ტკივილის პარადოქსი — რატომ გვჭირდება შეგრძნება, რომლისგანაც გაქცევას ვცდილობთ

გააზიარე

ცხელ ტაფას შემთხვევით შეეხეთ და ხელი მაშინვე უკან გასწიეთ. ფეხის თითი მაგიდის კუთხეს მიარტყით და რამდენიმე წამით ყველაფერი შეგძულდათ… ღამით კბილის ტკივილმა გაგაღვიძათ და აღმოაჩინეთ, რომ ერთი პატარა კბილი მთელ თქვენს ცხოვრებას აკონტროლებს…

ტკივილი ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ნაწილია. ის გვიშლის ხელს მუშაობაში, ძილში, მოძრაობაში და ზოგჯერ ფიქრშიც კი. ამიტომ, ბუნებრივია კითხვა: რატომ არსებობს ეს მტანჯველი შეგრძნება?!

პასუხი პარადოქსულია: ტკივილის გარეშე ცხოვრება გაცილებით სახიფათო იქნებოდა. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტკივილს დაბადებიდან ვერ გრძნობენ და ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა.

რატომ არ გვაძლევს ტვინი საშუალებას, მშვიდად შევეხოთ ცხელ ტაფას?

დავუბრუნდეთ ცხელ ტაფას. როგორც კი მას ხელით ვეხებით, კანში არსებული სპეციალური ნერვული დაბოლოებები, ნოციეპტორები, სახიფათო ტემპერატურაზე რეაგირებს.

ისინი ელექტრულ სიგნალებს წარმოქმნის, რომლებიც ნერვების გავლით ზურგის ტვინამდე მიდის, შემდეგ კი ინფორმაციას თავის ტვინიც იღებს. სწორედ ტვინის მონაწილეობით ყალიბდება უსიამოვნო განცდა, რომელსაც ტკივილს ვუწოდებთ.

აქ ერთი საინტერესო დეტალია: ხელს ხშირად მანამდე ვწევთ უკან, სანამ ტკივილს ბოლომდე გავაცნობიერებთ.

ეს ზურგის ტვინის რეფლექსის დამსახურებაა. ორგანიზმი არ ელოდება, როდის გააანალიზებთ სიტუაციას, შეაფასებთ ტაფის ტემპერატურას და გადაწყვეტთ, რომ ხელის მოშორება კარგი იდეაა.

ზურგის ტვინში არსებული ნერვული წრედები შესაბამის კუნთებს ააქტიურებს და ხელი უკან იწევა. ასე რომ, სანამ თქვენ ტკივილს აცნობიერებთ, ორგანიზმს საკუთარი გადარჩენის ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს.

რატომ გვტკივა ზოგჯერ უფრო მეტად, ვიდრე უნდა გვტკიოდეს?

ფეხის თითის ავეჯზე მირტყმა ხშირად ისეთი მტკივნეულია, თითქოს სერიოზული ტრავმა მივიღეთ. ამ დროს კი შეიძლება არც არაფერი გვქონდეს მოტეხილი და რამდენიმე წუთში ტკივილიც გაქრეს.

ეს იმიტომ ხდება, რომ ტკივილი დაზიანების სიმძიმის ზუსტი საზომი არ არის. მის აღქმაზე გავლენას ახდენს ყურადღება, ემოციები, წარსული გამოცდილება და გარემო.

მაგალითად, ფეხბურთელმა შეიძლება თამაშის დროს ტრავმა მიიღოს და თავდაპირველად ტკივილი თითქმის ვერ იგრძნოს. მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ აღმოაჩინოს, რომ დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

ძლიერი ემოციური აღგზნების ან სტრესის დროს ტვინს ტკივილის სიგნალების გადაცემის დროებით შესუსტება შეუძლია. საპირისპირო ეფექტიც არსებობს. როდესაც დაძაბული ვართ, ცუდად გვძინავს ან გამუდმებით ტკივილზე ვფიქრობთ, ის შეიძლება უფრო ინტენსიურად აღვიქვათ.

ტკივილი რეალური გამოცდილებაა, რომლის ინტენსივობასაც ნერვული სისტემა არეგულირებს.

როგორ შეიძლება გვტკიოდეს ხელი, რომელიც საერთოდ აღარ გვაქვს?

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა ფანტომური ტკივილია.

ადამიანმა შეიძლება ამპუტაციის შედეგად ხელი დაკარგოს, მაგრამ კვლავ გრძნობდეს, თითქოს თითები სტკივა, მუშტი შეკრული აქვს ან მაჯაში ძლიერ ზეწოლას განიცდის.

როგორ შეიძლება გვტკიოდეს სხეულის ნაწილი, რომელიც აღარ არსებობს?

საქმე ისაა, რომ ტვინს ჩვენი სხეულის ერთგვარი ნერვული რუკა აქვს. მასში წარმოდგენილია სხეულის სხვადასხვა ნაწილი და მათგან მიღებული სენსორული ინფორმაცია.

კიდურის დაკარგვის შემდეგ ეს ნერვული სისტემა მყისიერად არ ქრება. თავის ტვინში, ზურგის ტვინსა და დარჩენილ ნერვებში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება ტკივილის განცდა წარმოქმნას.

ეს გვიჩვენებს, რომ ტკივილი მხოლოდ დაზიანებული ქსოვილიდან წამოსული სიგნალი არ არის.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტკივილი არასოდეს უგრძნიათ

წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ეცემა, მუხლს ძლიერ იზიანებს და თამაშს ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა… ან ადამიანი, რომელიც ცხელ წყალს ეხება და დამწვრობას მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც კანი უკვე დაზიანებულია.

ასეთი შემთხვევები რეალურად არსებობს.

იშვიათი გენეტიკური მდგომარეობების გამო ზოგიერთი ადამიანი დაბადებიდან ვერ გრძნობს ტკივილს. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა დაკავშირებულია SCN9A გენის გარკვეულ მუტაციებთან, რომლებიც ტკივილის სიგნალების გადაცემისთვის მნიშვნელოვანი ნერვული მექანიზმების მუშაობას არღვევს.

ერთი შეხედვით, ეს სუპერძალას ჰგავს. სინამდვილეში ასეთი მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ბავშვებმა შეიძლება შემთხვევით დაიზიანონ ენა, მოიტეხონ ძვალი ან მიიღონ მძიმე დამწვრობა ისე, რომ ტკივილმა ამის შესახებ ვერ გააფრთხილოს.

ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანებები მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც უკვე სერიოზული გართულებებია განვითარებული.

რატომ გვტკივა მაშინაც, როდესაც დაზიანება უკვე შეხორცებულია?

ტკივილს კიდევ ერთი უცნაური თვისება აქვს: ზოგჯერ ის საფრთხის გაქრობის შემდეგაც რჩება.

მაგალითად, ადამიანს შეიძლება ზურგი დაუზიანდეს, ქსოვილები დროთა განმავლობაში შეხორცდეს, მაგრამ ტკივილი თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ტკივილს, რომელიც სამ თვეზე მეტხანს გრძელდება ან განმეორებით ვლინდება, ქრონიკულ ტკივილს უწოდებენ.

ზოგიერთ შემთხვევაში ამის მიზეზი ნერვული სისტემის მომატებული მგრძნობელობაა.

წარმოიდგინეთ სახანძრო სიგნალიზაცია, რომელიც თავდაპირველად ნამდვილ ხანძარზე ჩაირთო, შემდეგ კი იმდენად მგრძნობიარე გახდა, რომ ჩვეულებრივ ორთქლზეც განგაშს ტეხს.

ეს ქრონიკული ტკივილის ზოგიერთი ფორმის გასაგებად სასარგებლო ანალოგია, თუმცა ქრონიკულ ტკივილს მრავალი განსხვავებული მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

რატომ გვჭირდება ტკივილი?

ტკივილის მთავარი ევოლუციური უპირატესობა საფრთხის თავიდან აცილებაა.

თუ ერთხელ ხელი ცხელ ზედაპირზე დაგეწვათ, დიდი ალბათობით მომავალში უფრო ფრთხილად იქნებით. თუ ფეხი დაიზიანეთ, ტკივილი გაიძულებთ, მას ნაკლები დატვირთვა მისცეთ და აღდგენის საშუალება მისცეთ.

ტკივილი ამგვარად სწავლაშიც მონაწილეობს. ის გვეხმარება, დავიმახსოვროთ სახიფათო გამოცდილება და მომავალში მსგავსი სიტუაციები თავიდან ავიცილოთ.

რა თქმა უნდა, ეს სისტემა იდეალური არ არის. ზოგჯერ ტკივილი ზედმეტად ძლიერია, ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში კი შეიძლება დამცავი ფუნქციაც დაკარგოს.

საბოლოოდ, ტკივილი შეიძლება ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო მექანიზმი იყოს, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოც.

ის განგაშის სისტემაა, რომლის გამორთვაც ხშირად გვინდა, თუმცა მის გარეშე გაცილებით მეტი საფრთხე დაგვემუქრებოდა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები