მაუნთ სინაის ახალი პროექტი – PrIME Trials

გააზიარე

მაუნთ სინაიმ (Mount Sinai) ახალი პროექტი – PrIME Trials – დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებებისთვის თერაპიული საშუალებების შექმნის დაჩქარებაა. ინიციატივა მიზნად ისახავს პირველი ეტაპის კლინიკური კვლევების უფრო სწრაფად დაწყებას ისე, რომ არც კვლევის სამეცნიერო სტანდარტები და არც პაციენტების უსაფრთხოება დაზარალდეს.

პროექტი მაუნთ სინაის აიკანის მედიცინის სკოლასთან (Icahn School of Medicine at Mount Sinai) არსებულ მარკ და ჯენიფერ ლიპშულცების ზუსტი (precision) იმუნოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის. იგი აერთიანებს კვლევით და პრაქტიკულ სამედიცინო გამოცდილებას, რათა შეიქმნას მკურნალობის ისეთი მეთოდები, რომელიც სხვადასხვა დაავადების გამომწვევ საერთო იმუნურ პროცესებზე იქნება მიმართული.

რატომ არის საჭირო ახალი მიდგომა

მიუხედავად იმისა, რომ იმუნური სისტემის დარღვევებით გამოწვეულ მრავალ დაავადებას საერთო საფუძველი აქვს, ტრადიციულად მათ მედიცინის დარგები ცალ-ცალკე შეისწავლის და მკურნალობს. ამ ფონზე, პროექტი ფრაგმენტულობის აღმოფხვრისა და სხვადასხვა სპეციალობის ექიმების/მკვლევრების ცოდნის გაერთიანებისკენაა მიმართული.

ინიციატივა მკურნალობის ახალი მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას – კლინიკური კვლევების მოსამზადებელი ეტაპის გახანგრძლივებას – უპირისპირდება. PrIME Trials-ის ცენტრალური კომპონენტია FASTrack, რაც იშიფრება როგორც „კვლევების გამარტივებული გააქტიურება და დაწყება“ (Facilitated Activation and Start Up of Trials). ეს არის კოორდინირებული პროცესი, რომელიც შექმნილია შერჩეული რთული კლინიკური კვლევების 60 დღეში ან უფრო ნაკლებ დროში დასაწყებად.

FASTrack სამეცნიერო, მარეგულირებელ, საკონტრაქტო, ფინანსურ და საოპერაციო სამუშაოებს აერთიანებს. მიზანი, სამეცნიერო ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების შენარჩუნებით, კვლევის დაწყების ვადების შემცირებაა.

რას გვთავაზობს PrIME Trials

PrIME Trials სამეცნიერო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს საწყისი ფაზის კლინიკური კვლევების დაგეგმვისა და მართვის გამართულ მექანიზმს სთავაზობს. პარტნიორები სრულ მხარდაჭერას იღებენ კვლევის ყველა ეტაპზე – პროექტის შემუშავებიდან დაწყებული, პაციენტების მოზიდვითა და მიღებული მონაცემების ანალიზით დამთავრებული.

პროგრამის მთავარი დანიშნულება საერთო იმუნური მექანიზმების მქონე დაავადებების სამკურნალო თერაპიების გამოცდაა. ამასთანავე, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მაუნთ სინაის კვლევით პლატფორმა OCCAM Immune-თან, რის შედეგადაც მკვლევრებს შეუძლიათ შეაფასონ, კონკრეტულად როგორ რეაგირებს ამა თუ იმ პაციენტის იმუნიტეტი დანიშნულ მკურნალობაზე. ეს დაკვირვება მკვლევრებს დაეხმარება გაიგონ, რატომ ამართლებს მკურნალობა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში ან რატომ ვერ იძლევა შედეგს, რაც მომავალში უკეთესი თერაპიების შემუშავებას შეუწყობს ხელს.

პირველი კვლევა 

PrIME Trials-ის ფარგლებში დაწყებული პირველი მასშტაბური კლინიკური კვლევა ფარმაცევტულმა კომპანიამ Sanofi-მ დააფინანსა. იგი იმუნური დაავადებების სამკურნალო ექსპერიმენტულ in vivo CAR-T თერაპიას რეკორდულ ვადაში (მოსამზადებელ ეტაპს 60 დღეზე ნაკლები დასჭირდა) ადამიანებზე პირველად ცდის.

კვლევის ხელმძღვანელია რევმატოლოგიის ასოცირებული პროფესორი მარგრიტ ვიზენდანგერი, ხოლო თანამკვლევარი – ჰემატოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ჟაკ აზი. კვლევის ასეთ სწრაფ მომზადებას ხელი შეუწყო PrIME Trials-ის, Sanofi-სა და ნიუ-იორკის ბიოსამედიცინო კვლევების ალიანსის (Biomedical Research Alliance of New York) პროგრამა CTrials-ის ერთობლივმა მუშაობამ.

„PrIME Trials-ის დაწყება ადასტურებს მაუნთ სინაის ერთგულებას, შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც სამეცნიერო მიღწევებს პაციენტების მკურნალობის რეალურ შედეგებად მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად გარდაქმნის – და ამავდროულად, სრულად დაიცავს პაციენტთა უსაფრთხოებას“, – აღნიშნა მაუნთ სინაის აიკანის მედიცინის სკოლის დეკანმა და მაუნთ სინაის ჯანდაცვის სისტემის მთავარმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ერიკ ჯ. ნესტლერმა.

წყარო: Mount Sinai



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები