მეცნიერებმა ინოვაციური კონტაქტური ლინზები შექმნეს, რომლებიც ტვინის სტიმულაციას ახდენენ და თაგვებში დეპრესიის მკურნალობისას ისეთივე ეფექტურობას აჩვენებენ, როგორიც პოპულარულ ანტიდეპრესანტ „პროზაკს“ (Prozac) აქვს. რბილი, გამჭვირვალე ლინზები აღჭურვილია ჩაშენებული ელექტროდებით, რომლებიც ბადურის მეშვეობით ტვინს სუსტ ელექტრულ სიგნალებს აწვდიან და დეპრესიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ უბნებს ააქტიურებენ. ჟურნალ Cell Reports Physical Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სამკვირიანი თერაპიის შემდეგ, დეპრესიის მქონე თაგვებში ქცევითი, ნეირონული და ფიზიოლოგიური სიმპტომები მკვეთრად შემცირდა.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ვინაიდან თვალი ანატომიურად ტვინის ნაწილია, გაჩნდა იდეა, ხომ არ შეეძლო მარტივ კონტაქტურ ლინზას გამხდარიყო არაინვაზიური კარი იმ ტვინის წრედებისთვის, რომლებიც განწყობას აკონტროლებენ. მათი თქმით, ეს მიდგომა სრულიად ახალ პერსპექტივას აჩენს ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, კოგნიტური დაქვეითება და ნარკოდამოკიდებულებაც კი.
ლინზა იყენებს მეთოდს, რასაც „დროებითი ინტერფერენცია“ (temporal interference) ეწოდება. ბადურაზე ერთდროულად მიეწოდება ორი უსაფრთხო ელექტრული სიგნალი, რომლებიც მხოლოდ მათი გადაკვეთის წერტილში აქტიურდებიან, რაც მკურნალობას უკიდურესად ზუსტს ხდის. ავტორები ამ პროცესს ორი ფანრის სხივის გადაკვეთას ადარებენ: თითოეული სხივი ცალ-ცალკე სუსტია, მაგრამ იქ, სადაც ისინი ერთმანეთს კვეთენ, კაშკაშა ლაქა ჩნდება. ლინზის ელექტროდები გალიუმის ოქსიდისა და პლატინის ულტრათხელი, გამჭვირვალე ფენებისგანაა დამზადებული.
ეფექტურობის შესამოწმებლად მეცნიერებმა ერთმანეთს ოთხი ჯგუფის თაგვები შეადარეს: ჯანმრთელები, მკურნალობის გარეშე დატოვებული დეპრესიული თაგვები, ანტიდეპრესანტ ფლუოქსეტინით (პროზაკის აქტიური ნივთიერება) ნამკურნალები და ისინი, ვინც დღეში 30 წუთის განმავლობაში ლინზების სტიმულაციას გადიოდნენ. სამი კვირის შემდეგ, ლინზებით ნამკურნალებ ჯგუფში აღდგა კავშირი ჰიპოკამპსა და პრეფრონტალურ ქერქს შორის, რომელიც დეპრესიის გამო იყო დარღვეული. გარდა ამისა, სისხლში სტრესის ბიომარკერის, კორტიკოსტერონის დონე 48%-ით შემცირდა, ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის დონე 47%-ით გაიზარდა, ხოლო ტვინში ანთებითი მოლეკულების რაოდენობამ იკლო.
საინტერესოა, რომ როდესაც მიღებული მონაცემები ხელოვნური ინტელექტის მოდელმა გააანალიზა, მან ლინზებით ნამკურნალები თაგვები, მათი ქცევისა და ბიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, ავტომატურად ჯანმრთელი თაგვების ჯგუფს მიაკუთვნა და არა დეპრესიულებისას. ტექნოლოგიამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს მკაცრი კლინიკური კვლევები. შემდეგ ეტაპზე მეცნიერები გეგმავენ ლინზა სრულიად უსადენო გახადონ, გამოსცადონ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოება უფრო დიდ ცხოველებზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ ადამიანებზე კლინიკურ გამოცდებზე.
წყარო: Cell

