მითი თუ რეალობა? 10 ფაქტი კიბოს თანამედროვე „ჭკვიანი” წამლების შესახებ

გააზიარე

„ჭკვიანი წამალი” – ამ ტერმინს კლინიკაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ პაციენტებისგან, რომლებმაც ინტერნეტში წაიკითხეს, ონკოლოგიის მიღმა მყოფი კოლეგებისგან, ხანდახან დერეფანშიც კი, მულტიდისციპლინარული შეხვედრის წინ. ადამიანებს წარმოუდგენიათ აბი თუ ინფუზია, რომელიც კიბოს უჯრედებს განსაცვიფრებელი სიზუსტით პოულობს და კლავს და დანარჩენ ყველაფერს ხელუხლებელს ტოვებს. მაშ, საიდან მოდის სინამდვილეში ეს სახელი და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რასაც მის შესახებ ვისმენთ?

სინამდვილეში, „ჭკვიანი” კიბოს წამლები ორ განსხვავებულ კატეგორიას მოიცავს. პირველი, ეს არის მიზანმიმართული (ტარგეტული) თერაპია, რომელიც ბლოკავს კონკრეტულ მოლეკულას, რომელიც პასუხისმგებელია სიმსივნის ზრდაზე (მაგ., მუტირებული ცილა ან რეცეპტორი). მეორე, ეს  არის იმუნოთერაპია, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს არ ანადგურებს პირდაპირი გზით, არამედ, ის ეხმარება პაციენტის საკუთარ იმუნურ სისტემას, თავად ამოიცნოს და შეებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს. ორივე ჯგუფის მედიკამენტი, უფრო მიზამნმიმართულია, ვიდრე ტრადიციული ქიმიოთერაპია, რომელიც ორგანიზმში ნებისმიერ სწრაფად გამყოფ უჯრედზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, ავთვისებიანია ის თუ არა. ეს მიზანმიმართულობა რეალურია, მაგრამ „ჭკვიანი” არ ნიშნავს მარტივს, უსაფრთხოს ან გარანტირებულად ეფექტურს.

ქვემოთ მოცემულია 10 მითი, რომელსაც ამ მედიკამენტების შესახებ თითქმის ყოველდღე ვისმენთ, და თითოეული მითის მიღმა არსებული რეალური ფაქტები:

  1. „ეს მედიკამენტები ნებისმიერი სახის კიბოზე მოქმედებს.” მითი. ეს მედიკამენტები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც სიმსივნეს ნამდვილად აქვს შესაბამისი სამიზნე, როგორიცაა კონკრეტული მუტაცია, ცილა ან ბიომარკერი, მაგ., EGFR, HER2, PD-L1 ან მიკროსატელიტური არასტაბილურობა. ამ თანხვედრის გარეშე დადებითი შედეგების სიხშირე მკვეთრად ეცემა, რამდენად თანამედროვეც არ უნდა იყოს მედიკამენტი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მოლეკულური კვლევა ნებისმიერი მკურნალობის დაწყებამდე, რათა ეს გვაძლევს საშუალებას, თითოეული პაციენტისთვის სწორი მკურნალობის გეგმა შევარჩიოთ.
  2. „ტარგეტული ნიშნავს გვერდითი მოვლენების გარეშეს.” მითი. ტარგეტულ წამლებსაც აქვთ საკუთარი ტოქსიკურობის პროფილი, მაგალითად, კანზე გამონაყარი BRAF ინჰიბიტორების (დაბრაფენიბი, ტრამეტინიბი), დიარეა EGFR ინჰიბიტორების (ოსიმერტინიბი), არტერიული ჰიპერტენზია და სისხლდენის რისკი ანტი-ანგიოგენური აგენტების (ბევაციზუმაბი) შემთხვევაში. ეს გვერდითი მოვლენების პროფილი განსხვავდება კლასიკური ქიმიოთერაპიისგან, მაგრამ ტოქსიკურობა არასდროს არ ქრება.
  3. „იმუნოთერაპია უფრო დამზოგველია, რადგან ის უბრალოდ იმუნურ სისტემას ეხმარება.” მითი. გააქტიურებული იმუნური სისტემა ყოველთვის არ რჩება სელექციური სიმსივნის მიმართ; მას შეუძლია ჯანმრთელ ორგანოებსაც შეუტიოს, მაგ., კანს, ნაწლავებს, ფილტვებს, ფარისებრ ჯირკვალს ან გულს. პაციენტების დაახლოებით მესამედს უვითარდება კლინიკურად მნიშვნელოვანი იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რის გამოც მონიტორინგი მთელი მკურნალობის განმავლობაში გრძელდება, არა მხოლოდ დასაწყისში.
  4. „ჭკვიანი წამალი კიბოს კურნავს.” მითი. გავრცელებული დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის ეს წამლები კიბოს გრძელვადიან, მართვად მდგომარეობად აქცევს და მთლიანად არ აღმოფხვრის მას. თუმცა, ზოგიერთი პაციენტი, განსაკუთრებით მელანომისა და ფილტვის კიბოს შემთხვევებში, რომლებიც იმუნოთერაპიას ან ტარგეტულ თერაპიას იღებენ, ხანგრძლივ რემისიას აღწევს, რაც ნაწილობრივ იმის მიზეზიცაა, თუ რატომ არის ამ წამლების გარშემო არსებული იმედი რეალური.
  5. „დიაგნოზისას ერთი გენეტიკური ტესტი საკმარისია.” მითი. სიმსივნეები მოძრავი სამიზნეებია: მკურნალობის პერიოდში, სიმსივნე შეიძლება გახდეს მიმდინარე ტარგეტულ თერაპიაზე რეზისტენტული. ამ დროს, ტარგეტული თერაპია ეფექტს კარგავს, შესაბამისად საჭიროა განმეორებითი ტესტირება, ზოგჯერ სისხლზე დაფუძნებული თხევადი ბიოფსია, რომელიც ხშირად ავლენს ახალ, სამკურნალო სამიზნეს და ეს რეზისტენტობა არ ნიშნავს მკურნალობის დასასრულს.
  6. „ეს მედიკამენტები სულ ახალი და ექსპერიმენტულია.” მითი. ტარგეტულ თერაპიას ორ ათწლეულზე მეტი კლინიკური ისტორია აქვს. იმატინიბის 2001 წლის დამტკიცება, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის სამკურნალოდ, სწორედ იმ გარღვევად მოიხსენიება, რომელმაც დაამტკიცა, რომ პერსონალიზირებული ონკოლოგია ნამდვილად მუშაობდა.
  7. „იმუნოთერაპია ქიმიოთერაპიაზე უფრო სწრაფად მოქმედებს.” მითი. რადგან ის იმუნური სისტემის გააქტიურების შედეგად მოქმედებს და არა უჯრედების პირდაპირი განადგურებით, რეალური დადებითი შედეგის რადიოლოგიურად დადასტურებას მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს. სიმსივნე შეიძლება მოკლე ვადიან პერიოდში გაიზაროდს, თუმცა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა იყოს გაუმჯობესბეული. ამას ჩვენ ვუწოდებთ „ფსევდოპროგრესირებას”. ეს ნიშნავს, რომ იმუნოთერაპიაზე დადებითი პასუხის მიღება ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება პირველივე კონტროლის დროს არ გამოიხატოს, როგორც ხდება ქიმიოთერპიის შემთხვევაში. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, მოწოდებულია იმუნოთერაპიის გაგრძელება და განმეორებითი რადიოლოგიური კვლევა გარკვეულ პერიოდში. 
  8. „ორივეს კომბინაცია ყოველთვის უკეთესია.” მითი. კომბინირებული მკურნალობა ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევებში, მაგრამ სხვადასხვა მოქმედების პრეპარატის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გმოიწვიოს ან გაამძაფროს მათი გვერდითი მოვლენები. მეტი წამალი ავტომატურად არ ნიშნავს მეტ ეფექტურობას, სწორი კომბინაცია დამოკიდებულია კიბოს სახეობასა და მოლეკულურ პროფილზე.
  9. „ეს წამლები ანაცვლებს ქიმიოთერაპიასა და ქირურგიას.” მითი. ძირითად შემთხვევაში ტარგეტული თერაპია ან/და იმუნოთერაპია ემატება ქირურგიას, სხივურ თერაპიასა და ქიმიოთერაპიას და არ ანაცვლებს მათ. მულტიდისციპლინური, მრავალპროფილური მკურნალობა კვლავ რჩება იმად, რაც სოლიდური სიმსივნეების უმეტესობის დადებით შედეგებს განაპირობებს.
  10. „თუ მან ეფექტი დაკარგა, აღარაფერი დარჩენილა საცდელად.” მითი. ერთ წამალზე პროგრესირება იშვიათად ნიშნავს ვარიანტების ამოწურვას. განმეორებითმა ბიოფსიამ ან თხევადმა ბიოფსიამ ახალი, სამოქმედო მუტაციას შეიძლება გამოავლინოს. ახალი თაობის მედიკამენტები, კი სპეციალურად შექმნილია ცნობილი რეზისტენტობის გზების დასაძლევად. მედიკამენტის შეცვლა, მკურნალობის დაგეგმვის ჩვეულებრივი ეტაპია და არა უკანასკნელი საშუალება.

კიბოს „ჭკვიანმა” წამლებმა ონკოლოგია ნამდვილად შეცვალეს. მაგრამ იმის ცოდნა, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა, როგორც ექიმებისთვის, რომლებიც მათ ნიშნავენ, ისე პაციენტებისთვის, რომლებიც მათ იღებენ, არის ის, რაც ამ იმედს რეალურ, გააზრებულ გადაწყვეტილებად აქცევს. იმ ქვეყნებში, სადაც წამლების ანაზღაურება შეზღუდულია, საქართველოს ჩათვლით, ფაქტების სწორად ცოდნა კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, რადგან პაციენტები არა მხოლოდ მკურნალობაზე, არამედ იმაზეც იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად შეუძლიათ ამ მედიკამენტების ფინანსური უზრუნველყოფა. 

ავტორი: ანა გეგუჩაძე, MD, სამედიცინო ონკოლოგი, კლინიკური კვლევების კოორდინატორი, სამედიცინო გენეტიკის მოწვეული ლექტორი —  კავკასიის მედიცინის ცენტრი,  ევროპის უნივერსიტეტი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები