საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია სრულად ხელმისაწვდომი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მძიმე და ღრმა სენსონევრალური სმენის დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის ადრეული და ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი მეტყველების, კოგნიტური ფუნქციებისა და სოციალური ადაპტაციის უნარების განვითარებისთვის.
კოხლეარული იმპლანტაცია არის მაღალტექნოლოგიური ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება მძიმე ან ღრმა სენსონევრალური სმენის დაქვეითების მქონე პაციენტებში, როდესაც ტრადიციული სასმენი აპარატები საკმარის ეფექტს ვეღარ უზრუნველყოფს. სასმენი აპარატისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ბგერას აძლიერებს, კოხლეარული იმპლანტი გვერდს უვლის შიდა ყურის დაზიანებულ სტრუქტურებს და ელექტრული იმპულსების საშუალებით უშუალოდ ასტიმულირებს სმენის ნერვს. სისტემა შედგება ორი ნაწილისგან: გარეთა კომპონენტისგან, რომელიც მოიცავს მიკროფონს, მეტყველების პროცესორსა და გადამცემს, და შიდა, ქირურგიულად იმპლანტირებული კომპონენტისგან, რომელიც მოიცავს მიმღებსა და კოხლეაში მოთავსებულ ელექტროდებს. კოხლეარული იმპლანტაციის მთავარი მიზანია პაციენტისთვის ბგერების აღქმის აღდგენა, მეტყველების გაგებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცხოვრების ხარისხს. კოხლეარული იმპლანტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება აუდიოლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის მიერ, კომპლექსური აუდიოლოგიური ტესტებისა და სამედიცინო ისტორიის საფუძვლიანი კლინიკური შეფასების შედეგად.
პედიატრიულ პრაქტიკაში ადრეულ ასაკში ჩატარებულ ინტერვენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სიცოცხლის პირველი წლები ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს, რომელიც ხასიათდება მაღალი ნეიროპლასტიკურობით. ამ ეტაპზე ხმოვანი ინფორმაციის ადრეული და სრულფასოვანი მიწოდება უზრუნველყოფს მეტყველების, ენობრივი ათვისებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
დამატებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უცვლელად გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ყველა ასაკის პაციენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ასევე სრულად მოიცავს პოსტოპერაციულ პერიოდში აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც მკურნალობის გრძელვადიანი შედეგების სტაბილურობასა და პაციენტების სრულფასოვან სოციალურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
წყარო: moh.gov.ge

