ირკუტსკის ოლქში 28 წლის ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებამ საერთაშორისო მედიისა და ეპიდემიოლოგების განგაში გამოიწვია. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ინფექციის რეალურ მასშტაბებს ასაიდუმლოებს და ვითარება ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების სცენარს ემსგავსება. ამჟამად 189 ადამიანი მკაცრ იზოლაციაშია.
ოფიციალური ვერსიით, დარია შიპილოვა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორატორიაში სინჯარის შემთხვევით გატეხვის შედეგად დაინფიცირდა. მაგრამ, აშშ-ში მოღვაწე ცნობილი რუსი ეპიდემიოლოგი, მიხეილ ფავოროვი ამ ვერსიას „სასაცილოს“ უწოდებს, რადგან მსგავს დაწესებულებებში პერსონალი უმაღლესი დონის დამცავი აღჭურვილობით მუშაობს. ექსპერტის განცხადებით, ტრაგედიის რეალური მიზეზი, სავარაუდოდ, საბედისწერო სამედიცინო შეცდომაა: სუნთქვის გაძნელების გამო, ახალგაზრდა ქალი შეცდომით კოვიდპაციენტად მიიჩნიეს და ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ისე შეაერთეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტიბიოტიკები არ მიუციათ. ფავოროვის თქმით, ეს ფაქტი კატასტროფულია, რადგან ვენტილატორიდან პათოგენის ჰაერში გაფრქვევამ შესაძლოა საავადმყოფოში უამრავი სხვა ადამიანი დააინფიციროს.
ეჭვებს აძლიერებს რუსი მაღალჩინოსნების ქმედებებიც. ინციდენტის ადგილზე მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩაფრინდა ქვეყნის მთავარი სანიტარიული ექიმი ანა პოპოვა, ადგილობრივი გუბერნატორი კი კონკრეტული დაავადების დასახელებას დღემდე გაურბის და მას მხოლოდ „საშიშ ინფექციად“ მოიხსენიებს. The Sun-ის ცნობით, ირკუტსკის აფთიაქებში ანტიბიოტიკების მარაგი უკვე ამოიწურა, მოსახლეობა კი პანიკაშია. იზოლირებული 189 პირიდან 114 ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული, 63 — მეორეში, ხოლო 12 უშუალოდ კვლევით ინსტიტუტში რჩება.
რამდენად რეალურია ახალი პანდემიის საფრთხე?
შვი ჭირი (შუა საუკუნეებში ცნობილი „შავი ჭირის“ ყველაზე აგრესიული ფორმა) ჰაერწვეთოვანი გზით — ხველითა და ცემინებით — მარტივად ვრცელდება. დაავადება უკიდურესად სწრაფად პროგრესირებს და მკურნალობის გარეშე ფაქტობრივად ყოველთვის ფატალურია.
მიუხედავად ამ მძიმე სურათისა, კლასიკური გაგებით გლობალური პანდემიის განვითარების ალბათობა დაბალია. კორონავირუსისგან განსხვავებით, ჭირი ბაქტერიული ინფექციაა და მისი შეჩერება დროული და სწორი ანტიბიოტიკოთერაპიით სავსებით შესაძლებელია. მაგრამ, თუ რუსეთის ჯანდაცვის სისტემა რეალურ სურათს მალავს და ინფიცირებულებს შესაბამისი პროტოკოლით (იზოლაცია და ანტიბიოტიკები) არ მკურნალობს, დაავადება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და მძიმე ლოკალურ, ან რეგიონულ ეპიდემიად გადაიქცეს. მოცემულ ეტაპზე მთავარი რისკ-ფაქტორი სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების გაუმჭვირვალობაა.

