მწეველებს პარკინსონის დაავადების ნაკლები რისკი აქვთ — მეცნიერებმა შესაძლო მიზეზს მიაგნეს

გააზიარე

მოწევა ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი და ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია, მაგრამ პარადოქსულია, რომ მწეველებს პარკინსონის დაავადების განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით დაახლოებით 50%-ით ნაკლები აქვთ. ეს უცნაური კავშირი ჯერ კიდევ 50 წლის წინ შეამჩნიეს, თუმცა ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობი რჩებოდა.

მას შემდეგ, რაც ნიკოტინის ტესტირებამ პარკინსონის დაავადების შენელებაზე შედეგი არ გამოიღო, მეცნიერებმა სიგარეტის კვამლში შემავალი სხვა აირების შესწავლა დაიწყეს. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ დამცავ ეფექტზე პასუხისმგებელი, შესაძლოა, ნახშირბადის მონოქსიდი (CO) იყოს.

რას აჩვენებს ახალი კვლევა?

მკვლევრებმა China Kadoorie Biobank-ის მონაცემები გამოიყენეს, რომელიც ნახევარი მილიონი ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის ისტორიას აერთიანებს. მათ მონაწილეების ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) დონე გაზომეს.

კვლევის შედეგები საყურადღებო აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მწეველებში პარკინსონის განვითარების რისკი მართლაც 30%-ით დაბალი იყო და მათ ამოსუნთქულ ჰაერში CO-ს მაღალი დონე ფიქსირდებოდა. თუმცა, მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ არამწეველ ადამიანებშიც კი, რომლებსაც ამოსუნთქულ ჰაერში CO-ს უფრო მაღალი დონე აღენიშნებოდათ, პარკინსონის განვითარების რისკი გაცილებით დაბალი იყო (ამასთან, CO-ს დონე არ ასოცირდებოდა დემენციის ან ფილტვის კიბოს რისკებთან). ყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ პარკინსონისგან ტვინს თავად მოწევის პროცესი კი არ იცავს, არამედ ნახშირბადის მონოქსიდი, რომელსაც ადამიანი მოწევისას ან სულაც სხვა გზით იღებს.

საიდან ხვდება CO არამწეველთა ორგანიზმში?

ნახშირბადის მონოქსიდი გამოიყოფა ისეთი საწვავის არასრული წვის დროს, როგორიცაა ხე, ქვანახშირი ან ბენზინი. შესაბამისად, დაბინძურებული ჰაერი, შენობაში გათბობისთვის მყარი საწვავის გამოყენება ან სხვისი სიგარეტის კვამლის შესუნთქვა (პასიური მოწევა) ორგანიზმში CO-ს დონეს ზრდის.

გარდა ამისა, ადამიანის უჯრედები თავადაც გამოიმუშავებენ CO-ს მცირე რაოდენობით. მართალია, დიდი დოზით ის ტოქსიკური და მომწამვლელია, მაგრამ მიკროდოზებში მას უჯრედების დაზიანებისგან დაცვა, ანთების ჩახშობა და იმუნური სისტემის მხარდაჭერა შეუძლია.

მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მოწევის დაწყებას ან მისთვის თავის დანებების გადავადებას. მოწევის მავნე შედეგები ბევრად აღემატება ნებისმიერ პოტენციურ სარგებელს.

კვლევა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ დაბალ დოზებში ნახშირბადის მონოქსიდს შესაძლოა ნეიროპროტექტორული თვისებები ჰქონდეს. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად უკვე დაწყებულია კლინიკური კვლევები, სადაც პარკინსონის მქონე პაციენტებში CO-ს დაბალ დოზებს სამკურნალო მიზნით ტესტავენ.

წყარო: theconversation

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები