ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ნეირონების წარმოქმნის უნარს ზრდასრულ ასაკშიც ინარჩუნებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო აქტიურია ეს პროცესი, მით უფრო უკეთესია ადამიანის მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციები ხანდაზმულობაში.
მკვლევრებმა შეისწავლეს გარდაცვლილი დონორების ტვინის ნიმუშები. ახალგაზრდებიდან დაწყებული, 80 წელს გადაცილებული შენარჩუნებული კოგნიტური უნარების მქონე ხანდაზმულები (super agers) დამთავრებული, რომლებსაც სიცოცხლეში გამორჩეული მეხსიერება ჰქონდათ.
კვლევის მთავარი მიგნება
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი გონების მქონე ადამიანებში ნეიროგენეზი, ანუ ახალი ნეირონების წარმოქმნა, მაღალ დონეზე ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნეირონები ჰიპოკამპუსის, მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ზონის, მხოლოდ 0.01%-ს შეადგენს, მათ გადამწყვეტი როლი აკისრიათ.
ამის საპირისპიროდ, ალცჰაიმერით დაავადებულებსა და კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში ახალი ნეირონების რაოდენობა მკვეთრად შემცირებული იყო. საინტერესოა, რომ super ager-ების ჯგუფში მყოფ ხანდაზმულებს იმაზე მეტი ჩანასახოვანი ნეირონი აღმოაჩნდათ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჯგუფს.
სამეცნიერო დებატები
ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ადამიანის ტვინი დაბადების შემდეგ ნეირონებს აღარ წარმოქმნიდა. ეს დოგმა ბოლო წლებში ახალმა მტკიცებულებებმა ეჭვქვეშ დააყენა.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ადამიანის ტვინში ამ პროცესის შესწავლა რთულია, რადგან ცოცხალ ადამიანში ისეთივე ქიმიური ტესტების ჩატარება, როგორიც ცხოველებში, შეუძლებელია. ამჯერად მეცნიერებმა გამოიყენეს უახლესი მეთოდები, RNA სეკვენირება და ეპიგენეტიკური მარკერები, რათა უჯრედების გენეტიკური „ხელწერა“ განესაზღვრათ.
რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი?
თუ მეცნიერები ზუსტად გაიგებენ, როგორ წარმოქმნის ტვინი ახალ ნეირონებს ხანდაზმულობაში, ეს გზას გაუხსნის ახალი მედიკამენტების შექმნას. ასეთ წამლებს შეეძლებათ ნეიროგენეზის სტიმულირება იმ პაციენტებში, რომლებსაც მეხსიერების პრობლემები ან ალცჰაიმერის დაავადება აწუხებთ.
შემდეგი ნაბიჯი ამ ახალი ნეირონების ზუსტი ფუნქციის დადგენაა, რაც უფრო მგრძნობიარე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს.
ვრცლად: Nature

