ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტოობა და სოციალური იზოლაცია კიბოთი დაავადებულ პაციენტებში ზრდის როგორც ონკოლოგიური დაავადებით, ისე ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის რისკს. კვლევა, რომელიც ჟურნალ BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს ფსიქოსოციალური ფაქტორების მნიშვნელობას კიბოთი დაავადების დროს.
კანადაში, ინგლისში, ფინეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, იაპონიასა და აშშ-ში ჩატარებული 13 კვლევის გაერთიანებულმა ანალიზმა, რომელშიც 1.6 მილიონზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა (საშუალო ასაკი 63), შემდეგი მიგნებები გამოავლინა:
- მარტოობა დაკავშირებული იყო 34%-ით გაზრდილ რისკთან სიკვდილისა ნებისმიერი მიზეზით
- მარტოობა დაკავშირებული იყო ონკოლოგიური დაავადებით სიკვდილის 11%-ით გაზრდილ რისკთან
მკვლევრების განმარტებით, მარტოობა და სოციალური იზოლაცია კიბოზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული ბიოლოგიური თუ მკურნალობასთან დაკავშირებული ფაქტორებით, არამედ ურთიერთდაკავშირებული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი მექანიზმებით.
მაგალითად, ბიოლოგიურად, მარტოობით გამოწვეული სტრესი აზიანებს იმუნურ სისტემას და ზრდის ანთებით პროცესებს, რაც აჩქარებს დაავადების პროგრესირებას. ფსიქოსოციალურად, კიბოს მკურნალობას თან ახლავს იზოლაცია, რადგან ახლობლებს უჭირთ პაციენტის შიშების სრულად გაგება, მკურნალობის თვალსაჩინო გვერდითი ეფექტები სტიგმას ქმნის, ხოლო შფოთვა მარტოობის განცდას აღრმავებს.
ქცევითი თვალსაზრისით, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა, მაგალითად, დაღლილობა ან კოგნიტური პრობლემები, ზღუდავს სოციალურ აქტივობას, ხოლო მუდმივი სამედიცინო მკურნალობა ასუსტებს სოციალურ კავშირებს.
მიუხედავად მნიშვნელოვანი შედეგებისა, მკვლევრები მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ ამ მონაცემების შეფასებისას. ეს იმიტომ, რომ გაანალიზებული კვლევები იყო დაკვირვებითი (ანუ, მხოლოდ აკვირდებოდნენ კავშირს და არ ამოწმებდნენ მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთქმედებას, როგორც ექსპერიმენტში).
თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლევის ეს შედეგები თანხვედრაში მოდის ადრეულ კვლევებთან, რომლებიც ასევე აჩვენებდნენ, რომ ფსიქოლოგიური სტრესი უარყოფითად ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კვლევის შედეგად, მეცნიერები ასკვნიან: თუკი ეს მიგნებები დადასტურდება შემდგომი, უფრო ზუსტი მეთოდებით ჩატარებული კვლევებით, აუცილებელი გახდება ონკოლოგიურ მკურნალობაში რუტინულად დაინერგოს ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მიზნობრივი დახმარების პროგრამები.
ამასთან, მეცნიერები ხაზგასმით მიუთითებენ გლობალურ გამოწვევაზე: პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 35 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობა 18.5 მილიონამდე გაიზრდება, რაც ამ ფსიქოსოციალური ფაქტორების გათვალისწინებას კიდევ უფრო აქტუალურს გახდის.
წყარო: BMJ

