მასშტაბური სამეცნიერო მიმოხილვა აჩვენებს, რომ პერიოდული შიმშილობა (იგივე ინტერმიტენტული შიმშილი) წონის კლების თვალსაზრისით ტრადიციულ დიეტებზე უკეთეს შედეგს არ იძლევა. მეტიც, კვლევის თანახმად, მისი ეფექტიანობა ზოგჯერ მინიმალურია იმ შემთხვევებთან შედარებითაც კი, როდესაც ადამიანი დიეტას საერთოდ არ იცავს.
მეცნიერებმა 22 გლობალური კვლევის მონაცემები გააანალიზეს, რომელშიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთის, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის 1,995 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. კვლევა მოიცავდა პერიოდული შიმშილობის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის პოპულარულ „5:2“ დიეტას.
კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, პერიოდული შიმშილობის დროს ადამიანებმა სხეულის მასის მხოლოდ 3% დაკარგეს, რაც მეცნიერების განმარტებით, კლინიკურად მნიშვნელოვან 5%-იან ზღვარზე ბევრად დაბალი მაჩვენებელია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ჭარბი წონის მქონე პირებმა ტრადიციული დიეტური რეკომენდაციების დაცვით ზუსტად იგივე შედეგი მიიღეს. გარდა ამისა, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ კვების ეს მეთოდი სხვა დიეტებთან შედარებით ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
სპეციალისტების განმარტებით, ცხოველებზე ჩატარებული ცდები აჩვენებს პერიოდული შიმშილობის პოტენციურ სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესება, ანთებითი პროცესების შემცირება და აუტოფაგიის გააქტიურება.
თუმცა, ადამიანების შემთხვევაში შედეგები ხშირად არაერთგვაროვანია. მიჩნეულია, რომ მოკლევადიანი შიმშილი (2 დღემდე) ორგანიზმზე მინიმალური გავლენის მქონეა, რადგან სისხლის ცილებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მხოლოდ 3-დღიანი სრული შიმშილის შემდეგ იწყება. გარდა ამისა, ამ რეჟიმის დროს ადამიანები ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები ხდებიან, რაც წონის კლების პროცესს კიდევ უფრო ანელებს.
მიუხედავად იმისა, რომ პერიოდული შიმშილობა, როგორც დიეტა, მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მეცნიერული მტკიცებულებები მისი განსაკუთრებული ეფექტიანობის შესახებ მწირია.
წყარო: The Guardian

