როგორ დაეხმარა ემორის უნივერსიტეტი საქართველოს გადაუდებელი მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის განვითარებაში – ინტერვიუ დოქტორ ზიად კაზისთან

გააზიარე

მედიცინის ყველა ახალ დარგს აქვს თავისი ისტორია, რომელიც დროთა განმავლობაში იმდენად მასშტაბური ხდება, რომ წარსულში მისი მოკრძალებული საწყისების დაჯერებაც კი ჭირს. ეს შეიძლება იყოს შეხვედრა, რომლის ამსახველი ფოტოც კი არავის შემოუნახავს; ვიზიტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთს უნდა გაგრძელებულიყო, ან სულაც ურთიერთობა, რომელიც თავიდან მედიცინისგან შორს მყოფი მიზეზებით დაიწყო და მხოლოდ მოგვიანებით გადაიზარდა პროფესიულ თანამშრომლობაში. საქართველოში გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის პროგრამებს სწორედ ასეთი ისტორია აქვს. 17-18 ივლისს, თბილისში გამართულ ერთობლივ კონგრესზე – „Frontiers in Advanced Emergency Care“ და „The Mediterranean Academy of Emergency Medicine“ – ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა მასშტაბს მიაღწია ამ პატარა საწყისებმა: ორმა დამოუკიდებელმა დარგმა საერთო სივრცე გაიყო და რეგიონის მასშტაბით უამრავი ექიმი გააერთიანა.

ამ წარმატების დიდ ნაწილს საფუძველი ემორის უნივერსიტეტთან ხანგრძლივმა პარტნიორობამ ჩაუყარა, რაც მოიცავდა სასწავლო პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და ექიმების ორმხრივ, უწყვეტ გაცვლით პროგრამებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა, ურთიერთობებს ინსტიტუტები როდი აშენებენ – მათ ადამიანები ქმნიან, ხშირად ბევრად უფრო პირადი მიზეზებით, ვიდრე ეს რომელიმე საგრანტო განაცხადში იწერება. ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელიც ამ ისტორიის ეპიცენტრში დგას, რათა გვეკითხა, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რეალურად, რა ძალისხმევა დასჭირდა ამ ვიწრო სპეციალობის თითქმის ნულიდან განვითარებას და მისი აზრით, კიდევ რა სჭირდება საქართველოს ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად.

კენ ვოლკერი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში მედიცინის განვითარების საქმეში. მან ქვეყნის პოტენციალი ჯერ კიდევ მაშინ დაინახა, როდესაც საქართველო გლობალურ სამედიცინო რუკაზე თითქმის შეუმჩნეველი იყო. სწორედ მისმა ინიციატივამ განსაზღვრა ის წარმატება, რომელსაც დღეს ვხედავთ.  როგორ წარიმართა ეს პროცესი?

ვფიქრობ, ექიმ ვოლკერის უდიდესი დამსახურება ჯორჯიის შტატს, ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის მეგობრობის დამყარებაა. ამ მეგობრობამ საფუძველი ჩაუყარა საქმეს, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზარდა, განვითარდა და დღეს უკვე კონკრეტული შედეგები მოაქვს. ემორის აკადემიურ პერსონალსა და ქართველ ექიმებს შორის ურთიერთობა მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ეს ადამიანები ერთობლივად მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც ბევრად სცდება შინაგანი მედიცინისა და ინფექციური დაავადებების სფეროებს – მათ შორისაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა და, სულ ახლახან, ტოქსიკოლოგია.

კლინიკური ტოქსიკოლოგია ამ თანამშრომლობის ყველაზე ახალი მიმართულებაა. მახსოვს, ჩემს მეუღლესთან, თამარ გაბელაიასთან ქორწინების შემდეგ, ექიმ ვოლკერს მის გარდაცვალებამდე შევხვდი. საქართველოში ტოქსიკოლოგიის განვითარებაზე ვისაუბრეთ და რამდენიმე პროექტის იდეაც განვიხილეთ, თუმცა მისმა ნაადრევმა სიკვდილმა ხელი შეგვიშალა, რომ რომელიმე მათგანისთვის საბოლოო სახე მიგვეცა. 

ვოლკერის გარდაცვალებისა და გადაუდებელი მედიცინის მხარდამჭერი USAID-ის გრანტის დასრულების შემდეგ, GEMPA – საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაცია – კვლავ აგრძელებდა მუშაობას. დავინახე შესაძლებლობა, რომ გრანტის დასრულების მიუხედავად, გადაუდებელი მედიცინის სფეროში ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა, რათა ქართველ ექიმებს ამ მიმართულებით თავი ემორის ოჯახის წევრებად ეგრძნოთ და ამ ძალისხმევას ტოქსიკოლოგიაც დავამატე.

სწორედ ამგვარად ვინარჩუნებდით ყოველწლიური კონფერენციების ჩატარების ტრადიციას. 2015-2016 წლებში საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციამ (GEMPA) მასშტაბური შეხვედრა მოაწყო, ბოლო დროს გამართული მსგავსი მასშტაბის კონფერენცია კი კლინიკური ტოქსიკოლოგიის საკითხების ფართო განხილვით იყო გამორჩეული. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) ჩვენმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ტოქსინებით გამოწვეულ დაავადებებზე, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის ლუგარის ცენტრისა და რეგიონში არსებული ტოქსიკური საფრთხეების გათვალისწინებით. 

დღევანდელი წარმატება და საზოგადოების ინტერესი სწორედ იმ კავშირების დამსახურებაა, რომლებსაც საფუძველი ექიმმა ვოლკერმა ჩაუყარა. ეს თანამშრომლობა მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა, გაფართოვდა და საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

სასიხარულოა ამ უწყვეტი კავშირის დანახვა. ემორის უნივერსიტეტისა და საქართველოს თანამშრომლობა უკვე წლებს ითვლის – თქვენ აქამდეც ამზადებდით ექიმებს და მონაწილეობდით ერთობლივ კვლევებში, მათ შორის, UNICEF-თან ერთად ჩატარებულ ტყვიით მოწამვლის ცნობილ კვლევაში. თავდაპირველად რამ ჩამოგიყვანათ საქართველოში? რამ აღგიძრათ ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ?

ჩემმა მეუღლემ. ის ატლანტაში გავიცანი; მალე მივხვდით, რომ ბევრი საერთო გვქონდა და დაქორწინების შემდეგ, საქართველოში აღმოვჩნდი. აქ პირველად ჩემს პატარა ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი, რომელიც მაშინ წლისაც არ იყო.

როდესაც საქართველოში პირველად მოხვდით, რა კითხვა გაგიჩნდათ და ამდენი წლის შემდეგ თუ მიიღეთ მასზე პასუხი?

ჩამოსვლისთანავე პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო: მე ტოქსიკოლოგი ვარ, ეს ქვეყანა კი ახლა ჩემი სახლია – რა ხდება საქართველოში ტოქსიკოლოგიის მიმართულებით? მსურდა, ადგილობრივ ვითარებაში გავრკვეულიყავი.

შევხვდი შესანიშნავ კოლეგებს – თეიმურაზ კუბაიძესა და ოთარ დიხამინჯიას – და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის ცალკეული შემთხვევების შესახებ შევიტყვე. სწორედ ამან მიბიძგა პირველი კვლევის ჩატარებისკენ. წარსულს რომ გადავხედავ, ვხვდები, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი გამოცდილება იყო – ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, რაშიც სხვებიც დაგვეხმარნენ. რაც მთავარია, ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობამ იკლო, ეს კი იმედს მისახავს. ეს პროგრესი დიდ ძალას მმატებს, თუმცა კვლევების გაგრძელებაც მსურს, რათა ტყვიის გარდა სხვა ისეთი საფრთხეებიც გამოვავლინოთ, რომლებიც შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაზე ახდენდეს გავლენას.

ტოქსიკოლოგიის განვითარებას საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს. „ფოგარტის“ პროგრამისა და გადაუდებელი მედიცინის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, ემორის უნივერსიტეტში ექიმ ოთარ დიხამინჯიას გადამზადება შევძელით. მან კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში მესამე დონის სერტიფიკატი მოიპოვა, უშუალო კლინიკური ზედამხედველობის ქვეშ გაიარა პრაქტიკა და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან. იმედი მაქვს, ამ საქმეს კიდევ ბევრი ქართველი ექიმი შეუერთდება, რათა კლინიკური ტოქსიკოლოგიისა და ეკოლოგიური მედიცინის მიმართულებები ისევე განვავითაროთ, როგორც თავის დროზე გადაუდებელი მედიცინა.

როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის მიმართულებით?

გადაუდებელ მედიცინაში საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია: ქვეყანამ სფეროს საწყისებიდან, როცა შესაბამისი მომზადების პრაქტიკა საერთოდ არ არსებობდა, ფორმალური საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებამდე მიაღწია. პირველი ნაკადების ნაწილი ემორის უნივერსიტეტმა გადაამზადა, დღეს კი ეს ექიმები უკვე სხვებს ასწავლიან. გადაუდებელი მედიცინის პრაქტიკოსი ექიმების რაოდენობა შთამბეჭდავია – ზუსტი ციფრის დასახელებისგან, გადამოწმების გარეშე, თავს შევიკავებ, თუმცა საუბარია ას ან ორასამდე სპეციალისტზე. ეს ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის – სამეგრელოს, კახეთისა თუ აჭარის – საავადმყოფოებში მუშაობენ, რაც ვითარებას არსებითად ცვლის. როდესაც ექიმები საკუთარ თავს ამ სფეროს უძღვნიან და პროფესიულ განვითარებას დაუღალავი შრომით განაგრძობენ, პაციენტებზე ზრუნვის ხარისხიც უმჯობესდება. პირველი ნაკადების ბევრი წარმომადგენელი ამ კონფერენციას ესწრება, რაც სწორედ ამ წარმატების დასტურია.

ტოქსიკოლოგია განვითარების განსხვავებულ ეტაპზეა. ამ სფეროს პიონერი თეიმურაზ კუბაიძე იყო, ახლა კი კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ახალ თაობას ვზრდით. პირველმა ქართველმა ექიმმა, რომელიც ემორიში გადამზადდა – ოთარ დიხამინჯიამ – ამერიკული ტიპის განათლება მიიღო, რომელიც კლინიკურ ზედამხედველობასა და მოვლასთან ერთად, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და განათლებას უსვამს ხაზს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო განათლების სხვა მოდელებიც არსებობს, ჩვენი მიდგომა სწორედ ამერიკულ მოდელს ეფუძნება.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? შეგიძლიათ გაგვიზიაროთ უახლოესი პროექტები – მაგალითად, ტოქსიკოლოგიური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით?

იმედი გვაქვს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვიმუშავებთ საქართველოს ტოქსიკოლოგიის ეროვნული ცენტრის შესაქმნელად. ეს ცენტრი უზრუნველყოფს მონაცემთა შეგროვებას, მკურნალობის მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას, ტექნიკურ კონსულტაციებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციებსა და პრევენციულ ღონისძიებებს. ასევე გვსურს ვითანამშრომლოთ საქართველოს წამყვან კლინიკებთან – მაგალითად, კავკასიის მედიცინის ცენტრთან – რათა ჩამოყალიბდეს მაღალი დონის კლინიკური ცენტრები პაციენტების მკურნალობისა და მოვლისთვის.

თუ მომავალს შევხედავთ, ჩემი მიზნები მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში არის ემორის უნივერსიტეტის ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, აშშ-ის ჯორჯიის შტატის მოწამვლის ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავება, კლინიკური ტოქსიკოლოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და პრევენციული სტრატეგიების შემუშავება სანდო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. ამ ინიციატივას მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, დოქტორ რობი სელიზურის ხელმძღვანელობით, და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვან დამხმარე როლს შევასრულებთ.



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები