დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის (DTU) მკვლევრებმა კვებითი ალერგიის სამკურნალოდ სრულიად ახალი მიდგომა შეიმუშავეს. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა შექმნეს mRNA ვაქცინა, რომელიც ორგანიზმს ერთდროულად სხვადასხვა ტიპის დაკავშირებული ალერგენისგან იცავს.
დღესდღეობით კვებითი ალერგიის მკურნალობის ერთადერთი გზა იმუნოთერაპიაა — პაციენტს წლების განმავლობაში მცირე დოზებით აწვდიან ალერგენს, რათა ორგანიზმი მას თანდათან შეეჩვიოს. პროცესის სირთულისა და დისკომფორტის გამო, ადამიანების უმეტესობა უბრალოდ თავს არიდებს საშიშ პროდუქტებსა და ე.წ. ჯვარედინ ალერგენებს.
ახალი ვაქცინა, კოვიდ-19-ის ვაქცინების მსგავსად, ინსტრუქციულ (mRNA) მექანიზმს იყენებს. მკვლევრებმა შექმნეს სინთეზური მოლეკულა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გავრცელებული ალერგენის (მაგალითად, ატმისა და სხვადასხვა თხილეულის) საერთო მახასიათებლებს.
„ჩვენ mRNA ტექნოლოგიას ერთგვარ „ტროას ცხენად“ ვიყენებთ. პაციენტისთვის ნამდვილი ალერგენის მიწოდების ნაცვლად, ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ ამოიცნოს და დაბლოკოს საფრთხე ალერგიული რეაქციის დაწყებამდე. ჩვენი მიზანია, მომავალში პაციენტებმა შეძლონ ნებისმიერი პროდუქტის მიღება ისე, რომ ინგრედიენტების სიის მუდმივი კონტროლი აღარ დასჭირდეთ“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, პროფესორი ესპერანსა რივერა დე ტორე.
ტესტირებამ, რომელიც ჯანმრთელ და ალერგიულ თაგვებზე ჩატარდა, მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. ვაქცინის სამი დოზის მიღების შემდეგ, ცხოველების ორგანიზმმა დიდი რაოდენობით დამცავი ანტისხეულები გამოიმუშავა. ამასთან, ალერგიულ თაგვებში ვაქცინას პრაქტიკულად არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუწვევია.
მეცნიერებმა ვაქცინირებული თაგვების ანტისხეულები ალერგიული ადამიანების სისხლის ნიმუშებზეც გამოსცადეს და დადასტურდა, რომ მათ ადამიანის სისხლშიც შეძლეს ალერგიული რეაქციის შემცირება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ კონცეფციის სისწორე (Proof of Concept) დაადასტურა, არსებული დოზირებით ვაქცინამ ანაფილაქსიისგან სრული დაცვა ვერ უზრუნველყო. ამჟამად მკვლევრები ვაქცინის შემადგენლობაში არსებული ლიპიდური ნანონაწილაკების დახვეწაზე მუშაობენ, რათა იმუნური პასუხი კიდევ უფრო მიზნობრივი და ძლიერი გახდეს.
გუნდი გეგმავს, ტექნოლოგია სხვა ჯვარედინი ალერგენების (მაგალითად, ვაშლი, სტაფილო, თხილი) წინააღმდეგაც გამოსცადოს და კლინიკური კვლევების დასაწყებად საჭირო მონაცემები შეაგროვოს, რათა უახლოეს მომავალში ვაქცინის ადამიანებზე ტესტირებაც დაიწყოს.
წყარო: MedicalXpress

