ტოქსიკური კვალი რბილ სათამაშოებში: როგორ ხვდება “სამუდამო ქიმიკატები” ბავშვების ორგანიზმში

გააზიარე

პერ- და პოლიფტორალკილის ნივთიერებები (PFAS) სინთეზური ფტორირებული ქიმიკატების ფართო კლასია, რომლებიც წყლის, ზეთისა და ლაქების მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებში წარმოუდგენელი მდგრადობის გამო მათ „მარადიული ქიმიკატები“ შეარქვეს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ამ ნივთიერებების უკონტროლო და ფართო მოხმარებამ შედეგად მოიტანა ის, რომ PFAS დღეს თითქმის ყველგანაა – ჰაერში, წყალში, ნიადაგში, მტვერში, საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებში. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელი ეს რეალობა ჩვილებისა და პატარებისთვისაა, რადგან მათ ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები ერთდროულად რამდენიმე გზით იჭრება: საგნების მუდმივი პირში დებით, მტვრის გადაყლაპვითა და PFAS-ით დამუშავებულ ზედაპირებთან უშუალო კონტაქტით.

ჩვილები და პატარა ბავშვები PFAS-ის მავნე ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. სხეულის წონასთან შეფარდებით, ისინი უფრო მეტ საკვებსა და წყალს მოიხმარენ, ხშირად იდებენ პირში სხვადასხვა საგანს, მათი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის გზები კი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ეს თავისებურებები ემთხვევა იმუნური, ენდოკრინული და ნერვული სისტემების განვითარების კრიტიკულ ფაზებს, რის გამოც ადრეულ ასაკში ამ ნივთიერებების ზემოქმედება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მოზრდილობისას. ამ თვალსაზრისით, ბავშვებისთვის განკუთვნილი ტექსტილის ნაწარმი, მათ შორის რბილი სათამაშოები, შესაძლოა, პირის ღრუსთან კონტაქტისას PFAS-ის ზემოქმედების ერთ-ერთ ნაკლებად შესწავლილ წყაროს წარმოადგენდეს.

კვლევის დეტალები

კვლევის ფარგლებში ბაზარზე არსებული 18 რბილი სათამაშო შემოწმდა. სინჯები სათამაშოების იმ ნაწილებიდან აიღეს, რომლებსაც პატარები ყველაზე ხშირად იდებენ პირში – ყურებიდან, კიდურებიდან თუ კუთხეებიდან. ეს მიდგომა ზუსტად იმეორებს რეალობას, როდესაც ბავშვები გარემოს შეცნობისას სათამაშოების გამოწეულ ნაწილებს მუდმივად ღეჭავენ.

ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის სათამაშოების ნაჭრები (10 სმ²-იანი) ხელოვნურ ნერწყვში (ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე) 30 წუთის განმავლობაში მოათავსეს, რითაც ჩვილის მიერ სათამაშოს პირში დება ზუსტად გაითამაშეს. მიღებული სითხიდან PFAS-ის ნივთიერებები სპეციალური მეთოდებით (QuEChERS-ისა და LC-MS/MS სისტემით) გამოყვეს და თანამედროვე აპარატურით გაანალიზეს.

მეცნიერებმა ერთდროულად 24 სახეობის (მათ შორის კარბონმჟავები, სულფონატები, ფტორტელომერული წარმოებულები და სხვა) PFAS შეისწავლეს. შედეგების სიზუსტისთვის მკაცრი ლაბორატორიული კონტროლი გამოიყენეს და ისიც შეამოწმეს, ამცირებს თუ არა სათამაშოს უბრალო გარეცხვა მავნე ნივთიერებების მიგრაციას.

Source: nature
ძირითადი მიგნებები

ანალიზის შედეგად, PFAS-ის ჯგუფის ნივთიერებები ყველა შესწავლილ რბილ სათამაშოში აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ კვლევის პირობებში არცერთი შემოწმებული პროდუქტი, ამ ნივთიერებების გამოყოფის თვალსაზრისით, შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ. მიგრაციის მაჩვენებლები სათამაშოების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდებოდა, თუმცა საერთო სურათში სტაბილურად ჭარბობდა მოკლეჯაჭვიანი პერფტორალკილის კარბონმჟავები, განსაკუთრებით კი PFHxA, PFBA და PFPeA.

PFHxA აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავდა როგორც PFAS-ის ჯამურ გამოყოფას, ისე სხვადასხვა პროდუქტს შორის არსებულ განსხვავებებს. სათამაშოების მცირე ნაწილში ΣPFAS-ის მაჩვენებლები ბევრად მაღალი იყო სხვა ნიმუშებთან შედარებით, და ამ პროდუქტებში ნივთიერებების ჭარბი გამოყოფა ძირითადად სწორედ PFHxA-ის მაღალი მიგრაციით იყო განპირობებული. ეს კანონზომიერება მიუთითებს იმაზე, რომ გამოვლენილი სხვაობები უმეტესწილად აიხსნება კონკრეტული პროდუქტის დამზადების ტექნოლოგიით ან დამუშავების სპეციფიკით, და არა ყველა ნაერთის თანაბარი და ერთგვაროვანი გავრცელებით.

ზემოქმედების შეფასება

იმისათვის, რომ ლაბორატორიული მონაცემები ბავშვისთვის რეალურ რისკად ეთარგმნათ, მკვლევარებმა გამოთვალეს, თუ რა რაოდენობის მავნე ნივთიერება შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში ყოველდღიურად. ამ გამოთვლებში გაითვალისწინეს ყველაფერი: რამდენად ხშირად იდებს ბავშვი სათამაშოს პირში, რა მოცულობის ნერწყვი გამოიყოფა ამ დროს, რა არის ბავშვის სხეულის წონა და რა ოდენობით შეიწოვება ნივთიერებები ორგანიზმში.

კარგი ამბავი ისაა, რომ სურსათის უვნებლობის ევროპული სააგენტოს (EFSA) მიერ მკაცრად რეგულირებადი ძველი თაობის ნივთიერებების (როგორიცაა PFOS და PFOA) სავარაუდო ყოველკვირეული მოხმარება ყველა შესწავლილ სათამაშოში დასაშვებ ნორმაზე დაბალი აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ნაერთების მხრივ საგანგაშო არაფერია. თუმცა, ზოგადი სურათი აღარც ისეთი უსაფრთხოა, როდესაც თითოეულ ქიმიკატს ცალ-ცალკე დავაკვირდებით.

იმ სათამაშოებში, სადაც ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა ყველაზე მაღალი იყო, მთავარი „დამნაშავე“ სწორედ PFHxA აღმოჩნდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესამჩნევ ნიშნულს PFHpS-მაც მიაღწია. რამდენიმე სათამაშოში ამ მავნე ნივთიერებების ჯამურმა მოხმარებამ კვირაში სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე 10 ნგ-ს გადააჭარბა. ეს ცხადყოფს, რომ რბილ სათამაშოებს შესწევთ ძალა, შესამჩნევი წვლილი შეიტანონ ბავშვის ორგანიზმში ამ ნივთიერებების მოხვედრაში – მაშინაც კი, თუ ისინი მთავარი და ერთადერთი წყარო არ არიან.

რისკის ზღვრის (MOE) ანალიზმა სურათი კიდევ უფრო ნათელი გახადა. სათამაშოების უმეტესობისთვის ეს მაჩვენებელი უსაფრთხო ნორმაშია და რეკომენდებულ 100-ს აჭარბებს. თუმცა, რამდენიმე ისეთ სათამაშოში, სადაც PFHxA-ს შემცველობა განსაკუთრებით მაღალი იყო, ეს მაჩვენებელი 100-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოვარდა. ეს მიუთითებს, რომ გარკვეული პროდუქტები განსაკუთრებულ ყურადღებას და მკაცრ კონტროლს მოითხოვს.

სისხლის პლაზმის მონაცემებთან შედარებამ აჩვენა, რომ ზოგიერთ უკიდურეს შემთხვევაში, სათამაშოებიდან მიღებულმა სავარაუდო დოზამ ორგანიზმში არსებული საერთო ფონის მნიშვნელოვანი წილი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ორგანიზმის „დაბინძურებაზე“ პასუხისმგებელი მხოლოდ სათამაშოებია, თუმცა ფაქტია, რომ რბილი სათამაშოები ამ პროცესში სრულიად რეალურ და გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს.

PFHxA და ახალი თაობის ჩამნაცვლებელი ქიმიკატები

რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა PFHxA-ს ფართო გავრცელებას. ამ ნივთიერებას სულ უფრო ხშირად იყენებენ ძველი, უკვე აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატების (როგორიცაა PFOA და PFOS) შესაცვლელად. თუმცა, ძველის ახლით ჩანაცვლება ავტომატურად საფრთხის შემცირებას არ ნიშნავს. საქმე ისაა, რომ მოკლეჯაჭვიანი PFAS-ები სითხეებსა და ნერწყვში ბევრად ადვილად იხსნება და გადაადგილდება. სწორედ ეს მაღალი მობილურობა ზრდის ალბათობას, რომ მავნე ნივთიერება სათამაშოდან ბავშვის ორგანიზმში მარტივად გადავიდეს – თუნდაც თავად პროდუქტში მისი რაოდენობა დიდი არ იყოს.

სპეციალისტებს დამატებით აშფოთებს ის ფაქტიც, რომ ბევრ სათამაშოში 6:2 FTS აღმოჩნდა. ეს ნივთიერება გარკვეულ პირობებში შეიძლება ტოქსიკურ მოკლეჯაჭვიან მჟავებად (მათ შორის ზუსტად იმავე PFHxA-დ) გარდაიქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად სათამაშოს შიგნით ამ პროცესის დადასტურება რთულია, ასეთი ნივთიერებების თანაარსებობა ცხადყოფს, რომ ქიმიური გარდაქმნები პროდუქტში მავნე ნაერთების დაგროვებას უწყობს ხელს.

ეს რეალობა სერიოზულ გამოწვევას უქმნის მარეგულირებელ უწყებებს. დღეს არსებული შეფასების მოდელები ძველ, კარგად შესწავლილ PFAS-ებზეა მორგებული და ახალ ჩამნაცვლებლებს სათანადოდ ვერ აკონტროლებს, არადა სწორედ ეს ახალი ნივთიერებები ხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებისთვის განკუთვნილ ნივთებში. კვლევა ნათლად აჩვენებს არსებულ ხარვეზს: პროდუქტებში რეალურად სულ სხვა, ნაკლებად შესწავლილი ქიმიკატები გამოიყენება, ვიდრე კარგად ნაცნობი და კონტროლირებადი.

რეცხვის გავლენა: შველის თუ არა სათამაშოს გარეცხვა?

გარეცხვამ ან გავლებამ ბევრ რბილ სათამაშოში მართლაც შეამცირა მავნე ნივთიერებების მიგრაცია – ზოგიერთ შემთხვევაში PFHxA და PFOS პრაქტიკულად მთლიანადაც გაქრა. ეს აჩვენებს, რომ მარტივი წინასწარი გარეცხვა რეალურად ახერხებს ზოგიერთი პროდუქტიდან მომდინარე რისკის შემცირებას.

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ეს პოზიტიური ეფექტი ყველგან ერთნაირად არ მუშაობს. ზოგიერთ სათამაშოზე გარეცხვას საერთოდ არ ჰქონია ეფექტი, ნაწილში კი მიგრაცია პირიქით – გაიზარდა კიდეც, განსაკუთრებით PFBA-სა და PFPeA-ს შემთხვევაში. ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში გარეცხვის შემდეგ მავნე ნივთიერებების ჯამურმა მაჩვენებელმა (ΣPFAS) თვალსაჩინოდ იმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმა და სარეცხმა საშუალებამ შესაძლოა გარკვეული ქიმიკატები გამოათავისუფლოს ან ტექსტილის ზედაპირი ისე შეცვალოს, რომ მავნე ნივთიერებები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ეს არაერთგვაროვანი სურათი სრულად ემთხვევა ტექსტილის ინდუსტრიაში არსებულ კვლევებს. გარეცხვამ შესაძლოა ზედაპირზე სუსტად მიმაგრებული ნაერთები ჩამრეცხოს, მაგრამ ამავდროულად მანვე გამოიწვიოს ქსოვილის ცვეთა, შიგნით დამალული ქიმიკატების გამოთავისუფლება ან სხვა ნაერთების ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ, სანამ კონკრეტული ნივთიერება დეტალურად არ იქნება შესწავლილი, იმის იმედი, რომ უბრალო გარეცხვა სათამაშოს სრულად უსაფრთხოს გახდის, მართებული არ არის.

კვლევის ძლიერი მხარეები და შეზღუდვები

ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ისაა, რომ მეცნიერებმა ბავშვის ცხოვრებისეულ რეალობას მაქსიმალურად მორგებული მეთოდი აირჩიეს. ხელოვნური ნერწყვის გამოყენებამ და იმის იმიტაციამ, თუ როგორ იდებს პატარა სათამაშოს პირში, ორალური გზით გადატანილი ნივთიერებების ზუსტი შეფასების საშუალება მისცა – რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე უბრალოდ მშრალი ქსოვილის გამოკვლევა. გარდა ამისა, თანამედროვე ლაბორატორიულმა აპარატურამ (LC-MS/MS) შესაძლებელი გახადა ზუსტად გაეგოთ, რომელი კონკრეტული PFAS-ი იმალებოდა სათამაშოში და არა უბრალოდ ფტორის ზოგადი ოდენობა.

თუმცა, კვლევას თავისი სერიოზული შეზღუდვებიც აქვს. პირველ რიგში, შემოწმდა მხოლოდ 18 პროდუქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შედეგებს ავტომატურად მთელ ბაზარზე ვერ გავავრცელებთ. მეცნიერებს არ გაუზომიათ ორგანული ფტორის საერთო რაოდენობა და პოლიმერული PFAS-ები, ამიტომ სრული სურათი შესაძლოა ბოლომდე გამოკვეთილი არ იყოს. გარდა ამისა, გამოთვლები ეფუძნება მკაცრ ლაბორატორიულ დაშვებებსა და ზოგად კლასობრივ პარამეტრებს, რაც ახალი ტიპის ქიმიკატების შეფასებისას გარკვეულ გაურკვევლობას ტოვებს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კვლევაში მხოლოდ ორალური ექსპოზიცია შეფასდა. რეალურ ცხოვრებაში კი პატარები ამ მავნე ნივთიერებებს კიდევ ბევრი სხვა გზით იღებენ: მტვრის ჩასუნთქვით, მისი გადაყლაპვით, კანთან კონტაქტით და ა.შ. დაბოლოს, ლაბორატორიული ხელოვნური ნერწყვი და გარეცხვის მხოლოდ ერთი სტანდარტული რეჟიმი სრულად ვერ ასახავს იმას, თუ როგორ ცვდება და იცვლება რეალური სათამაშო დროთა განმავლობაში ბავშვის ხელში.

წყარო: nature



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები