სიმსუქნის განახლებული განსაზღვრება ხელს უწყობს დიაგნოსტიკისა და თერაპიის ოპტიმიზაციას

გააზიარე

სიმსუქნის დიაგნოსტიკა ტრადიციულად ემყარებოდა სხეულის მასის ინდექსის (BMI) შეფასებას, რაც წარმოადგენს წონისა და სიმაღლის მარტივ შეფარდებას. თუმცა, BMI დამოუკიდებლად ვერ ასახავს ჭარბი გაცხიმოვნების კომპლექსურობას და მასთან ასოცირებულ მეტაბოლურ რისკებს.

ჟურნალ The Lancet Diabetes & Endocrinology-ში გამოქვეყნებული უახლესი საერთაშორისო კონსენსუსის გაიდლაინი გვთავაზობს სიმსუქნის განახლებულ დეფინიციას, რომელიც აერთიანებს მრავალ ანთროპომეტრულ (ადამიანის მთელი სხეულის, მისი ცალკეული ნაწილების გაზომვა/აღწერა და მათი ცვალებადობის რაოდენობრივი დახასიათება) მაჩვენებელს და სხეულის ცხიმოვანი მასის ადეკვატურ შეფასებას. ეს პარადიგმული ცვლილება არის მნიშვნელოვანი მიღწევა სიმსუქნის კლინიკური შეფასებისა და მართვის სტრატეგიების კუთხით.

განახლებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

განახლებული კლასიფიკაციის თანახმად, სიმსუქნის დიაგნოზი ისმება, თუ პაციენტი აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ რომელიმე კრიტერიუმს:

მომატებული BMI + მინიმუმ ერთი ანთროპომეტრული მაჩვენებელი, მაგალითად, წელის გარშემოწერილობა, წელ-თეძოს შეფარდება (Waist-to-Hip Ratio) ან წელ-სიმაღლის შეფარდება; ან BMI>40 

ორი ან მეტი ანთროპომეტრული ინდიკატორის ელევაცია, მაშინაც კი, თუ BMI ნორმის ფარგლებშია.

ჭარბი ადიპოზურობა (Excess Body Fat), რომელიც ობიექტურად არის დადასტურებული რადიოლოგიური ვიზუალიზაციის მეთოდებით, მაგალითად, ორმაგი ენერგიის X-სხივური აბსორფციომეტრიით (DXA).

სიმსუქნის კატეგორიზაცია

ახალი გაიდლაინები სიმსუქნეს ორ კატეგორიად ანაწილებს:

კლინიკური სიმსუქნე: ჭარბი ცხიმოვანი მასის არსებობა + მინიმუმ ერთი სიმსუქნესთან ასოცირებული ორგანული დისფუნქცია ან ფიზიკური შეზღუდვა.

პრეკლინიკური სიმსუქნე: ჭარბი გაცხიმოვნება ორგანოს დაზიანების გარეშე, თუმცა ის ზრდის მომავალი კარდიომეტაბოლური რისკების განვითარების ალბათობას.

აღნიშნული დაყოფა ხელს უწყობს პაციენტთა რისკის დონის მიხედვით განაწილებას: მაღალი რისკის მქონე ინდივიდები დაუყოვნებლივ ინტერვენციას საჭიროებენ, ხოლო დაბალი რისკის ჯგუფის მართვა შესაძლებელია კონსერვატიული მეთოდებით, როგორიცაა ცხოვრების წესის ცვლილება.

BMI, ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტი, ვერ განასხვავებს ცხიმოვან და არაცხიმოვან ქსოვილს, ამასთანავე არ ითვალისწინებს ცხიმის დისტრიბუციას, განსაკუთრებით კი აბდომინალური ცხიმის როლს, რომელიც მჭიდრო კავშირშია მეტაბოლურ პათოლოგიებთან. ახალი კრიტერიუმები ავსებს ამ ხარვეზს წელის გარშემოწერილობის გაზომვისა და სხეულის ცხიმის ობიექტური შეფასების დამატებით. 

ახალი დეფინიციის გამოყენებამ აშშ-ის დიდ პოპულაციურ კვლევაში (All of Us [AoU] study) გამოავლინა სიმსუქნის პრევალენტობის არსებითი მატება: ტრადიციული BMI კრიტერიუმით 43%-დან, ახალი დეფინიციით 69%-მდე. ეს ზრდა იმ პოპულაციის ხარჯზე დაფიქსირდა, რომელიც BMI-ს მიხედვით ნორმის დიაპაზონში ჯდებოდა, თუმცა ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის (განსაკუთრებით ცენტრალური განაწილების) გამო, მათ კარდიომეტაბოლური გართულებების მომატებული რისკი აქვთ.

წყარო: JAMA

სიმსუქნის ფენოტიპები და რისკები

AoU კვლევის ანალიზმა სიმსუქნის ფენოტიპები დაყო შემდეგ კატეგორიებად:

BMI + ანთროპომეტრული სიმსუქნე: მომატებული BMI + მომატებული წელის გარშემოწერილობა ან მასთან დაკავშირებული ინდიკატორები.

მხოლოდ ანთროპომეტრული სიმსუქნე: BMI ნორმის ფარგლებში, მაგრამ მომატებული წელის გარშემოწერილობა ან სხვა ანთროპომეტრული მაჩვენებლები.

ინდივიდებს, რომელთაც ორივე მაჩვენებელი მომატებული ჰქონდათ (BMI + ანთროპომეტრული), აღენიშნებოდათ კლინიკური სიმსუქნისა და ორგანული დისფუნქციის უფრო მაღალი სიხშირე, ვიდრე მხოლოდ ანთროპომეტრული სიმსუქნის მქონეებს. მიუხედავად ამისა, მათაც კი, ვისაც ნორმალური BMI ჰქონდათ, მაგრამ მომატებული ანთროპომეტრული მარკერები, გააჩნდათ დიაბეტის, კარდიოვასკულური გართულებებისა და საერთო სიკვდილიანობის (All-cause Mortality) მომატებული რისკი.

წყარო: JAMA

ეს დასკვნები ცხადყოფს, რომ BMI-ზე ფოკუსირებული ტრადიციული მიდგომები უგულებელყოფს რისკის ქვეშ მყოფ მნიშვნელოვან პოპულაციას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებს და გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს (მაგ. აზიელები), რომლებსაც ხშირად აქვთ ვისცერული ცხიმის მომატებული დაგროვება დაბალი BMI-ის მიუხედავად. ეს ხაზს უსვამს პერსონალიზებული სკრინინგისა და თერაპიული ინტერვენციული სტრატეგიების საჭიროებას.

წყარო: JAMA



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები