სამეცნიერო ჟურნალ Translational Psychiatry-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სპორტულ მატჩებზე სხვებთან ერთად დასწრება ორგანიზმში ოქსიტოცინის, ე.წ. „სიყვარულის ჰორმონის“, ბუნებრივ გამოყოფას ასტიმულირებს. ცუკუბას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თამაშის ყურებისას მაყურებლებს შორის არა მხოლოდ ჰორმონალური კავშირი მყარდება, არამედ მათი გულისცემის რიტმიც კი ერთმანეთს ემთხვევა.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი საკალათბურთო მატჩის დროს ჩაატარეს და მაყურებლების ნერწყვის ნიმუშები შეისწავლეს. ტესტებმა აჩვენა, რომ თამაშის მიმდინარეობისას ადამიანებში მკვეთრად გაიზარდა ოქსიტოცინის დონე, რომელიც პასუხისმგებელია თანაგრძნობასა და ადამიანურ კავშირებზე.
ამავდროულად, მაყურებლებში მკვეთრად იკლო კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, მაჩვენებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის ცოცხლად ყურება და საერთო ემოციების გაზიარება ადამიანებს შინაგან სიმშვიდეს, სიამოვნებასა და სხვებთან ერთიანობის განცდას ანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დადებითი ეფექტის მისაღებად ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი ან უშუალო საუბარი საჭირო არ ყოფილა. მეცნიერების აზრით, მათთვის, ვინც დეპრესიით, სოციალური შფოთვით ან მარტოობით იტანჯება, სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება შესაძლოა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ერთ-ერთი საუკეთესო, არამედიკამენტოზური საშუალება გახდეს.
წყარო: Translational Psychiatry

