პირველად ისტორიაში, ადამიანის თირკმლის ორგანოიდების — ანუ ორგანოების მსგავსი, მინიატურული ქსოვილის სტრუქტურების — გაზრდა თირკმლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მოხერხდა. ამ წარმატებას თელ-ავივის უნივერსიტეტისა და „შეიბას“ სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა მიაღწიეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ინოვაცია რეგენერაციული მედიცინისა და თირკმლის დაავადებების კვლევის სფეროში რევოლუციური მიღწევაა.
ისრაელელმა მეცნიერებმა უპირატესობა მიანიჭეს თირკმლის ქსოვილიდან აღებულ სპეციფიკურ ღეროვან უჯრედებს და არა პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებს, რომლებიც სტანდარტულად გამოიყენება მსგავსი მიზნებისთვის.
კვლევის შედეგად მიღებული თირკმლის ქსოვილი სტაბილური და ფუნქციურად აქტიური აღმოჩნდა. ის ექვს თვეზე მეტხანს შენარჩუნდა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა ექსპერიმენტებში მიღებული ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობას — ისინი საშუალოდ ოთხ კვირაში განადგურდნენ.
კვლევას ხელმძღვანელობდა პროფესორი ბენჯამინ დეკელი, რომელიც „შეიბას“ სამედიცინო ცენტრის პედიატრიული ნეფროლოგიის განყოფილებისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის ინსტიტუტის დირექტორია.
მისი გუნდის მიერ შექმნილი ხელოვნური თირკმელი 34 კვირის განმავლობაში იმეორებს ადამიანის თირკმლის ფუნქციებს.
წინა კვლევებისგან განსხვავებით, სადაც უჯრედების დაბინძურება ხშირად ხდებოდა, ამ ახალმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა ყველაზე სუფთა და სტაბილური თირკმლის ქსოვილის შექმნა, რადგან ის სრულად თირკმლის ღეროვანი უჯრედებისგან შედგება.
პროფესორ დეკელის განცხადებით, “ათი წლის წინ მეცნიერებმა გამოყვეს ადამიანის თირკმლის ქსოვილის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ორგანოს განვითარებაზე არიან პასუხისმგებელი. ახლა კი, პირველად, ამ უჯრედებისგან თირკმლის სრული ორგანული სტრუქტურები შექმნეს.”
დროთა განმავლობაში, თირკმლის ორგანოიდებს უყალიბდებოდათ კომპლექსური სტრუქტურები — მათ შორის, სისხლის ფილტრაციის უჯრედები, საშარდე სადინარები და მილაკები, რომლებიც თირკმლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტებია. ამ ხანგრძლივმა განვითარებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, რეალურ დროში დაკვირვებოდნენ ორგანოიდების ზრდას და გამოევლინათ თანდაყოლილი დეფექტების გამომწვევი გენეტიკური მექანიზმები.
ამ რევოლუციური მიღწევით, ისრაელელმა მეცნიერებმა საფუძველი ჩაუყარეს მომავალ ინოვაციებს – თირკმლის რეგენერაციაში, თანდაყოლილი დაავადებების მოდელირებასა და ორსულობის პერიოდში მედიკამენტების უსაფრთხოების ტესტირებაში.
წყარო: The EMBO Journal

