ბრიტანელი მეცნიერების უახლესი კვლევის თანახმად, ხელოვნებითა და კულტურით დაინტერესება ადამიანის ბიოლოგიური დაბერების პროცესს ანელებს. აღმოჩნდა, რომ სიმღერა, ხატვა ან მუზეუმებსა და გალერეებში სიარული ჯანმრთელობაზე იმდენად დადებითად მოქმედებს, რომ ის ორგანიზმის ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ხელოვნებაში ჩართულობა ფიზიკური ვარჯიშის მსგავს, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ქცევად უნდა ჩაითვალოს.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბიოლოგიური დაბერების შენელება პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ხშირად ერთვება ადამიანი კრეატიულ აქტივობებში. მართალია, შენელებული დაბერება ავტომატურად სიცოცხლის გახანგრძლივებას არ ნიშნავს, თუმცა კვლევაში გამოყენებული მეთოდები სამომავლო დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკებს საკმაოდ ზუსტად წინასწარმეტყველებს.
მონაცემები აჩვენებს, რომ რაც უფრო აქტიურია ადამიანი კულტურული თვალსაზრისით, მით უკეთესია შედეგი. მაგალითად, იმ ადამიანების ბიოლოგიური დაბერების ტემპი, რომლებიც ხელოვნებასთან დაკავშირებულ აქტივობებში კვირაში ერთხელ მაინც ერთვებოდნენ, 4%-ით შენელდა, ხოლო თვეში ერთხელ ჩართულობამ ეს პროცესი 3%-ით შეამცირა. მეტიც, გამოთვლებმა აჩვენა, რომ კვირაში ერთხელ ხელოვნებით დაკავებული ადამიანები ბიოლოგიურად საშუალოდ ერთი წლით უფრო ახალგაზრდები იყვნენ თავიანთ პასიურ თანატოლებთან შედარებით. საინტერესოა, რომ კვირაში ერთხელ ფიზიკური ვარჯიში ადამიანს მხოლოდ ექვსი თვით აახალგაზრდავებდა ამ მხრივ პასიურ თანატოლებთან შედარებით.
მეცნიერების განმარტებით, ხელოვნების გავლენა დაბერების ტემპზე იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის მწეველებსა და თამბაქოსთვის თავის დამნებებელ ადამიანებს შორის არსებულ სხვაობას უტოლდება. უკვე მეცნიერულად მტკიცდება, რომ კულტურული აქტივობები, ფიზიკური დატვირთვის მსგავსად, ამცირებს სტრესს, აცხრობს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.
ჟურნალ Innovation in Aging-ში გამოქვეყნებული ეს შედეგები 3,500-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის სისხლის ანალიზებსა და გამოკითხვებს ემყარება. სისხლის ნიმუშების გამოყენებით მკვლევრებმა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი და დაბერების ტემპი გამოთვალეს. გამოკითხვა კი მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ხატავდნენ, იღებდნენ ფოტოებს ან სტუმრობდნენ ისტორიულ ძეგლებს, გამოფენებსა თუ მუზეუმებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამედიცინო სფერო ხელოვნების თერაპიულ თვისებებზე საუბრობს. ჯერ კიდევ 2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ოპერაციის წინ მუსიკის მოსმენისა და დემენციის მქონე პაციენტებისთვის არტ-თერაპიის დადებით ეფექტებს უსვამდა ხაზს. თუმცა, ახალი კვლევა პირველია, რომელმაც ეს გავლენა ბიოლოგიურ დონეზე დაადასტურა, განსაკუთრებით კი შუახნის დასაწყისსა და 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, რომლებმაც კულტურული ჩართულობით ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს.
წყარო: The Guardian

