საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო არაერთი სისტემური გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა შორის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა.
ბაზარზე არსებული დეფიციტი და ხარისხის კონტროლის არასრულყოფილი მექანიზმები პაციენტების მკურნალობის ეფექტურობასა და მათი მდგომარეობის სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. ბაზისური მედიკამენტების ნაკლებობა თუ კვოტირების არსებული სისტემა სრულფასოვან თერაპიულ პროცესს ხშირად აფერხებს, რაც არსებითად რისკის ქვეშ აყენებს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას.
აღნიშნულ საკითხებზე, წამლების ხარისხის კონტროლის აუცილებლობასა და იმ რისკებზე, რაც დეფიციტს თან ახლავს, ფსიქიატრი ეკა ჭყონია გვესაუბრა. წინამდებარე ინტერვიუში ის დეტალურად გვიყვება არსებულ გამოწვევებზე, ბიოექვივალენტობის კვლევების მნიშვნელობასა და იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებიც ქვეყანამ ფსიქიატრიული სერვისების გასაუმჯობესებლად უნდა გადადგას.
ქალბატონო ეკა, როგორ აისახება ბაზარზე ფსიქოტროპული მედიკამენტების დეფიციტი და მათი ადგილობრივი ან ნაკლებად ნაცნობი ალტერნატივებით ჩანაცვლება პაციენტების მკურნალობის სტაბილურობაზე?
დღეს მედიკამენტების ფართო სპექტრის დეფიციტია. ბევრი პრეპარატი, რომელიც უკვე დიდი ხანია პრაქტიკაშია და რომელთა ორიგინალი ფორმებიც საკმაოდ იაფია, საქართველოში რატომღაც არ არის რეგისტრირებული ან მათი მოწოდება დიდი შეფერხებებით ხდება. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა ის, რომ ბაზრიდან ხშირად გადის ორიგინალი მედიკამენტები და მათ ჯენერიკები ანუ ანალოგები ანაცვლებს, რომლებიც ხარისხობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება.
საქართველოში ჯენერიკის რეგისტრაციისას ან ადგილზე წარმოებისას ბიოექვივალენტობის კვლევა არ მოითხოვება. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელს არ აქვს ვალდებულება, დაადასტუროს, რომ მისი ანალოგი ორიგინალი პრეპარატივით ეფექტურია. რეგისტრაციისთვის საკმარისია მხოლოდ იმის ჩვენება, რომ წამალი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას. ამის გამო პრეპარატების ხარისხი ძალიან არასტაბილურია: პაციენტმა შეიძლება მიიღოს წამალი, მაგრამ მას საერთოდ არ ჰქონდეს თერაპიული შედეგი.
ეს ძალიან საშიშია. წარმოიდგინეთ, ადამიანი იღებს წნევის კარგ, ორიგინალ პრეპარატს, რომელიც მოულოდნელად წყდება და მას დაბალი ხარისხის ანალოგით ანაცვლებენ. თუ ანალოგი წნევას ვერ ასტაბილურებს, სიმპტომების დაბრუნებასთან ერთად, შესაძლოა ინსულტიც განვითარდეს. იგივე ხდება ფსიქიატრიაშიც. თუ ფსიქოზის მქონე ადამიანს, რომლის მდგომარეობაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია, გადავიყვანთ დაბალი ხარისხის ანალოგზე, მისი მდგომარეობა აუცილებლად გამწვავდება.
უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო პაციენტის დასარწმუნებლად, რომ მას მკურნალობა სჭირდება. როდესაც შედეგს ვაღწევთ და მერე წამლის ჩანაცვლების გამო მდგომარეობა ისევ მძიმდება, შედეგად არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა ზიანდება, არამედ ექიმისა და მკურნალობის მიმართ ამ ადამიანების ნდობაც ქრება.
რომელი კონკრეტული ტიპის დაავადებების მართვა ხდება ყველაზე მეტად რთული დღევანდელი კვოტური შეზღუდვების ფონზე?
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ეხება მძიმე, ქრონიკულ ფსიქოზურ ფორმებს. საქართველოში დაახლოებით 70 000-მდე ადამიანია ამ დიაგნოზით, რომლებიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ. პროგრამის ფარგლებში, როგორც წესი, ყველაზე იაფი, ძველი თაობის ანტიფსიქოზური საშუალებები შემოაქვთ. ასეთი მკურნალობისას აუცილებელია დამხმარე საშუალება, ე.წ. კორექტორი, რომლის გარეშეც პაციენტს უვითარდება ექსტრაპირამიდული აშლილობა და პარკინსონიზმის მსგავსი მძიმე სიმპტომები. გამოდის, რომ ამ იაფი დამხმარე პრეპარატის გარეშე მკურნალობას ფიზიკურად ვერ ჩავატარებთ.
რეალურად კი რა მოხდა. ეს აუცილებელი და იაფი მედიკამენტი ამბულატორიებში ჩანაცვლდა ისეთი ალტერნატიული საშუალებებით, რომლებიც ათჯერ უფრო ძვირია. შედეგად, ბიუჯეტით უფრო ნაკლები პაციენტის უზრუნველყოფა ხდება და ბევრი მათგანი ბაზისური, აუცილებელი მედიკამენტის გარეშე რჩება. გარდა ამისა, ე.წ. მწვანე რეცეპტის წამლებზე სახელმწიფო კვოტებს აწესებს. შემოდის მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა, რადგან ეშინიათ არამიზნობრივი გამოყენების. ვინაიდან აფთიაქებში კონტროლის მექანიზმი სუსტია, სახელმწიფომ არჩია, უბრალოდ ნაკლები რაოდენობა შემოუშვას ქვეყანაში, რაც პირველ რიგში პაციენტებს აზარალებს.
რა გამოწვევების წინაშე დგას ფსიქიატრი, როდესაც სახელმწიფო რეგულაციები და კვოტები ზღუდავს კონკრეტული, კლინიკურად დამტკიცებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას?
ფსიქიატრი დგება ფაქტის წინაშე, რომ მას არ აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები. როგორც ვახსენებთ, დეფიციტი ეხება როგორც ანტიდეპრესანტებსა და ანტიფსიქოზურ საშუალებებს, ისე ე.წ. კორექტორებს. მაგალითად, პრეპარატები, რომლებიც სპეციალურ აღრიცხვას ექვემდებარება, ხშირად დეფიციტურია. მათ ინექციურ ფორმებზე კი საუბარიც ზედმეტია. ბაზარზე ფაქტობრივად არ არის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც საერთაშორისო გაიდლაინებით პირველი არჩევის პრეპარატებად მოიაზრება ძლიერი შფოთვისა და აგზნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხნის გამოცდილი და იაფი საშუალებებია.
რა გზა არსებობს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად?
მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია მედიკამენტების საკმარისი რაოდენობით შემოტანა, ხარისხის კონტროლის მკაცრი მექანიზმების დაწესება და ბიოექვივალენტობის კვლევების ვალდებულება, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია მიღებული. ქვეყანაში შემოსული თუ ადგილზე წარმოებული წამალი უნდა იყოს შესაბამისად შემოწმებული, მისი ხარისხი კი აუცილებლად დადასტურებული. მექანიზმი და რეგულირება წამლების მიმართ უნდა გაუმჯობესდეს, რათა ექიმს ჰქონდეს საშუალება, პაციენტს ხარისხიანი და სტაბილური მკურნალობა შესთავაზოს.

