ბოლო პერიოდში ჩიკუნგუნიას ვირუსით (CHIKV) ინფიცირების შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ, განსაკუთრებით ამერიკაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეშფოთება გამოიწვია. ჯანმო აცხადებს, რომ ვირუსის გლობალური გავრცელების რისკი მაღალია და ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას მთელ მსოფლიოში. ვირუსი კოღოებით ვრცელდება, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ ის კიდევ ერთ გლობალურ გამოწვევად იქცეს – განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების პირობებში, რაც ხელს უწყობს მისი გადამტანების გავრცელებას ახალ გეოგრაფიულ არეალებში.
რა არის ჩიკუნგუნია და როგორ ვრცელდება?
ჩიკუნგუნია ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩიკუნგუნიას ვირუსით (CHIKV) არის გამოწვეული. ეს ვირუსი Alphavirus-ების გვარს მიეკუთვნება და ადამიანებში გადადის ინფიცირებული კოღოს ნაკბენით.
დაავადების სახელწოდება მომდინარეობს ტანზანიაში მცხოვრები მაკონდეს ხალხის ენიდან და ნიშნავს: „იმას, ვინც იხრება“. ეს სახელი პირდაპირ მიუთითებს ვირუსისთვის დამახასიათებელ მთავარ სიმპტომზე – ძლიერ და დამაინვალიდებელ სახსრების ტკივილზე, რაც პაციენტებს ხშირად მოხრას აიძულებს. ვირუსი პირველად 1952 წელს ტანზანიაში, აღმოსავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა.
ჩიკუნგუნია – გლობალური საფრთხე და ჯანმოს მოწოდება
ჩიკუნგუნია ისტორიულად ენდემური იყო აფრიკის, აზიისა და ინდოეთის სუბკონტინენტის რეგიონებში. თუმცა, ბოლო ათწლეულებში მისი გავრცელების არეალი საგრძნობლად გაფართოვდა, მოიცვა ევროპისა და განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტი. ჩიკუნგუნია არ არის ფართოდ ცნობილი დაავადება, თუმცა შემთხვევები უკვე 119 ქვეყანაშია დაფიქსირებული, რაც სულ მცირე 5.6 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს სერიოზული საფრთხის წინაშე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, დიანა როხას ალვარესის თქმით, ეს მონაცემი ნათლად აჩვენებს დაავადების გლობალურ მასშტაბს და მისი გავრცელების სწრაფად მზარდ ტენდენციას. 2023 წელს ამერიკის რეგიონში დაფიქსირდა დაავადების შემთხვევების უპრეცედენტო ზრდა, რაც ჯანმოსთვის საგანაგაშო გახდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, აქტიურან აწარმოონ ვირუსის გავრცელების მონიტორინგი, მოამზადონ ჯანდაცვის სისტემები პოტენციური ეპიდემიებისთვის და მიიღონ ეფექტური ზომები კოღოების პოპულაციის გასაკონტროლებლად.
სიმპტომები და მათი გავლენა პაციენტის ცხოვრების ხარისხზე
ჩიკუნგუნიას ინკუბაციური პერიოდი, როგორც წესი, 3-დან 7 დღემდეა.. ინფიცირებულთა უმეტესობას სიმპტომები უვითარდება, თუმცა დაავადება შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს.
ტიპიური სიმპტომები, რომლებიც სწრაფად ვითარდება, ასეთია:
უეცარი ცხელება: ტემპერატურა ხშირად აღწევს 39°C-ზე მეტს.
სახსრების ძლიერი ტკივილი: ეს არის დაავადების ყველაზე დამახასიათებელი და მტანჯველი ნიშანი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში, იწვევს ქრონიკულ ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას.
კუნთების ტკივილი.
ძლიერი თავის ტკივილი.
გულისრევა და ღებინება.
მძიმე დაღლილობა.
გამონაყარი კანზე (ხშირად მაკულოპაპულური).
მიუხედავად იმისა, რომ ჩიკუნგუნია იშვიათად სრულდება ფატალური შედეგით, ის მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს. მძიმე გართულებებს შორის შეიძლება იყოს ნევროლოგიური დაზიანებები (როგორიცაა ენცეფალიტი), ასევე გულ-სისხლძარღვთა და თვალის სერიოზული პრობლემები.
მკურნალობის მეთოდები და პრევენციის მნიშვნელობა
ამჟამად არ არსებობს ჩიკუნგუნიას ვირუსის სამკურნალო სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატი ან დამტკიცებული ვაქცინა. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და მოიცავს ტკივილგამაყუჩებლებისა და სიცხის დამწევების გამოყენებას, ასევე დასვენებას და სითხეების მიღებას დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენცია, რადგან ის ერთადერთი ეფექტური გზაა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. პრევენციული ზომები ძირითადად მიმართულია კოღოების კონტროლზე და ნაკბენებისგან თავის დაცვაზე.
ჩიკუნგუნიას ვირუსის გლობალური გავრცელება მიუთითებს, რომ ეს დაავადება სერიოზული გამოწვევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს კლიმატის ცვლილება და გაზრდილი მობილობა.
WHO-ს განცხადება:
World Health Organization (WHO). (n.d.). Chikungunya – Fact Sheets.
ScienceAlert. Outbreak of Chikungunya Virus Poses Global Risk, Warns WHO.

