მუხლის ნაწილობრივი ჩანაცვლება რობოტული ტექნოლოგიით

გააზიარე

მუხლის ნაწილობრივი ჩანაცვლება უფრო უსაფრთხო ხდება. ევროპაში პირველად გამოიყენეს  ინოვაციური VELYS™ რობოტული ტექნოლოგია. ეს სისტემა ქირურგს აწვდის ზუსტ 3D ინფორმაციებს და ამარტივებს რთულ მანიპულაციებს, რაც ამცირებს გართულებებს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ორთოპედიული ქირურგიის ამ ინოვაციის ავტორია Johnson & Johnson-ი. მან  ევროპაში პირველად გამოიყენა თავისი VELYS™ რობოტული სისტემა მუხლის ნაწილობრივი ჩანაცვლებისთვის (უნიკომპარტმენტალური მუხლის ართროპლასტიკისთვის (UKA)).

VELYS რობოტულ-ასისტენტური ტექნოლოგია ქირურგებს მუხლის ჩანაცვლების ოპერაციების მაქსიმალური სიზუსტით ჩატარებაში ეხმარება. თუმცა, ეს არ არის სრულად ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად ატარებს ოპერაციას. ის „გონიერი ასისტენტია“, რომელიც პროცესის მიმდინარეობაზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის ქირურგს.

ეს რობოტული სისტემა ექსკლუზიურად მუშაობს SIGMA® HP მუხლის ნაწილობრივ იმპლანტთან და INTUITION™ ინსტრუმენტებთან ერთად. 15 წელზე მეტია, ეს კომბინაცია ნდობას ამართლებს.

მართალია, VELYS წარმატებით გამოიყენებოდა მუხლის სრული ჩანაცვლების ოპერაციებში, მაგრამ ახლა ეს ტექნოლოგია უფრო დაიხვეწა. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, VELYS რობოტული სისტემა უზრუნველყოფს იმპლანტის ზუსტ განთავსებას და ძვლის რეზექციებს, ოპერაციამდე კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოკვლევის გარეშე.

ეს ინოვაცია მიზნად ისახავს მუხლის ნაწილობრივი ოპერაციების სირთულეების მოგვარებას, კერძოდ, უკეთესი ხილვადობისა და მცირე უბნებზე ზუსტი მუშაობის უზრუნველყოფას.

რატომ არის ეს მიღწევა ასეთი მნიშვნელოვანი?

Johnson & Johnson MedTech-ის ორთოპედიის EMEA ვიცე-პრეზიდენტი სარა მიულერი განმარტავს, რომ ევროპაში ოსტეოართრიტის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი პაციენტი საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო გადაწყვეტილებებს. ამიტომ რობოტული ტექნოლოგიის სიზუსტე, გამოცდილ იმპლანტებთან ერთად, ოპერაციის შედეგებს უფრო დამაიმედებელს ხდის.

მუხლის ნაწილობრივი ჩანაცვლება ბევრად უფრო ეფექტურია და ეკონომიურადაც ხელსაყრელი, ვიდრე მუხლის სრული ოპერაცია. თუმცა, ტექნიკური სირთულეების გამო, ეს მეთოდი ხშირად არ გამოიყენებოდა. სწორედ აქ ეხმარება ქირურგებს VELYS-ის რობოტული ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს:

  • რეალურ დროში ინტრაოპერაციული ინფორმაციის მიწოდებას.
  • 3D ვიზუალიზაციას.
  • ინსტრუმენტების გაუმჯობესებული ბალანსირების შესაძლებლობებს.

დოქტორი პიტერ-იან ვანდეკერხოვე, რომელმაც, მუხლის ნაწილობრივი პროთეზირებისთვის (UKA), ბელგიაში პირველად გამოიყენა ეს სისტემა, აღფრთოვანებით აღნიშნავს: „ეს ინოვაციური ტექნოლოგია ზრდის ოპერაციის სიზუსტეს და ეხმარება ქირურგებს მის უკეთესად მართვაში. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მუხლის პროთეზირებაში, რომელიც პაციენტებისთვის გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა.“

Johnson & Johnson-ის რობოტული ტექნოლოგია ახალ სტანდარტებს ადგენს მუხლის ენდოპროთეზირების ქირურგიაში. მალე ასეთი მაღალტექნოლოგიური მიდგომა მუხლის ჩანაცვლების საუკეთესო გზა გახდება.

წყარო: Johnson & Johnson

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები