back to top

მშობელთა ფსიქიკური აშლილობა შთამომავლობის სიკვდილიანობის რისკს 2-ჯერ ზრდის: კაროლინსკის ინსტიტუტის მასშტაბური კვლევა

გააზიარე

კაროლინსკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მასშტაბური კოჰორტული კვლევის მონაცემებით, მშობელთა ფსიქიკური აშლილობა მნიშვნელოვნად ზრდის შთამომავლობის სიკვდილიანობის რისკს, რაც განსაკუთრებით გამოხატულია არაბუნებრივი სიკვდილის მაჩვენებლებში და იმ შემთხვევებში, როდესაც დიაგნოზი ორივე მშობელს აქვს დასმული.

კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ მშობლის ფსიქიკური აშლილობა ხშირად დაკავშირებულია სოციო-ეკონომიკურ სიდუხჭირესთან, სტრესთან, არაჯანსაღი ცხოვრების წესთან და შეზღუდულ წვდომასთან სამედიცინო სერვისებზე, რაც თავის მხრივ პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ამ კონტექსტუალურმა ფაქტორებმა, და არა მხოლოდ მშობლის დიაგნოზმა, შეიძლება განაპირობოს სიკვდილიანობის მაღალი რისკი.

ნაშრომი “Parental Mental Disorders and Offspring Mortality up to Middle Age” გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ JAMA Psychiatry-ში. კვლევა წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რეესტრის მონაცამებზე დაფუძნებულ კოჰორტულ კვლევას. მკვლევრებმა შვედეთის ეროვნული რეესტრების მონაცემების გამოყენებით შეისწავლეს 1973 წლიდან 2014 წლამდე დაბადებული 3.5 მილიონზე მეტი ინდივიდი.

კვლევამ აჩვენა, რომ მშობლის ფსიქიკური აშლილობის მქონე შვილებში სიკვდილიანობა ორჯერ უფრო ხშირია (თითქმის 7.9 შემთხვევა 10,000 ადამიანზე წელიწადში), ვიდრე იმ შვილებში, ვის მშობლებსაც ასეთი დიაგნოზი არ ჰქონიათ (3.5 შემთხვევა 10,000 ადამიანზე წელიწადში).

სტატისტიკური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე მშობელთა შვილებში სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად მაღალია:

  • ნებისმიერი მიზეზით სიკვდილი: რისკი 2.13-ჯერ იზრდება.
  • ბუნებრივი სიკვდილი: რისკი 1.88-ჯერ იზრდება.
  • არაბუნებრივი სიკვდილი (მაგალითად, სუიციდი ან უბედური შემთხვევა): რისკი 2.45-ჯერ იზრდება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რისკები იზრდება თითქმის ყველა სახის ფსიქიკური აშლილობისას. მაგალითად, კვებითი აშლილობების შემთხვევაში რისკი 1.58-ჯერ იზრდება, ხოლო ინტელექტუალური შეზღუდვისას — 2.22-ჯერ.

ყველაზე მძიმე სურათი აღინიშნა, როდესაც ორივე მშობელს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი. ამ შემთხვევაში:

  • ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკი 3.35-ჯერ იზრდება.
  • არაბუნებრივი სიკვდილის რისკი 4.24-ჯერ იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს მომატებული რისკი ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩვილობიდან ზრდასრულობამდე. მიუხედავად იმისა, რომ რისკი მუდმივად მაღალია, ყველაზე დიდი განსხვავება რისკებს შორის (ფარდობითი რისკის პიკი) ზრდასრულ ასაკში ვლინდება.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს იმ ოჯახებისთვის დახმარების გაწევის მნიშვნელობას, სადაც მშობლებს აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობა. ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევები იმის შესამოწმებლად, შეუძლია თუ არა ასეთ მხარდაჭერას ნაადრევი სიკვდილის რისკის შემცირება. საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ამ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად აბსოლუტური სიკვდილიანობის რისკი იზრდება.

წყარო: JAMA

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები