ფილტვის კიბო და თამბაქოს მოხმარება ქართულ პოპულაციაში: რას გვეუბნება საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით სტატისტიკური მონაცემები?

გააზიარე

ფილტვის კიბო მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში რეგისტრირდება დაახლოებით 2.5 მილიონი ახალი შემთხვევა და აქედან 1.8 მილიონი გარდაცვალება აღირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, დაავადება კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება.

საქართველოში ყოველწლიურად 1200-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ფილტვის კიბო ყველა ონკოლოგიური დაავადების დაახლოებით 13%-ს შეადგენს. მამაკაცებში კი ყოველი მეხუთე ონკოლოგიური დიაგნოზი სწორედ ფილტვის კიბოა. თანამედროვე თერაპიებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიუხედავად, პაციენტების უმრავლესობა დიაგნოსტირება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე, რაც რადიკალური მკურნალობის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

სამეცნიერო მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ მოწევა ფილტვის კიბოს მთავარი რისკ-ფაქტორია. თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან სულ მცირე 70 დადასტურებული კანცეროგენია, რომლებიც აზიანებენ სასუნთქი გზების უჯრედების დნმ-ს და ხელს უწყობენ ავთვისებიან ტრანსფორმაციას. მსოფლიოს მასშტაბით თამბაქოს დაახლოებით 1.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, რომელთა თითქმის 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.

საქართველოში ფილტვის კიბოს ეპიდემიოლოგიის უკეთ შესასწავლად გავაანალიზეთ 2023–2025 წლებში ფილტვის კიბოს დიაგნოზის მქონე 270 პაციენტის კლინიკური, პათოლოგიური და მოლეკულური მახასიათებლები, რაც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეალური კლინიკური პრაქტიკის (real-world) კოჰორტას (ცხრილი 1, სურათი 1).

შედეგებმა მკაფიოდ დაადასტურა თამბაქოს მოხმარებასა და ფილტვის კიბოს შორის მნიშვნელოვანი კავშირი. პაციენტების 88% ამჟამინდელი ან ყოფილი მწეველი იყო, ხოლო 46% მძიმე მწეველს წარმოადგენდა (დღეში ერთ კოლოფზე მეტი). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ფილტვის კიბოს მქონე ყოველი ათი პაციენტიდან თითქმის ცხრას თამბაქოს მოხმარების ისტორია ჰქონდა.

კვლევამ ასევე წარმოაჩინა დაგვიანებული დიაგნოსტიკის სერიოზული პრობლემა. მწეველთა 93%-ს დაავადება უკვე მეტასტაზურ სტადიაზე ჰქონდა დიაგნოზის დასმის მომენტში, ხოლო მხოლოდ 7%-ს დაუდგინდა ადრეული სტადია(I-II), როდესაც ქირურგიული მკურნალობა განკურნების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.  ეს მონაცემები ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ფილტვის კიბო ჯერ კიდევ ძალიან გვიან ეტაპზე დიაგნოსტირდება.

საინტერესოა, რომ ადენოკარცინომა, ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ჰისტოლოგიური ტიპი, უფრო ხშირად აღინიშნებოდა არამწეველებში, რაც შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვებებს, რომ ფილტვის კიბოს ბიოლოგიური მახასიათებლები განსხვავდება მწეველებსა და არამწეველებს შორის (სურათი 2).

დაგვიანებული დიაგნოსტიკა გადარჩენადობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ადრეული სტადიის ფილტვის კიბო ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ხველა, ქოშინი, სისხლიანი ნახველი, ტკივილი გულმკერდის არეში, წონაში კლება და დაღლილობა, როგორც წესი, მხოლოდ დაავადების შედარებით გვიან ეტაპებზე ვლინდება. ჩვენს კვლევაში ყველაზე ხშირი საწყისი სიმპტომები იყო ხველა და ქოშინი, რომლებიც პაციენტების დაახლოებით 29%-ში აღინიშნებოდა. ამიტომ სიმპტომების მოლოდინი ყოველთვის არ არის სწორი სტრატეგია. თანამედროვე ონკოლოგიაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სკრინინგი – დაავადების აქტიური ძიება იმ ადამიანებში, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოში 2026 წელს ამოქმედდა ფილტვის კიბოს ეროვნული სკრინინგის პროგრამა, რომელიც მაღალი რისკის მქონე პირებისთვის დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (LDCT) ეფუძნება. საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ LDCT-სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას და ზრდის დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის ალბათობას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ამჟამად პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს უდგინდება დაავადება ადრეულ სტადიაზე, პროგრამის წარმატებულმა განხორციელებამ შესაძლოა უახლოეს წლებში გადარჩენადობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.

კიდევ ერთი მზარდი პრობლემა, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული სიგარეტების, ერთჯერადი ვეიპების და გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობის (მაგ.IQOS) პოპულარობის ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლებ წვის ტოქსინებს წარმოქმნიან, უსაფრთხოდ არ მიიჩნევიან. მათი აეროზოლები შეიცავს ნიკოტინს, ულტრამცირე ნაწილაკებს, მძიმე მეტალებს, აქროლად ორგანულ ნაერთებსა და სხვა პოტენციურად ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სასუნთქი გზების ანთებასა და უჯრედულ დაზიანებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მათი გრძელვადიანი გავლენა ფილტვის კიბოს რისკზე ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, საერთაშორისო ონკოლოგიური და რესპირატორული საზოგადოებები მათ უსაფრთხოდ არ მიიჩნევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ნიკოტინის მოხმარებას სწორედ ელექტრონული მოწყობილობებით იწყებენ, რაც მომავალში თამბაქოზე დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის. უნდა გვახსოვდეს, რომ „ნაკლებად მავნე“ არ ნიშნავს „უსაფრთხოს“.

ფილტვის კიბოს ტვირთის შემცირება მხოლოდ მკურნალობის პროგრესით ვერ მიიღწევა. თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაძლიერება, მოწევის შეწყვეტის პროგრამების გაფართოება, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტების გამოყენების პრევენცია, მოსახლეობის განათლება და სკრინინგ პროგრამებში ფართო ჩართულობა ეფექტიანი ეროვნული სტრატეგიის აუცილებელი კომპონენტებია.

ჩვენი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ფილტვის კიბოს მთავარი გამომწვევი ფაქტორი თამბაქოა და პაციენტების უმრავლესობას დაავადება უკვე გავრცელებულ სტადიაზე უდგინდება. ფილტვის კიბოს სკრინინგის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველაზე ეფექტური ინტერვენცია კვლავ პრევენციაა. ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა იწყება არა ონკოლოგიურ კლინიკაში, არამედ იმ მომენტში, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ არ დაიწყოს თამბაქოს მოხმარება.

ავტორი:  ანა წერეთელი, MD, კლინიკური ონკოლოგიის რეზიდენტი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები