ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა უმსხვილესმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ The Lancet Child and Adolescent Health-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ COVID-19-ის ინფექცია ბავშვებსა და ახალგაზრდებში გულისა და ანთებითი გართულებების უფრო ხანგრძლივ და მაღალ რისკებს იწვევს, ვიდრე ვაქცინაცია.
კვლევა, რომელმაც 18 წლამდე ასაკის თითქმის 14 მილიონი ბავშვის ელექტრონული ჯანმრთელობის ჩანაწერები გააანალიზა, ამ მოსახლეობაზე ჩატარებული უმსხვილესი კვლევაა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის დიაგნოზის შემდეგ იშვიათი გართულებების (როგორიცაა მიოკარდიტი, პერიკარდიტი და თრომბოზი) რისკები მაღალი იყო პირველ ოთხ კვირაში, ხოლო რამდენიმე მდგომარეობისთვის, გაზრდილი რისკი ნარჩუნდებოდა 12 თვემდე იმ ბავშვებთან შედარებით, ვისაც ვირუსი არ ჰქონიათ.
ინფექციისგან განსხვავებით, COVID-19-ის ვაქცინაციის (Pfizer–BioNTech) შემდეგ დაფიქსირდა მხოლოდ მოკლევადიანი გაზრდილი რისკი მიოკარდიტისა და პერიკარდიტის განვითარების კუთხით, რომელიც ვლინდებოდა პირველ ოთხ კვირაში და ამის შემდეგ რისკი საწყის დონეს უბრუნდებოდა.
კვლევის მიხედვით დადგინდა:
- COVID-19 ინფექციამ გამოიწვია 2.24 დამატებითი შემთხვევა მიოკარდიტისა და პერიკარდიტის 100 000 ბავშვზე.
- COVID-19 ვაქცინაციამ გამოიწვია მხოლოდ 0.85 დამატებითი შემთხვევა 100 000 ბავშვზე.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები ხელს შეუწყობს ოჯახებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება ინფექციისა და ვაქცინაციის რისკების შედარების საფუძველზე.
წყარო: The Lancet

