ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა (UCL) და ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 10 წლის ასაკში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები აღენიშნებოდათ, შუა ხნის ასაკში ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესების მეტი რისკი აქვთ.
ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური კვლევაა. მეცნიერებმა 1970 წელს დაბადებული 10,000-ზე მეტი ბრიტანელის მონაცემები დაბადებიდან 46 წლამდე გააანალიზეს.
კვლევამ ბავშვობისდროინდელ სიმპტომებსა და შუა ხნის ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირი გამოკვეთა. კერძოდ, იმ ადამიანების 42%-ს, რომლებსაც 10 წლის ასაკში ADHD-ის გამოკვეთილი ნიშნები აღენიშნებოდათ, 46 წლისთვის უკვე ორი ან მეტი ქრონიკული დაავადება ჰქონდათ.
მათ შორის პაციენტებში ისეთი სერიოზული დიაგნოზები დაფიქსირდა, როგორიცაა, მაგალითად, შაკიკი, ზურგის ქრონიკული პრობლემები, ეპილეფსია, დიაბეტი და კიბოც კი. შედარებისთვის, იმ პირებში, რომლებთაც ბავშვობაში ADHD-ის ნიშნები არ ჰქონიათ, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალია და 37%-ს შეადგენს.
გარდა კონკრეტული დაავადებებისა, ბავშვობისდროინდელი ADHD-ის ნიშნები ზრდასრულ ასაკში ადამიანის ფუნქციონირების უნარზეც ახდენს გავლენას. კვლევის მიხედვით, 46 წლის ასაკში ასეთი ადამიანები უფრო ხშირად საუბრობენ ფიზიკური ჯანმრთელობით გამოწვეულ შეზღუდვებზე, რაც ხელს უშლით მუშაობასა თუ ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში. საინტერესოა, რომ ბავშვობის სიმპტომებსა და გვიანდელ ფიზიკურ დისაბილიტაციას შორის ეს კავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ ქალების შემთხვევაში გამოიკვეთა.
მეცნიერები ჯანმრთელობის გაუარესების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, რომლებიც ხშირად ADHD-ს თან ახლავს . პირველ რიგში, ეს არის მენტალური ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები, რაც, თავის მხრივ, ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება.
ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების წესი: სტატისტიკურად, ADHD-ის მქონე პირებში უფრო ხშირია თამბაქოს მოხმარება და სხეულის მასის მაღალი ინდექსი (BMI). ეს ფაქტორები, სოციალურ იზოლაციასა და სამედიცინო სერვისებზე შეზღუდულ წვდომასთან ერთად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების კომპლექსურ რისკს ქმნის.
კვლევა ხაზს ადრეული სამედიცინო ინტერვენციისა და კომპლექსური მიდგომის მნიშვნელობას უსვამს. თუკი ყურადღება გამახვილდება არა მხოლოდ ADHD-ის სიმპტომებზე, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სოციალურ მხარდაჭერაზე, შესაძლებელი გახდება შუა ხნის ასაკში ქრონიკული დაავადებების რისკის მკვეთრი შემცირება.
წყარო: JAMA

