მეცნიერები გაეროსა და ჯანმოს მოუწოდებენ, კლიმატის ცვლილება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადონ

გააზიარე

146 საერთაშორისო ექსპერტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და გაეროს (UN) კლიმატის ცვლილების ჯანდაცვის გლობალურ კრიზისად გამოცხადებას სთხოვს. The Lancet-ის 2026 წლის ანგარიშის ავტორები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ადამიანის ორგანიზმის გამძლეობა ლიმიტს უახლოვდება, ექსტრემალური გარე პირობები კი სასიკვდილო ხდება.

მსოფლიო მასშტაბით სიცხე სიკვდილიანობის რეკორდულ მაჩვენებელს განაპირობებს. მხოლოდ 2023 წელს სიცხესთან დაკავშირებული 710 000 ლეტალური შემთხვევიდან 71.5% უშუალოდ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. დინამიკა საგანგაშოა: თუკი 2006-2015 წლებში სიცხით გარდაცვალების შემთხვევებში კლიმატის კრიზისის წილი 55%-ს შეადგენდა, 2016-2023 წლებში ამ მაჩვენებელმა 68%-ს მიაღწია (წელიწადში 540 800 ადამიანიდან 369 900-ის სიკვდილი).

ეკოლოგიური კატასტროფა გლობალურ ეკონომიკასაც ანგრევს. 2025 წელს ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ შრომისუნარიანობა დააქვეითა და მსოფლიოს 1.07 ტრილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. კრიზისმა ყველაზე მძიმედ აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა (მშპ) დააზარალა. განსაკუთრებული დარტყმა სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სექტორებმა მიიღეს, სადაც დასაქმებულებს მძიმე ფიზიკური შრომა ღია ცის ქვეშ უწევთ.

The Lancet Countdown-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარინა რომანელოს თქმით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების საპასუხო ქმედებები. პარალელურად, პლანეტა ორ უკიდურესობაში ვარდება: გახშირებული გვალვები სასურსათო კრიზისს, მალნუტრიციასა და ჰაერის დაბინძურებას იწვევს, მასშტაბური წყალდიდობები კი ინფექციურ და რესპირატორულ დაავადებებს ავრცელებს.

მიუხედავად ასეთი სურათისა, მსოფლიოს 100 უმსხვილესი ნავთობკომპანია 2040 წლამდე წიაღისეული საწვავის წარმოების დასაშვებ ნორმაზე 150%-ით გადაჭარბებას გეგმავს. მეცნიერები მთავრობებს დაუყოვნებელი ქმედებისკენ მოუწოდებენ, შეამცირონ სათბურის აირების ემისია და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ეპიცენტრში ადამიანის სიცოცხლე დააყენონ.

წყარო: ScienceAlert

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები