ლიეტუვურმა რობოსამედიცინო პლატფორმამ Sentante-მ ევროპული ბაზრის ავტორიზაცია მოიპოვა.

გააზიარე

სამედიცინო ტექნოლოგიების ლიეტუვურმა სტარტაპმა Sentante-მ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია: კომპანიის ენდოვასკულარულმა რობოტულმა პლატფორმამ ევროპული ბაზრისთვის CE მარკირების (CE Mark) ავტორიზაცია მოიპოვა. ეს ლიცენზია ნიშნავს, რომ მოწყობილობამ წარმატებით გაიარა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ყველა მკაცრი რეგულაცია და კვლევისა და განვითარების ფაზიდან ოფიციალურად გადადის კომერციალიზაციის ეტაპზე. ევროპის მასშტაბით საავადმყოფოებსა და კლინიკებში ამ პლატფორმის დანერგვა რევოლუციურ ცვლილებებს მოიტანს გულ-სისხლძარღვთა და ნეიროვასკულარული დაავადებების მკურნალობაში.

რას წარმოადგენს Sentante-ს რობოტი?

Sentante-ს სისტემა მოწყობილობაზე დამოუკიდებელი (device-agnostic) ღია პლატფორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია იმუშაოს მედიცინაში უკვე არსებულ სტანდარტულ კათეტერებსა და გამტარ მავთულებთან (guidewires) ერთად.

ტრადიციული რობოტული ქირურგიული სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯოისტიკებით იმართება, Sentante ინოვაციურ ჰაპტიკურ ტექნოლოგიას (haptic feedback) იყენებს. ექიმი სპეციალური მართვის პანელიდან აკეთებს ზუსტად იმავე მოძრაობებს, რასაც პაციენტის საოპერაციო მაგიდასთან გააკეთებდა, რობოტი კი რეალურ დროში იმეორებს მათ. რაც მთავარია, სისტემა ქირურგის თითის ბალიშებს გადასცემს სრულ ტაქტილურ (შეხებით) შეგრძნებას და წინააღმდეგობის ძალას, რაც ექიმს უსაფრთხოებისა და მაქსიმალური კონტროლის განცდას უქმნის.

თითქოს ამგვარი ტექნოლოგია უკვე არსებობდა, რატომ არის ეს გარდამტეხი მომენტი მედიცინაში?

ენდოვასკულარული ოპერაციები, მაგალითად, ინსულტის დროს ტრომბის მოცილება ან ანგიოპლასტიკა, დროზე დამოკიდებული კრიტიკული პროცედურებია. იშემიური ინსულტის დროს ყოველ დაკარგულ წუთში ტვინის ორ მილიონამდე ნეირონი კვდება.

დღეს არსებული ტრადიციული პრაქტიკა სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება. პირველი გამოწვევა გეოგრაფიული უთანასწორობაა, რადგან მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგების უმრავლესობა დიდ, სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრებში მუშაობს, რეგიონებში მცხოვრები პაციენტების ტრანსპორტირება კი ხშირად ძვირფას დროს კარგავს. მეორე სერიოზული პრობლემა რადიაციული დასხივებაა, რომლის ქვეშაც ექიმები საათობით დგანან მძიმე ტყვიის წინსაფრებით, რაც წლების განმავლობაში მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ამას ემატება ფიზიკური გადაღლაც, რაც ხანგრძლივი მუშაობისას ქირურგებში ხერხემლისა და სახსრების პრობლემებს იწვევს.

Sentante-ს ინოვაციური გადაწყვეტა ამ გამოწვევებს სრულად პასუხობს. რობოტი საოპერაციოში პაციენტის საწოლთან თავსდება, ხოლო ქირურგი ოპერაციას სრულიად რადიაციულად უსაფრთხო, დაცული ოთახიდან  ან სულაც სხვა ქალაქიდან და კონტინენტიდან მართავს.  მის სხვა ტექნოლოგიურ ანალოგებისგან განსხვავებით მას ნებისმიერი ზომისა თუ კომპანიის ისნტრუმენტით, ზონდითა თუ კათეტრით შეუძლია ოპერირება, რაც კლინიკებში არსებულ მრავალ კომერციულ ლიმიტს ხსნის. 

მსოფლიო მიღწევები და აშშ-ის ბაზარზე გასვლის გეგმები

CE მარკირების მიღებამდე ლიეტუვურმა Sentante-მ რამდენიმე შთამბეჭდავი ისტორიული ეტაპი გაიარა. 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა წარმატებული ტრანსატლანტიკური ოპერაცია კადავერზე. დანდის უნივერსიტეტში განთავსებულ სპეციალურ ანატომიურ მოდელზე ოპერაცია ნეიროქირურგმა რიკარდო ჰანელმა შეასრულა, რომელიც ფლორიდიდან, 4000 მილის დაშორებით მართავდა რობოტს. Nvidia-სა და Ericsson-ის 5G ტექნოლოგიების მხარდაჭერით, სიგნალის დაგვიანება სულ რაღაც 120 მილიწამი იყო.

მოგვიანებით, 2025 წლის დეკემბერში, პარიზში 24 ოპერაცია ჩატარდა ცოცხალ ცხოველურ მოდელებზე. რობოტის მართვა ევროპისა და აშშ-ის სამი სხვადასხვა წერტილიდან ხდებოდა, ხოლო კონტროლის გადაბარებას ერთი ქვეყნიდან მეორეში ერთ წუთზე ნაკლები დასჭირდა.

საერთაშორისო აღიარების პარალელურად, კომპანია აქტიურად იკიდებს ფეხს ამერიკის ბაზარზეც. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) Sentante-ს სისტემას მიანიჭა “Breakthrough Device Designation” (ინოვაციური მოწყობილობის სტატუსი) და ჩართო სპეციალურ TAP პროგრამაში, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამერიკაში ადამიანებზე კლინიკური კვლევების დაწყებასა და საბოლოო ლიცენზირებას.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ევროპული ავტორიზაციის მიღების შემდეგ, Sentante-ს მენეჯმენტი, აღმასრულებელი დირექტორის, ედვარდას სატკაუსკასის ხელმძღვანელობით, ყურადღებას გადაიტანს ევროპის საავადმყოფოებში აპარატების პირველად განთავსებაზე, ექიმების გადამზადებასა და კომერციული ქსელის გაფართოებაზე.

პარალელურად, კომპანიამ ახლახან წარადგინა თავისი ახალი პროდუქტი, სახელად ციფრული ინდეფლატორი (Digital Indeflator), რომელიც ენდოვასკულარული პროცედურების დროს, მაგალითად სტენტირებისას, წნევის ზუსტ კონტროლს უზრუნველყოფს და კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის მათ რობოტულ ეკოსისტემას.

medtechdive

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები