„მაშველი ჩახუტება“ — როგორ შეცვალა ტყუპების ისტორიამ მათი მოვლის შესახებ სამედიცინო შეხედულებები

გააზიარე

1995 წლის 17 ოქტომბერს, მასაჩუსეტსის შტატში, 12 კვირით ადრე დაბადებული ტყუპი დების, ბრიელ და კაირი ჯექსონების (Brielle and Kyrie Jackson) ისტორია სამედიცინო პრაქტიკის შეცვლისა და ადამიანური შეხების უნიკალური ძალის სიმბოლოდ იქცა.

ტყუპი დები, კაირი და ბრიელ ჯექსონები ვადაზე 12 კვირით ადრე დაიბადნენ. თითოეული ჩვილი სულ რაღაც 1 კილოგრამამდე (2 ფუნტს) იწონიდა. მაშინდელი სტანდარტული პროტოკოლით, ინფექციის რისკის შესამცირებლად, დღენაკლული ტყუპები ცალ-ცალკე ინკუბატორებში განათავსეს.

კაირი დასთან შედარებით, დაახლოებით, 85 გრამით მეტს იწონიდა, რაც დღენაკლულ ჩვილებში იმ მომენტისთვის საგრძნობ უპირატესობას ქმნიდა — იგი შედარებით სტაბილურად ვითარდებოდა და წონაშიც იმატებდა. თუმცა ბრიელის მდგომარეობა დაბადებიდან თითქმის ერთ თვეში მკვეთრად გაუარესდა. ჩვილს სუნთქვის მწვავე უკმარისობა დაეწყო, სისხლში ჟანგბადის დონე კრიტიკულად დაეცა, გულისცემა აუჩქარდა, კანის ფერი კი მოლურჯო-მონაცრისფრო გაუხდა.

ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანმა, გეილ კასპარიანმა (Gayle Kasparian), ყველა სტანდარტული მეთოდი სცადა: ჩვილს ჟანგბადის მიწოდება გაუზარდა, სასუნთქი გზები გაუსუფთავა, ხელში დაიკავა და მამასაც დააკავებინა, თუმცა უშედეგოდ.

ამაო მცდელობების შემდეგ ექთანს გაახსენდა ევროპული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, დღენაკლულ ტყუპებს ერთ ინკუბატორში ათავსებდნენ. იმ პერიოდში აშშ-ში უკვე გამოიყენებოდა „კენგურუს მეთოდი“ (კანით კანთან კონტაქტი მშობელსა და ჩვილს შორის), თუმცა ჩვილსა და ჩვილს შორის (baby-to-baby) ამგვარი კონტაქტი და ერთ ინკუბატორში მოთავსება ამერიკულ კლინიკებში მანამდე არ განორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საავადმყოფოს შინაგანაწესს ეწინააღმდეგებოდა, მშობლების თანხმობით, ექთანმა ბრიელი კაირის ინკუბატორში გადაიყვანა.

ინკუბატორში მოთავსებისთანავე ტყუპები ერთმანეთს მიეკრნენ. ჩვილის ტირილი და სპაზმური სლუკუნი მყისიერად შეწყდა და რამდენიმე წუთში ბრიელის ყველა ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებელი: სისხლში ჟანგბადის დონე, სუნთქვა, გულისცემა და ტემპერატურა — დასტაბილურდა.

ადგილობრივი გაზეთის Worcester Telegram & Gazette-ის ფოტოგრაფის, კრის კრისტოს მიერ გადაღებულმა კადრმა, სახელწოდებით „The Rescuing Hug“ („მაშველი ჩახუტება“), მსოფლიო მოიარა და დაიბეჭდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა: Life და Reader’s Digest.

ორივე გოგონა სრულიად ჯანმრთელი გაეწერა საავადმყოფოდან. დღეს ისინი 31 წლის არიან, ისევ ერთმანეთთან ახლოს და ხალისით იხსენებენ ისტორიას, რომელმაც დღენაკლული ტყუპების ერთად განთავსების მიმართ სამედიცინო ინტერესი გაზარდა და ამ მიდგომის სარგებლის შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარებას შეუწყო ხელი.

წყარო: wellsprings

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები