რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ცნობილი კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე?

გააზიარე

დასავლეთ საქართველოს „გულის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ცნობილი კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მრავალწლიანი ევროპული გამოცდილების მქონე ექიმს, რომელიც 2014 წლიდან ქუთაისში მოღვაწეობდა, კლინიკამ ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

ნიკოლოზ ვაშაყმაძემ სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კელნის უნივერსიტეტში მიიღო. კარდიოქირურგიის სრული დიპლომისშემდგომი განათლება გერმანიის წამყვან კლინიკებში გაიარა და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან დასავლეთ საქართველოს გულის ცენტრის უფროსის პოზიცია დაიკავა და ასევე აქტიურად ჩაერთო ქვეყნის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.

გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ექიმმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან მომხდარი მოვლენები შეაფასა. ვაშაყმაძის განცხადებით, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი გახდა მისი ბრძოლა კლინიკაში გამეფებული ნეპოტიზმისა და „ცეხავიკობის“ წინააღმდეგ, რის გამოც, მისი თქმით, მანამდე სამსახური დაკარგეს სხვა კვალიფიციურმა კოლეგებმაც. 

ოფიციალურ მიზეზად კი მას გართულებული კომუნიკაცია კლინიკის ადმინისტრაციასთან და ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანის მიყენება დაუსახელეს.

ექიმის მტკიცებით, უკანასკნელი შეხვედრისას მას შესთავაზეს, ხელი მოეწერა ხელშეკრულების შეწყვეტაზე და მიეღო კომპენსაცია, რის სანაცვლოდ ხმა არ უნდა ამოეღო. ვაშაყმაძემ შეურაცხმყოფელად მიიჩნია ეს შეთავაზება და უარი განაცხადა.

ვაშაყმაძის გათავისუფლებას საზოგადოების მხრიდან რეზონანსი მოჰყვა. კარდიოქირურგის თქმით, სოლიდარობის ნიშნად, ერთ-ერთმა კოლეგამ, რამაზ ზოსიაშვილმა, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც სამართალდამცავებმა ის დააკავეს.

“დღეს იყო ის ბოლო წერტილი, რამაც გადამაწყვეტინა წავსულიყავი წინააღმდეგობაზე ამ ხელისუფლებასთან, ის რომ ნიკა ვაშაყმაძე გაათავისუფლეს კარდიოლოგიის სამსახურის უფროსობიდან, ეს იყო ბოლო წვეთი, რადგან ის ინტელექტუალური ფანჯარა, რაც ევროპიდან და დასავლური მედიცინიდან მოგვდის ისიც მალე დაიხურება,“ – განაცხადა რამაზ ზოსიაშვილმა დაკავებამდე.

ამასთან, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამ ღიად გამოუცხადა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა კარდიოქირურგ ნიკოლოზ ვაშაყმაძეს. კარდიოლოგთა  საზოგადოება მიმართავს დამსაქმებელს და ითხოვს განმარტებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით

ვაშაყმაძის გათავისუფლებას ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურულიც გამოეხმაურა, მისი თქმით, “ნიკა ვაშაყმაძე არამარტო გამორჩეული პროფესიონალია, არამედ გამორჩეული მოქალაქე და პიროვნებაა; გამორჩეული მოქალაქეები კი საშიში ხალხია. მათ თავიანთი აზრები აქვთ, თავისუფლად ფიქრი და თავისუფლად საუბარი შეუძლიათ და ამ უფლებებისთვის პრინციპულად ბრძოლაზე უარს არ იტყვიან.” 

ნიკოლოზ ვაშაყმაძეს მხარდაჭერას სტუდენტებიც უცხადებენ. სოციალურ ქსელში გიორგი ქართლელიშვილი მადლიერებას გამოხატავს ნიკოლოზ ვაშაყმაძის მიმართ, როგორც მისი მენტორის, და აღნიშნავს, რომ სწორედ მისი წყალობით არის ის დღეს რეზიდენტი. მისი აზრით, ვაშაყმაძის სამსახურიდან გათავისუფლება “ყველასთვის მოულოდნელი” იყო და “დიდ გაურკვევლობას” იწვევს.

წყარო: FB: Nika Vashakmadze

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები