მიზნობრივი რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის გავლენა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებაზე კარდიოლოგიურ სტაციონარში

გააზიარე

ანტიმიკრობული რეზისტენტობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელება მნიშვნელოვნად ზღუდავს ინფექციური დაავადებების ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას და ზრდის როგორც სიკვდილიანობას, ისე ჯანდაცვის ხარჯებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, მათ შორის კარბაპენემების, მესამე და მეოთხე თაობის ცეფალოსპორინებისა და ფტორქინოლონების არარაციონალური გამოყენება, რაც რეზისტენტობის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის მაჩვენებლები მრავალი კლინიკურად მნიშვნელოვანი პათოგენის მიმართ კვლავ მაღალია. განსაკუთრებით საყურადღებოა Acinetobacter spp., Klebsiella pneumoniae და Pseudomonas aeruginosa, რომელთა შორის ხშირად გვხვდება მულტირეზისტეტნტული შტამები. ბოლო წლების ეროვნული მონაცემები მიუთითებს, რომ კარბაპენემების, მესამე თაობის ცეფალოსპორინებისა და ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის პროგრამების დანერგვის აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის.

აღნიშნული პროგრამის შემუშავების და დანერგვის ძირითადი მიზანია სწორი ანტიბიოტიკის, სწორი დოზის, სწორი ხანგრძლივობისა და სწორი პაციენტისთვის შერჩევა. აღნიშნული მიდგომა არა მხოლოდ აუმჯობესებს კლინიკურ შედეგებს, არამედ ამცირებს რეზისტენტობის განვითარების რისკს და უზრუნველყოფს სარეზერვო ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას.

აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2024 წელს ჩატარებული ანტიბიოტიკების მოხმარებისა და მიკრობიოლოგიური მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის პროგრამის განახლების შესახებ. ამ მიზნით შეიქმნა მრავალპროფილური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ რეანიმატოლოგები, თერაპევტები, ინფექციონისტი, ეპიდემიოლოგი, ხარისხის მენეჯერი და კლინიკური ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პროგრამის განახლების პროცესში გადაიხედა ანტიბიოტიკების ემპირიული და სარეზერვო გამოყენების პრინციპები, შემუშავდა ორგანოთა სისტემების მიხედვით სტრუქტურირებული რეკომენდაციები და განისაზღვრა სარეზერვო ჯგუფის ანტიბიოტიკების დანიშვნის სავალდებულო შეთანხმება ინფექციონისტთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიკრობიოლოგიური კვლევების მნიშვნელობას, რის შედეგადაც ინფექციის ნიშნების მქონე პაციენტებში ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე ბიოლოგიური მასალის აღება და კულტივირება პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად იქცა.

პროგრამის საბოლოო ვერსია 2024 წელს დამტკიცდა, ხოლო სამედიცინო პერსონალის ტრენინგები და პრაქტიკული დანერგვის პროცესი 2025 წლის იანვარში დასრულდა. პარალელურად დაინერგა ანტიბიოტიკების ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა რეგულარულად შეფასდეს ანტიმიკრობული პრეპარატების მოხმარება, მათი სტრუქტურა და დინამიკა.

ანტიბიოტიკების მოხმარების შეფასება განხორციელდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის AWaRe კლასიფიკაციისა და DDD (Defined Daily Dose) მეთოდოლოგიის გამოყენებით. ანალიზი ჩატარდა 1000 პაციენტ-დღეზე გადაანგარიშებული მოხმარების მაჩვენებლების მიხედვით, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში ანტიმიკრობული მოხმარების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს.

ცენტრში ჩატარებული მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგად ყველაზე ხშირად გამოვლენილ პათოგენებს შორის იყვნენ Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Klebsiella pneumoniae, Staphylococcus aureus და Enterococcus spp. აღნიშნული მონაცემები ადასტურებს, რომ კარდიოლოგიურ სტაციონარში ინფექციური გართულებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია მულტირეზისტენტული მიკროორგანიზმების ცირკულაციასთან.

რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის პროგრამის დანერგვის შემდეგ აღინიშნა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირების ტენდენცია თითქმის ყველა ძირითად ჯგუფში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კარბაპენემების გამოყენების შემცირება, სადაც საშუალო მოხმარება 191.75 DDD/1000 პაციენტ-დღიდან 79.25 DDD/1000 პაციენტ-დღემდე შემცირდა, რაც სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავებას წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მესამე და მეოთხე თაობის ცეფალოსპორინების გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ფტორქინოლონებისა და მაკროლიდების მოხმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოვლენილა, ხოლო ამინოგლიკოზიდებისა და პოლიმიქსინების ჯგუფებში დაფიქსირდა შემცირების ტენდენცია. აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ ინტერვენციამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სწორედ იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც რეზისტენტობის გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენენ.

სტიუარდშიფის პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს სარეზერვო და დაკვირვების (Watch და Reserve) ჯგუფის ანტიბიოტიკების დანიშვნის პროცესზე კონტროლის გაძლიერება. შედეგად გაიზარდა მიკრობიოლოგიური კვლევების როლი კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გაუმჯობესდა ანტიბიოტიკოთერაპიის ინდივიდუალიზაცია.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ქვეყანაში არსებული მაღალი რეზისტენტობის ფონზე სარეზერვო ანტიბიოტიკების გამოყენების სრული შეზღუდვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. განსაკუთრებით ეს ეხება რეანიმაციულ, თერაპიულ და კარდიოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ხვდებიან ცენტრში და მძიმე ინფექციური გართულებების მაღალი რისკით ხასიათდებიან.

სამომავლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანტიბიოტიკების მოხმარების უწყვეტ მონიტორინგს, მულტირეზისტენტული მიკროორგანიზმების კოლონიზაციის სკრინინგის დანერგვას, ადრეული იზოლაციის ღონისძიებების გაუმჯობესებას და ანტიბიოტიკების მოხმარების მონაცემების კუმულაციურ ანტიბიოგრამებთან ინტეგრირებულ ანალიზს.

ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გამოცდილება აჩვენებს, რომ კარგად ორგანიზებული და მულტიდისციპლინური რაციონალური ანტიმიკრობული თერაპიის პროგრამა რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტურად ამცირებს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებას. ასეთი პროგრამები არა მხოლოდ ხელს უწყობს რეზისტენტობის კონტროლს, არამედ აუმჯობესებს პაციენტების უსაფრთხოებას, მკურნალობის ხარისხსა და ჯანდაცვის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

ავტორი: ოთარ ჩოკოშვილი, მედიცინის დოქტორი, ეპიდემიოლოგი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები