყველაზე უსაფრთხო და ოპტიმალური ფორმები.

Van Andel-ის ინსტიტუტის სამეცნიერო გუნდი ამჟამად კვებისა და შიმშილის სხვადასხვა რეჟიმის კომბინირებულ გავლენას შეისწავლის. მათი პრიორიტეტი კლინიკური კვლევების ჩატარება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინდივიდუალურად ადაპტირებული კვების გაიდლაინების შემუშავებაა. 

წყარო: Van Andel Institute, nature



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები