6000 კილომეტრიდან მართული ოპერაცია: ტრანსკონტინენტური რობოტული ქირურგიის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში

გააზიარე

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ათასობით კილომეტრის მოშორებიდან პაციენტის დისტანციური ოპერირება რეალობაზე მეტად სამეცნიერო ფანტასტიკას ჰგავდა. ჯანდაცვის სფერო უწყვეტი აღმოჩენების, თამამი ექსპერიმენტებისა და პროფესიული გამბედაობის გზით ყოველთვის ვითარდებოდა. დღეს კი ოდესღაც წარმოუდგენელი ტექნოლოგიური მიღწევები გეოგრაფიულ ბარიერებს სრულად აქრობს და თერაპიულ საზღვრებს ხელახლა განსაზღვრავს.

თანამედროვე სამედიცინო ევოლუციის ფონზე, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც კი ხშირად ინოვაციების ეტაპობრივ, ფრთხილ ათვისებას ამჯობინებენ. საქართველომ კი ამ გლობალურ დინამიკაში საკუთარი სტატუსი მკვეთრად შეცვალა. უპრეცედენტო საერთაშორისო მიღწევის წყალობით, ქვეყანა მხოლოდ ტექნოლოგიების მიმღები მხარე აღარ არის – მან განვითარების ტემპი თავადვე განსაზღვრა და მედიცინის მომავლის აქტიურ მონაწილედ იქცა.

ქვეყნის მასშტაბით ამ პოზიციის დაკავება უშუალოდ მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს უკავშირდება. კლინიკამ კავკასიის რეგიონში პირველი ტრანსკონტინენტური ტელერობოტული ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. ეს შემთხვევა, თავისი სპეციფიკითა და მასშტაბით, მსოფლიო პრაქტიკაშიც კი გამორჩეულია.

უშუალოდ ქირურგიული პროცედურა თბილისში, კლინიკის საოპერაციო ბლოკში მიმდინარეობდა. თუმცა, რობოტულ სისტემას ქართველი ონკო-ქირურგი, ემზარ ნადირაძე დისტანციურად მართავდა. ის ოპერაციის მსვლელობისას ჩინეთში, ქალაქ უხანში იმყოფებოდა. შესაბამისად, ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ფიზიკური მანძილი დაახლოებით 6000 კილომეტრს შეადგენდა. 

პაციენტს სწორი ნაწლავის კიბოს ულტრადაბალი წინა რეზექცია ჩაუტარდა, რომელიც კოლორექტულ ქირურგიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მანიპულაციად მიიჩნევა. ოპერაცია მენჯის ღრუში, ანატომიურად ვიწრო და რთულად მისადგომ სივრცეში მუშაობას ითვალისწინებდა. სიმსივნის სრულყოფილ მოცილებასთან ერთად, ქირურგის უმთავრეს ამოცანას ამ ზონაში არსებული ნერვული სტრუქტურების დაზიანებისგან მაქსიმალური, მილიმეტრული დაცვა შეადგენდა.

ოპერაცია რვა საათსა და ოცდაათ წუთს გაგრძელდა. პროცედურის ხანგრძლივობა მხოლოდ პაციენტის ანატომიური აგებულებითა და ქირურგიული ჩარევის სირთულით იყო განპირობებული. არსებულ დისტანციას პროცესის დროზე გავლენა არ მოუხდენია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უხანსა და თბილისს შორის ციფრული კავშირი სტაბილური და უწყვეტი დარჩა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ტელერობოტული ოპერაციები, როგორც წესი, ხანმოკლე და მარტივი მანიპულაციებით შემოიფარგლება. ამ ფონზე, აღნიშნულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პირობებში, ანატომიურად რთული სიმსივნეების დისტანციური ოპერირებაც სრულიად შესაძლებელია.

ამ რთული ამოცანის წარმატებით შესრულება მულტიდისციპლინური გუნდის შეთანხმებულმა მუშაობამ განაპირობა. პროცესში ასისტენტი ქირურგი მარი ლიჩელი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლიკა ჯაჯანიძე, საოპერაციო ბლოკის ექთნები და კლინიკის IT სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ტექნიკური და საკომუნიკაციო მხარდაჭერა კი პარტნიორმა ორგანიზაციებმა (Magticom, EDGE Medical, Hospimed Georgia, ინოვა) უზრუნველყვეს.

ქირურგიული გუნდის წამყვანი სპეციალისტი, ონკო-ქირურგი და ლაპარასკოპისტი, ემზარ ნადირაძე ინტერვიუში სწორედ ამ პროცესის ტექნიკურ მხარეზე საუბრობს. ბატონმა ემზარმა სტაჟირება მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში დაასრულა, ხოლო რობოტული ქირურგიის სპეციალიზებული მომზადება სამხრეთ კორეაში გაიარა. ამ ეტაპზე ის ქვეყნის წამყვანი ონკოლოგიური ცენტრის, მარდალეიშვილის კლინიკის, ქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

სწორი ნაწლავის კიბოს ულტრადაბალი წინა რეზექცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროცედურად ითვლება. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დისტანციური ოპერაციისთვის მაინცდამაინც ეს, ტექნიკურად ასეთი კომპლექსური ქეისი შეირჩა?

დიახ, სწორი ნაწლავის ულტრა დაბალი რეზექცია, ბუნებრივი უკანატანის შენარჩუნების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ტექნიკურად რთულ და კომპლექსურ ოპერაციულ ჩარევად ითვლება.

ამგვარი კომპლექსური შემთხვევის შერჩევა უშუალოდ აპარატურის მწარმოებელ კომპანია „EDGE“-თან ერთობლივ გეგმას უკავშირდება. ჩვენი კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, პარტნიორი მხარის მთავარ თხოვნას სწორედ რთული ქეისის შესრულება შეადგენდა. ეს კი დისტანციურ რეჟიმში დიდი ქირურგიის დანერგვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა.

ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაში, მათ შორის ჩინეთშიც, ტელერობოტული მეთოდით ძირითადად ხანმოკლე და საშუალო სირთულის ოპერაციები სრულდება. მსგავსი პროცედურების საშუალო ხანგრძლივობა, როგორც წესი, 3-4 საათს არ აღემატება.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა 6000 კილომეტრის დაშორებით მყოფი პაციენტის ოპერირებისას ტრადიციულ ქირურგიასთან შედარებით?

ყველაზე დიდი გამოწვევა, უსაფრთხოების ყველა ზომის მიღების მიუხედავად, პაციენტის ჯანმრთელობაზე აღებული პასუხისმგებლობა იყო. ჩემთვის, როგორც ქირურგისთვის, ვითარებას ის ფაქტორიც ართულებდა, რომ მსგავსი ოპერაცია კავკასიის რეგიონში პირველად ტარდებოდა და აუცილებლად წარმატებული უნდა ყოფილიყო, რაც შევძელით კიდეც. ამ ტექნოლოგიური მიღწევით კი საქართველომ გლობალურ სამედიცინო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

ეს ოპერაცია მულტიდისციპლინური გუნდის იდეალური სინქრონიზაციის შედეგია. როგორ მიაღწიეთ მსგავს კოორდიანაციას და როგორი იყო მოსამზადებელი პროცესი?

მოსამზადებელი პერიოდი თითქმის სამ თვეს გაგრძელდა. ამ პროცესში მთავარ გამოწვევას უწყვეტი, მაღალი სიჩქარის ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამას მოჰყვა პაციენტის შერჩევა და მისთვის ყველა სამედიცინო თუ ტექნიკური ნიუანსის დეტალური ახსნა. თუმცა, პაციენტი შეთავაზებას ძალიან მარტივად დათანხმდა, დამოუკიდებლადაც მოიძია საჭირო ინფორმაცია და ჩვენს გუნდს სრული ნდობა გამოუცხადა.

ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, როგორ ხედავთ დისტანციური რობოტული ქირურგიის მომავალს საქართველოში?

საქართველოში დისტანციური რობოტული ქირურგიის განვითარება აუცილებლად უნდა დაიწყოს და ჩვენ ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. ეს მიმართულება მედიცინის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ჩვენი კოლეგებიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ურთულესი ქირურგიული შემთხვევების დისტანციურად მართვის შესაძლებლობას მოგვცემს. მომავალში, თუ ქართველ პაციენტს ოპერაციის გერმანელი ქირურგის მიერ ჩატარება მოუნდება, ეს ტექნოლოგია აღნიშნულ პროცესს საქართველოდანვე მარტივად ხელმისაწვდომს გახდის.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები