საექთნო საქმე ჯანდაცვის სისტემის ღერძია, რომელიც პაციენტის უშუალო მოვლას, მონიტორინგსა და ემოციურ მხარდაჭერას აერთიანებს. ექთნები პაციენტებთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ექიმები, და მათ გამოჯანმრთელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მიუხედავად ამ სასიცოცხლო მნიშვნელობისა, საქართველოში ექთნის პროფესია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რაც, პირველ რიგში, არაადეკვატური ფინანსური დაფასებითა და მძიმე, ხშირად 24-საათიანი დამღლელი სამუშაო გრაფიკით გამოიხატება.
რა განასხვავებს საქართველოში არსებულ საექთნო პრაქტიკას დასავლური სტანდარტებისგან და რატომ იქცა ევროპა ქართველი სამედიცინო პერსონალისთვის მიზიდულობის მთავარ ცენტრად? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის დიპლომირებული ექთანი, ანი ბარბაქაძე გვესაუბრება.
ანი, რა არის ის მთავარი ფინანსური თუ შრომითი განსხვავება, რის გამოც საქართველოში ექთნად მუშაობა შენთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელია და რა გაძლევს ავსტრიაში მუშაობის მოტივაციას?
დაფასება არის სხვანაირად, რა თქმა უნდა. ჩემს ქართველ თანაკურსელებთან რომ მაქვს ხოლმე კონტაქტი და მეუბნებიან რამდენს გამოიმუშავებენ, მერე ჩემს ხელფასს რომ ვადარებ, ეს ათჯერ მეტია, თუ მეტჯერ არა. თვიურზე რომ ვიანგარიშოთ, ფაქტობრივად წარმოუდგენელია არსებობა. მათი ხელფასით წარმოუდგენელია ოჯახით შვებულებაში წასვლსა წელიწადში ორჯერ.
ჩემი რესურსებით, იმის ფონზე რომ კვირაში 40 საათს ვმუშაობ, შემიძლია ქირაც გადავიხადო, ჩემი თავისთვისაც გამოვყო ყოველთვიური ხარჯები, თანხა გადავდო და ინვესტიცია გავუკეთო. სანამ აქ ჩამოვიდოდი, მეც არ წარმომედგინა, რომ შემეძლებოდა წელიწადში ორჯერ სხვადასხვა ქვეყნებში, აზია იქნება ეს თუ ევროპა, მოგზაურობა.
ავსტრიის ძალიან მადლიერი ვარ, ძალიან ბევრი რამ მომცეს. როცა ჩამოვედი და ვნახე აქაური სიტუაცია, მაშინვე ვთქვი, რომ საქართველოში ამ პროფესიით ვერ დავრჩებოდი. ახლა ისევ სამშობლოში რომ ვიყო, ალბათ თოხს დავიჭერდი ან რაიმე სხვა საქმეს ვისწავლიდი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ავსტრიული პროგრამა გაიარე, როგორ შეაფასებდი საქართველოში მიღებულ საექთნო განათლებას და რა იყო ის მთავარი ბარიერი, რის გამოც ავსტრიაში დამატებითი პრაქტიკის გავლა დაგჭირდა?
ჩვენს ფაკულტეტზე თავდაპირველად 30-დან 40 სტუდენტამდე ვიყავით, თუმცა ბოლოს მხოლოდ 7 დავრჩით. ავსტრიაში კი დღეს მხოლოდ მე ვარ, რაც, სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერით არის გამოწვეული.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლას, სამედიცინო უნივერსიტეტში საკმაოდ ზოგადი განათლება მივიღეთ. ფაქტობრივად, ისე გვამზადებდნენ, როგორც უმცროს ექიმებს. პროგრამა არ იყო ვიწროდ საექთნო საქმეზე ფოკუსირებული და არც სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობის სპეციფიკას მოიცავდა.
გარდა ამისა, ავსტრიაში ჩამოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი პრაქტიკული საათი მაკლდა ე.წ. „Langzeitpflege-ში“ ანუ ხანგრძლივ მოვლაში, რაც, მაგალითად, მოხუცთა სახლებში მუშაობას გულისხმობს. ვინაიდან საქართველოში მსგავსი ინსტიტუტი ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისი პრაქტიკაც არ მქონდა და ამ საათების ანაზღაურება დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მომიწია.
ძალიან დიდი სხვაობაა დოკუმენტაციის წარმოებაშიც. აქ გვაქვს სპეციალური სისტემა 0„Pflegeprozess“ და უდიდესი ელექტრონული მონაცემთა ბაზა. საქართველოში კი ექთნებს მსგავსი ფუფუნება არ აქვთ. ინფორმაციის გადაცემა მხოლოდ ზეპირად ან ხელით დაწერილი ჩანაწერებით ხდება, რა დროსაც მონაცემების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ იკარგება.
როგორ განსხვავდება ექიმისა და ექთნის პროფესიული ურთიერთობა ავსტრიულ და ქართულ კლინიკებს შორის?
საქართველოში ექიმებსა და ექთნებს შორის ძალიან დიდი იერარქიული დისტანციაა. ეს ზღვარი იმდენად მკვეთრია, რომ ქართველი ექთანი ექიმთან იმის თქმასაც კი ალბათ ვერ გაბედავს, თუ პაციენტის მდგომარეობაში რაღაც არ მოსწონს, რაიმეზე ეჭვობს ან მიიჩნევს, რომ, მაგალითად, ნევროლოგის ჩარევაა საჭირო.
აქ კი სრულიად განსხვავებული მიდგომაა. რეალურად, ექიმებს პაციენტებთან ისეთივე მჭიდრო კონტაქტი არ აქვთ, როგორიც ექთნებს. ექიმები და ქირურგები დილით მხოლოდ ნახევარსაათიან შემოვლაზე მოდიან, პაციენტებს რამდენიმე წუთით ნახულობენ და სულ ეს არის.
ავსტრიაში ექიმები მუდმივად გვეკითხებიან ჩვენს აზრს პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ამ პროფესიული უნარებისა და თავდაჯერებულობის შეძენა სწორედ აქ მომიწია და საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემს სიტყვასა და საექთნო შეფასებას ძალიან დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს.
პაციენტების განაწილებაზეც რომ ვისაუბროთ. შენს სტაციონარში ერთ ექთანზე რამდენი პაციენტი მოდის და როგორ ხდება დატვირთვის დარეგულირება?
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილებაში 28-საწოლიანი სტაციონარი გვაქვს, სადაც ვიღებთ როგორც გეგმურ ოპერაციაზე მყოფ პაციენტებს, ისე დაშავებულ სპორტსმენებს. ბუნებრივია, ეს 28 საწოლი მხოლოდ ერთი სიმძიმის კატეგორიის პაციენტებით არ ივსება.
სისტემაში გვაქვს ე.წ. „Pflegeschlüssel“ – პაციენტების შეფასების სპეციალური მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მოცულობის საექთნო რესურსს მოითხოვს. მათ შესაბამისი ქულები ენიჭებათ, რათა დატვირთვა თანაბრად გადანაწილდეს და რომელიმე ექთანს მხოლოდ რთულ პაციენტებთან არ მოუწიოს მუშაობა.
ჩვეულებრივ, ერთ ექთანზე მინიმუმ 5 პაციენტი მოდის, რაც დაახლოებით ასე ნაწილდება: ერთი აუცილებლად მძიმე პაციენტი, ორი საშუალო სიმძიმის, და ორიც შედარებით მსუბუქი. მსუბუქ კატეგორიაში ვგულისხმობ ისეთ პაციენტებს, ვისაც, მაგალითად, ხელის ან მხრის ოპერაცია აქვთ გადატანილი და დამოუკიდებლად გადაადგილება (მობილურობა) შეუძლიათ.
ავსტრიაში მოსახლეობა საკმაოდ ხანდაზმულია. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ასაკოვან პაციენტებთან მუშაობა პოსტ-ოპერაციულ პერიოდში?
დიახ, ეს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან აქ მოსახლეობის საშუალო ასაკი 80 წელს აჭარბებს. ჩემთვის ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო, როდესაც პირველად მომიწია 100 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მუშაობა; ბუნებრივია, ამ ასაკში პაციენტებს ხშირად აქვთ მოტეხილობები და ოპერაციული ჩარევა სჭირდებათ. სამწუხაროდ, ქირურგიული ჩარევის შემდგომ ხანდაზმულთა უმრავლესობა დელირიუმში გადადის. ამ მდგომარეობიდან პაციენტის გამოყვანა და მათი მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და უდიდეს რესურსს მოითხოვს. ამ დროს ჩვენთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და სპეციალიზებული ექთნები – ე.წ. „Memory Nurse“-ები. მათი დახმარებით ვცდილობთ პაციენტს შევუქმნათ მყუდრო და უსაფრთხო გარემო, რათა მათ თავი დაცულად იგრძნონ და გარემო გაუცხოებული არ იყოს. ეს დამატებითი მხარდაჭერა გადამწყვეტია მათი რეაბილიტაციისთვის.
ანი, ახსენე, რომ საქართველოში ექთნებისთვის 24-საათიანი მორიგეობებიც არსებობს. კონკრეტულად როგორია შენი სამუშაო გრაფიკი ავსტრიაში და რა რეგულაციები იცავს ექთნებს გადაღლისგან?
საქართველოში ექთნები ხშირად 24 საათს მუშაობენ და შემდეგ მხოლოდ ერთი დღე ისვენებენ, რაც ავსტრიაში კატეგორიულად დაუშვებელია და შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა. აქ 12 საათზე მეტი მუშაობა დასჯადია, ცვლის დასრულების შემდეგ კი კანონით აუცილებელია გქონდეს მინიმუმ 11 საათი და 50 წუთი სრულფასოვანი დასვენებისთვის.
ჩვენთან სრული განაკვეთი კვირაში 40 საათს შეადგენს. თუ ადამიანს სხვა კლინიკაშიც სურს მუშაობა, მაშინ საათები უნდა გაიყოს, მაგალითად, 20 საათი ერთგან და 20 მეორეგან, რათა ჯამური დატვირთვა ლიმიტს არ ასცდეს.
პირადად მე კვირაში მაქსიმუმ 5 მორიგეობა მაქვს. ავსტრიაში, გერმანიისგან განსხვავებით, 12-საათიანი ცვლებიც არსებობს, თუმცა გვაქვს 8-საათიანი მორიგეობებიც: მაგალითად, დილის 7-დან 4-მდე, 7-დან 7-მდე ან სულაც 7-დან პირველ საათამდე. განყოფილების უფროსი გრაფიკს ინდივიდუალურად ადგენს ისე, რომ კვირაში ზუსტად 40 საათი შეივსოს. საბოლოო ჯამში, თვეში 15-დან 17 მორიგეობამდე მიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის თითქმის ნახევარი თავისუფალი მაქვს.
საქართველოში ექთნის დამხმარედ ხშირად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ. ავსტრიაში რა როლი აქვთ ე.წ. ექთნის თანაშემწეებს და როგორ ნაწილდება მოვალეობები თქვენს შორის?
ავსტრიაში ექთნის თანაშემწეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ, ჩვენს სტაციონარში პერსონალის ნახევარზე მეტს სწორედ ისინი შეადგენენ. ამ პროფესიული განათლების მიღება საკმაოდ მოკლე დროშია შესაძლებელი, აქვთ სოლიდური ანაზღაურება და ძალიან ხარისხიან საქმეს აკეთებენ. ისინი დიპლომირებული ექთნების ნამდვილი „მარჯვენა ხელები“ არიან.
უშუალოდ პაციენტის ყოველდღიური მოვლა სწორედ მათი კომპეტენციაა. ჩვენ კი, დიპლომირებულ ექთნებს, პაციენტზე ზრუნვის გარდა, უამრავი საორგანიზაციო საკითხი გვაბარია — მათ შორის მონაცემთა ბაზების მართვა, პაციენტების მიღება-გაწერის პროტოკოლები, კათეტერიზაცია და სხვა რთული მანიპულაციები.
რაც შეეხება სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ექთნის დამხმარედ მუშაობას – ეს აქ გამორიცხულია. სტუდენტები თავიანთ საქმეში კომპეტენტურები არიან, თუმცა საექთნო საქმე სულ სხვა დარგია. ჩვენ, ექთნები, ჩვენს პასუხისმგებლობებს ვასრულებთ, ექიმები – თავისას, და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ერთიანი გუნდი ვართ, ჩვენს პროფესიულ კომპეტენციაში არავინ ერევა.
როგორია დიპლომირებული ექთნის დაუბეგრავი ანაზღაურება და რამდენად დიდია სხვაობა ექიმის ხელფასთან მიმართებით?
დამწყები დიპლომირებული ექთნის „ბრუტო“ (დაუბეგრავი) ხელფასი დაახლოებით 5800 ევროა. აქედან, მართალია, 34% გადასახადებსა და დაზღვევაში მიდის, მაგრამ ხელზე მაინც საკმაოდ სოლიდური თანხა რჩება.
საინტერესოა ექიმების ანაზღაურებასთან შედარებაც: გამოცდილი ექთნის, ანუ ამ შემთხვევაში, ჩემი, ხელფასი და უმცროსი ექიმის შემოსავალი თითქმის თანაბარია. როგორც წესი, უმცროსი ექიმი მხოლოდ 300 ევროთი თუ მისწრებს. რა თქმა უნდა, უკვე შემდგარ და გამოცდილ ქირურგებს გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.
პოსტ-ოპერაციულ განყოფილებაში მნიშვნელოვანია პაციენტის ფეხზე დაყენება. როგორ არის განაწილებული მოვალეობები თქვენს მრავალპროფილურ გუნდში, მაგალითად ფიზიოთერაპევტებთან?
ჩვენ ერთიანი, მრავალპროფილური გუნდი ვართ, რომელიც ექთნებს, თანაშემწეებს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს აერთიანებს. პაციენტის პოსტოპერაციულ მართვაში ფიზიოთერაპევტებს ფასდაუდებელი როლი აკისრიათ; რეაბილიტაციის პროცესი და აქტიური ვარჯიშები ოპერაციის დასრულებისთანავე, პირველივე დღეს იწყება.
მართალია, პაციენტების მობილიზება ჩვენი მოვალეობაც არის, თუმცა ყველაზე რთული ნაწილი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სწორედ ფიზიოთერაპევტებზე მოდის. ისინი ჩვენთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი ყოველდღიურ საქმიანობაში და მათ გარეშე ჩვენი მუშაობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
საქართველოში ექთნის კარიერული გზა საკმაოდ შეზღუდულია. ავსტრიაში რა მიმართულებით შეგიძლიათ განვითარება?
აქ არჩევანი რეალურად ძალიან მრავალფეროვანი და ფართოა. ექთნებს უამრავ სფეროში შეუძლიათ საკუთარი თავის რეალიზება. თუნდაც კლინიკის ფარგლებში რომ ავიღოთ, არსებობენ, მაგალითად, კინესთეტიკის ექთნები – მათი მოვალეობა თანამშრომლებზე ზრუნვაა, რათა პერსონალმა ერგონომიულად იმუშაოს, ხერხემალი არ დაიზიანოს და პაციენტების მობილიზებაც უფრო მარტივად შეძლოს.
ასევე არსებობენ უკვე ნახსენები „Memory Nurse“-ები, რომლებიც დელირიუმის მქონე პაციენტებზე არიან ფოკუსირებულნი – ეს საკმაოდ ახალი და აქტუალური მიმართულებაა. გარდა ამისა, შეგიძლიათ ჩაერთოთ სამეცნიერო კვლევებში, დაამთავროთ სამაგისტრო პროგრამა, გახდეთ პედაგოგი ან მენტორი. აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, რა გზას აირჩევთ და რა მიმართულებით ისურვებთ პროფესიულ განვითარებას.

