მეიოს კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური საშუალება, რომელსაც შეუძლია ალცჰაიმერთან დაკავშირებული მეხსიერების პრობლემების განვითარების რისკის შეფასება სიმპტომებამდე წლებით ადრე.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ The Lancet Neurology-ში, ეყრდნობა მეიოს კლინიკის დაბერების კვლევის (Mayo Clinic Study of Aging) მონაცემებს. აღნიშნული მსოფლიოში ტვინის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი გამოკვლევაა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, განუვითარდეთ დემენცია ან მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება (MCI). მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება არის გარდამავალი ეტაპი, რომელიც ჯანსაღ დაბერებასა და დემენციას შორის დგას.

ამ რისკის ქვეშ არიან ასევე ის მამაკაცები და ქალები, რომლებსაც აქვთ გენეტიკური ვარიანტი APOE4. გენი APOE, რომელიც აკოდირებს ცილას (აპოლიპოპროტეინ E) და მონაწილეობს ტვინში ცხიმების და, შესაბამისად, ქოლესტერინის ტრანსპორტირებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნეირონებისთვის.
APOE გენის ნორმალურ APOE3 ვარიანტთან შედარებით, APOE4 ვარიანტი ალცჰაიმერის ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, რომელიც ერთი ასლის არსებობის შემთხვევაში დაავადების განვითარების რისკს 2-3-ჯერ, ხოლო ორი ასლის შემთხვევაში 12-ჯერ ზრდის და გენის ეს ვარიანტი ხელს უწყობს ტვინში ამილოიდის ფოლაქების დაგროვებას.
ალცჰაიმერის პროგნოზირების ახალი მოდელი აერთიანებს რამდენიმე ფაქტორს: ასაკს, სქესს, გენეტიკურ რისკს და ტვინში ამილოიდის დონეს (PET სკანირებით), რათა გამოთვალოს ალბათობა მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების (MCI) ან დემენციის განვითარების მომდევნო 10 წლის ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ალცჰაიმერის განვითარების რისკის ამგვარი შეფასება მომავალში დაეხმარება პაციენტებსა და მათ ექიმებს, მიიღონ გადაწყვეტილება თერაპიის დაწყების ან ცხოვრების წესის ცვლილებების შესახებ, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს სიმპტომების გამოვლენა. ხსენებული მიდგომა მსგავსია იმისა, თუ როგორ გამოიყენება ქოლესტერინის დონე გულის შეტევის რისკის პროგნოზირებისთვის.
კვლევის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ეყრდნობა მეიოს კლინიკის დაბერების კვლევის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც ათასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინსტრუმენტი ამჟამად კვლევითი მიზნებისთვის გამოიყენება, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო პერსონალიზებული მკურნალობისკენ. სამომავლო ვერსიებში შესაძლოა ჩართული იყოს სისხლის ანალიზზე დაფუძნებული ბიომარკერებიც.
წყარო: The Lancet

