მკვლევრებმა LED ნიღბების ეფექტურობა შეაფასეს – რა შედეგი აქვს წითელი ნათების თერაპიას?

გააზიარე

წითელი შუქის თერაპია (Red Light Therapy),  რომლის ყველაზე პოპულარული ფორმატი დღეს LED ნიღბებია, სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტენდენციად იქცა.

მზარდი მოთხოვნის ფონზე, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეეფასებინათ, რამდენად ეფექტურია წითელი ნათების თერაპია სახლის პირობებში გამოყენებისას.  2026 წლის 14 ოქტომბერს სამეცნიერო ჟურნალში –  Aesthetic Plastic Surgery გამოქვეყნდა სისტემური მიმოხილვა, რომელზეც ავტორთა ჯგუფი 2026 წლის მარტიდან აგვისტომდე მუშაობდა.

კვლევის ავტორებმა გააანალიზეს მხოლოდ სახლის პირობებში გამოსაყენებელ პორტატულ LED მოწყობილობებზე ჩატარებული 8 რანდომიზებული კლინიკური კვლევა, რომლებშიც ჯამში 365 ადამიანი მონაწილეობდა. შესწავლილ ცდებში გამოყენებული იყო 440-დან 1 072 ნანომეტრამდე სიგრძის სინათლის ტალღები, თუმცა ძირითადი ყურადღება წითელ (620–750 ნმ) და ახლო ინფრაწითელ სპექტრს ეთმობოდა. მონაწილეები მოწყობილობებს კვირაში 2-დან 7-ჯერ, 3-დან 21 წუთამდე ხანგრძლივობით, 4-დან 12 კვირის განმავლობაში იყენებდნენ.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, წითელი ნათების თერაპიამ გავლენა მოახდინა ნაოჭების ხილვადობასა და კანის ელასტიკურობაზე. კერძოდ წითელი და ახლო ინფრაწითელი სინათლის გამოყენებამ სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შეამცირა წვრილი ნაოჭები (განსაკუთრებით თვალის გარშემო), გააუმჯობესა კანის ტექსტურა და ელასტიკურობა. გვერდითი მოვლენები იშვიათი, მსუბუქი და დროებითი იყო –  ძირითადად, ხანმოკლე სიწითლის სახით ვლინდებოდა.

მკვლევრები საუბრობენ შეზღუდვებზეც: სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობა სიმძლავრითა და გამოყენების წესებით ერთმანეთისგან განსხვავდება. გარდა ამისა, კვლევებში მუქი კანის ტონის მქონე ადამიანები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი, ხოლო მრავალფუნქციურ ნიღბებში არსებულმა ლურჯმა შუქმა პიგმენტაციისკენ მიდრეკილ კანზე შესაძლოა არასასურველი ლაქების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წითელი შუქის თერაპიისა და LED ნიღბების ბაზარი სწრაფად იზრდება, სახლის პირობებში გამოყენებისთვის შექმნილი მოწყობილობები პროფესიულ კლინიკურ პროცედურებს ვერ ცვლის. თუმცა, ინსტრუქციის დაცვითა და რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, მოწყობილობა კანის მოვლის უსაფრთხო და მეცნიერულად დასაბუთებული დამხმარე საშუალებაა.

ბაზრის კვლევის საერთაშორისო კომპანია Fortune Business Insights-ის 2026 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, სახის LED ნიღბების გლობალური ბაზრის მოცულობა 2025 წელს 277.92 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2026 წელს კი 303.60 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. პროგნოზის თანახმად, 2034 წლისთვის ეს მაჩვენებელი 679.02 მილიონ დოლარს მიაღწევს (წლიური ზრდის ტემპი – 10.59%). გლობალური გაყიდვების ყველაზე დიდი წილი – 39.77%  სწორედ წითელი შუქის ნიღბებზე მოდის.

წყაროები: PubMed;  DOI  ;  Fortune Business Insights — LED Face Masks Market Size, Share & Industry Analysis (2026–2034)

 

 

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები