გარემოს დაბინძურებაზე საუბრისას, როგორც წესი, პირველ რიგში ჰაერის ხარისხი, მიკროპლასტიკი ან პესტიციდები გვახსენდება, თუმცა მეცნიერები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას კიდევ ერთ, ხშირად უგულებელყოფილ ფაქტორზე — ხმაურით დაბინძურებაზე (noise pollution). სამეცნიერო ჟურნალ JAMA Neurology-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევა სატრანსპორტო ხმაურის ხანგრძლივ ზემოქმედებასა და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს შორის პირდაპირ კავშირს ავლენს.
დანიაში ჩატარებული ეს უპრეცედენტო კვლევა 18 წლის განმავლობაში 40 წელს გადაცილებულ 3.1 მილიონ ადამიანს აკვირდებოდა. ჯანდაცვის ეროვნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საცხოვრებელი სახლის ყველაზე ხმაურიან მხარეს, ხმაურის დონის ყოველი 11.5 დეციბელით (dB) მატება პარკინსონის დაავადების რისკს 3%-ით ზრდის.
პარკინსონი პროგრესირებადი ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც თავის ტვინის კონკრეტული უბნები ზიანდება, რაც მოძრაობასა და ბალანსზე ახდენს გავლენას. მეცნიერების განმარტებით, ქრონიკული ხმაური, განსაკუთრებით კი საგზაო მოძრაობით გამოწვეული ძილის სისტემატური დარღვევა, ორგანიზმში სტრესის ჰორმონის — კორტიზოლის დონეს ზრდის. მუდმივი სტრესული ფონი და სრულფასოვანი ძილის ნაკლებობა კი სწორედ ის ბიოლოგიური მექანიზმებია, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ პროცესებს უწყობს ხელს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეცნიერებმა ჰაერის დაბინძურების ფაქტორიც გაითვალისწინეს და კვლევის შედეგები უცვლელი დარჩა მონაწილეთა შემოსავლისა და განათლების დონის მიუხედავად. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ვარაუდს, რომ რისკის ზრდა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით იყო განპირობებული.
თუმცა, კვლევა ერთ საიმედო დეტალსაც გვთავაზობს: სახლში ე.წ. „წყნარი ზონის“ (ოთახის, რომელიც მოშორებულია ქუჩის ხმაურს) არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანსპორტო ხმაურის უარყოფით გავლენას. ოქსფორდის უნივერსიტეტის გარემოს ეპიდემიოლოგიის უფროსი მკვლევარი, პიტერ ჩანი ამ ფაქტს საინტერესოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ადამიანებს რისკების შემცირება უბრალოდ სხვა ოთახში გადასვლითაც შეუძლიათ.
წყარო: The Guardian

