იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Sumitomo Pharma-მ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია მსოფლიოში პირველად ჩაატარა. ოპერაცია ოქტომბერში, კიოტოს უნივერსიტეტის კლინიკაში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც თერაპიამ მარტში ქვეყანაში პირობითი ავტორიზაცია მიიღო.
მარტში გაცემულ ავტორიზაციას წინ წარმატებული კლინიკური კვლევა უძღოდა. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში, 50-დან 69 წლამდე ასაკის შვიდ პაციენტს თავის ტვინის ორივე ჰემისფეროში 5-დან 10 მილიონამდე უჯრედი გადაუნერგეს. პაციენტებზე შემდგომმა ორწლიანმა დაკვირვებამ მძიმე გვერდითი მოვლენები არ გამოავლინა, ოთხი მათგანის შემთხვევაში კი სიმპტომები შემსუბუქდა.
თერაპია პაციენტის თავის ტვინში მილიონობით ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედის (iPS) გადანერგვას მოიცავს. ჯანმრთელი დონორებისგან აღებულ უჯრედებს დოფამინის წარმომქმნელი ნეირონების წინამორბედებად გარდაქმნიან ანუ სწორედ იმ სტრუქტურებად, რომლებიც პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში განადგურებულია.
პარკინსონის ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ამ დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადებით 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დღეს ხელმისაწვდომი თერაპია მხოლოდ სიმპტომებს მართავს და დაავადების პროგრესირებას ვერ აჩერებს.
Sumitomo Pharma 2029 წლის მარტამდე ტრანსპლანტაციის ჩატარებას კიდევ 20-30 პაციენტისთვის გეგმავს, პარალელურად კი კლინიკურ კვლევებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ატარებს. იაპონიაში სრული ავტორიზაციის მისაღებად თერაპიამ უსაფრთხოება და ეფექტიანობა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს.
წყარო: MedicalXpress

