უნდა აღინიშნოს, რომ აუტიზმის ადრეული დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ბოლო წლების განმავლობაში სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თვალის დევნების (Eye-tracking) ტექნოლოგიას, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ბავშვის განვითარების დარღვევები გაცილებით ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ, ვიდრე ეს ტრადიციული დაკვირვების მეთოდებით იყო შესაძლებელი.
მუშაობის პრინციპი და ბიომარკერები
ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი ეფუძნება მაღალი სიხშირის ინფრაწითელ სენსორებსა და სპეციალიზებულ კამერებს, რომლებიც წამში რამდენიმე ასეულჯერ აფიქსირებენ გუგის მოძრაობას და მზერის ფოკუსს. როდესაც ბავშვი უყურებს ეკრანზე მოცემულ სოციალურ სცენებს, მაგალითად, ადამიანებს შორის დიალოგს ან თამაშის პროცესს. სისტემა ზუსტად ზომავს მზერის მიმართულებას, დაყოვნების დროსა და ფიქსაციის წერტილებს.
მთავარი სამეცნიერო დაშვება იმაში მდგომარეობს, რომ ნეიროტიპული განვითარების მქონე ბავშვები ინსტინქტურად ეძებენ “სოციალურ ინფორმაციას”, როგორიცაა თვალებით კონტაქტი და სახის მიმიკა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში კი მზერის ტრაექტორია ხშირად განსხვავებულია: ისინი ყურადღებას ამახვილებენ გეომეტრიულ ფიგურებზე, საგნების დეტალებზე ან მოლაპარაკე ადამიანის პირის მოძრაობაზე, ნაცვლად თვალებისა. ალგორითმი ამ მონაცემებს ამუშავებს და ქმნის ე.წ. „სითბურ რუკას“ (Heatmap), რომელიც ნათლად აჩვენებს ვიზუალური ყურადღების განაწილების თავისებურებებს.
წამყვანი ცენტრები და ინოვაციები
ამ სფეროში გლობალურ ლიდერად ამერიკული ემორის უნივერსიტეტის მარკუსის აუტიზმის ცენტრი (Marcus Autism Center) ითვლება. სწორედ მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, EarliPoint Evaluation, გახდა პირველი FDA-ს მიერ ავტორიზებული მოწყობილობა, რომელიც კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება. მნიშვნელოვან კვლევებს ატარებენ ასევე იელის უნივერსიტეტის ბავშვთა კვლევის ცენტრი და კალიფორნიის უნივერსიტეტი (UC Davis MIND Institute), რომლებიც ალგორითმების დახვეწაზე მუშაობენ, რათა დიაგნოსტიკა კიდევ უფრო ზუსტი გახდეს სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული ჯგუფის ბავშვებისთვის.
ხელმისაწვდომობა და მომავლის პერსპექტივა
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია რევოლუციურია, მისი ფართო ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ამ ეტაპზე სისტემები ძირითადად მაღალტექნოლოგიურ კლინიკებსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაციებზე, რომლებიც გამოიყენებენ სმარტფონების კამერებს თვალის დევნებისთვის, რაც მომავალში საშუალებას მისცემს პედიატრებს ჩვეულებრივი კონსულტაციის დროსაც კი ჩაატარონ პირველადი სკრინინგი.
სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რაც უფრო ადრე მოხდება დარღვევის იდენტიფიცირება, მით უფრო ეფექტური იქნება თერაპიული ინტერვენცია, რაც ბავშვს მომავალში სოციალური უნარების უკეთ განვითარებაში დაეხმარება. თვალის დევნება წარმოადგენს უმძლავრეს დამხმარე საშუალებას კლინიკური შეფასების პროცესში და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის მალე მსოფლიოს მასშტაბით პედიატრიული პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.
წყარო:

