back to top

მეტფორმინის მოქმედების უცნობი მექანიზმი: როგორ ცვლის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი სისხლში ლითონების კონცენტრაციას

გააზიარე

იაპონიის კობეს უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ მეტფორმინი, დიაბეტის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებადი პრეპარატი, ცვლის პაციენტთა სისხლში სხვადასხვა ლითონის, მათ შორის სპილენძის, თუთიის და რკინის კონცენტრაციას. კვლევის შედეგების მიხედვით, მეტფორმინის მიღება სისხლში ამ ლითონების დონის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს, რაც, შესაძლოა, მისი თერაპიული ეფექტების ნაწილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტფორმინი 60 წელზე მეტია გამოიყენება და მსოფლიოში ყველაზე ხშირად ინიშნება დიაბეტის სამკურნალოდ, მისი მოქმედების სრული მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი.

მეტფორმინი პირველ რიგში, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავებას. ამასთან, ხელს უწყობს ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის ზრდას. ამ თვისებების გარდა, კვლევები მიუთითებს, რომ მას აქვს დამცავი ეფექტი სხვადასხვა დაავადების მიმართ, მათ შორის:

  • სიმსივნეების;
  • ანთებითი პროცესების;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების.

კობეს უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგმა, დოქტორმა ვატარუ ოგავამ თავის გუნდთან ერთად, დაახლოებით 200 დიაბეტიანი პაციენტის სისხლის ნიმუშები გააანალიზა, რომელთა ნახევარიც მეტფორმინს იღებდა. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში BMJ Open Diabetes Research & Care, პირველი კლინიკური მტკიცებულებაა იმისა, რომ პრეპარატი ცვლის სისხლში ლითონების კონცენტრაციას.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მეტფორმინის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის ორგანიზმში ლითონების კონცენტრაციას. კერძოდ, პაციენტებს, რომლებიც ამ პრეპარატს იღებდნენ, დაუფიქსირდათ სპილენძისა და რკინის დონის მნიშვნელოვანი კლება, ხოლო თუთიის დონე, პირიქით, გაზრდილი იყო. ოგავას თქმით, მეტფორმინის დადებითი ეფექტები, შესაძლოა, სწორედაც სისხლში სპილენძისა და რკინის შემცირებითა და თუთიის დონის გაზრდით იყოს განპირობებული.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების შექმნისთვის, რადგან ის მეტფორმინის მოქმედების მექანიზმის გაგებაში გვეხმარება. იაპონიაში უკვე დაამტკიცეს ახალი პრეპარატი, იმეგლიმინი, რომელიც, მეტფორმინის მსგავსად, დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, მისი მთავარი განმასხვავებელი თვისება ის არის, რომ ის ლითონებს არ უკავშირდება. 

მეცნიერები ახლა ამ ორ პრეპარატს შორის მოქმედების მექანიზმს ადარებენ, რათა დადგინდეს, რა გავლენას ახდენს ლითონების ბალანსის ცვლილება დიაბეტის მკურნალობის ეფექტურობაზე. ამ კვლევამ, შესაძლოა, საფუძველი დაუდოს უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი მედიკამენტების შექმნას მომავალში.

მკვლევარი ოგავა ხაზს უსვამს, რომ მეტფორმინისა და ლითონების ურთიერთკავშირის სრულად შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ კვლევების შედეგად, შესაძლოა, შეიქმნას ახალი, უფრო ეფექტიანი მედიკამენტები დიაბეტისა და მისი გართულებების სამკურნალოდ, რომლებიც ორგანიზმში ლითონების ბალანსს ოპტიმალურად დაარეგულირებენ.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები