მედიცინის ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი და რევოლუციური ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც შესაძლოა ორგანოთა დონაციის გლობალური კრიზისის დასასრულის დასაწყისად იქცეს. ჩინეთში, გუანსის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კლინიკაში, ქირურგთა ჯგუფმა მსოფლიოში პირველად მულტიორგანული ქსენოტრანსპლანტაციის მაღალტექნოლოგიური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ადამიანის სხეულში გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ორი თირკმელი და მთლიანი ღვიძლი ერთდროულად გადანერგეს. ეს უპრეცედენტო ექსპერიმენტული პროცედურა 53 წლის მამაკაცს ჩატარდა, რომელიც ჰემორაგიული ინსულტის შედეგად, ტვინის ტოტალური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამავდროს თირკმლის მძიმე, ქრონიკული დაავადება ჰქონდა. პაციენტის ოჯახმა, სამედიცინო პროგრესის ხელშესაწყობად, კვლევაში მონაწილეობაზე სრული თანხმობა განაცხადა.
ქსენოტრანსპლანტაცია
ქსენოტრანსპლანტაცია, რაც ერთი ბიოლოგიური სახეობიდან მეორეში ორგანოების, ქსოვილების ან უჯრედების გადანერგვას ნიშნავს — ათწლეულების განმავლობაში სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნეოდა. მთავარ ბარიერს, რის გამოც ცხოველის ორგანოების ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირება აქამდე შეუძლებელად ითვლებოდა, იმუნური სისტემის მყისიერი და უკიდურესად აგრესიული პასუხი წარმოადგენს. უცხო სხეულის აღმოჩენისთანავე ორგანიზმი მის მწვავე უარყოფას იწყებს, რაც თრომბოზს, სისხლძარღვების დაზიანებას და ორგანოს კვდომას რამდენიმე წუთში ან საათში იწვევს.
ამ ბარიერის გადასალახად მეცნიერებმა გენური ინჟინერიას მიმართეს, კერძოდ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ CRISPR ტექნოლოგიას. დონორი ცხოველი არ ყოფილა ჩვეულებრივი ღორი; მას ექვსი სპეციფიკური გენეტიკური მოდიფიკაცია ჩაუტარდა. მკვლევრებმა „გამორთეს“ ღორის ის სამი გენი, რომლებიც პასუხისმგებელია ადამიანის ორგანიზმში მწვავე იმუნური უარყოფის პროვოცირებაზე. პარალელურად, დნმ-ის სტრუქტურაში ჩაშენდა სამი ადამიანური გენი, რაც ახალ ორგანოებს ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემასა და იმუნიტეტთან მეტ თავსებადობას ანიჭებს.
ოპერაცის შემდეგ
ოპერაციის შემდგომმა დინამიკამ მეცნიერებს უნიკალური სამეცნიერო მასალა და დიდი იმედი მისცა. გადანერგილი ორგანოები თითქმის ხუთი დღის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდნენ და ექიმებს საშუალება ჰქონდათ, რეალურ დროში დაჰკვირვებოდნენ მათ მუშაობას. გენმოდიფიცირებულმა ღვიძლმა ოპერაციიდან სულ რაღაც 19 საათში ნაღვლის გამომუშავება დაიწყო, რაც მისი ფუნქციური სიცოცხლისუნარიანობის პირდაპირი დასტურია. ამავდროულად, ღორის თირკმელებმა ეფექტურად დაიწყეს მუშაობა და პაციენტის ორგანიზმში ტოქსინებისა და ნარჩენი ნივთიერებების ფილტრაციის დონე ნორმალურ ნიშნულამდე დააბრუნეს.
მიუხედავად წარმატებისა, პროცედურამ გამოავლინა ის სირთულეებიც, რომელთა წინაშეც მეცნიერები კვლავ დგანან. ოპერაციიდან დაახლოებით 36 საათის შემდეგ, ორგანიზმმა დაიწყო ორგანოთა უარყოფის ადრეული ნიშნების ჩვენება. ადამიანის იმუნურმა უჯრედებმა დაიწყეს ღორის უჯრედების ჩანაცვლება, ხოლო ღვიძლის ქსოვილებში მცირე დაზიანებები და თრომბების წარმოქმნა დაფიქსირდა. თუმცა, ორგანოებმა მუშაობა მაინც განაგრძეს, რაც აჩვენებს, რომ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვამდე აუცილებელია კიდევ უფრო მძლავრი და სპეციფიკური იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) თერაპიის შემუშავება.
რატომ არის ეს ამბავ ასე მნიშვნელოვანი?
ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფონზეა, რომ მსოფლიოში ორგანოთა დონორების კატასტროფული დეფიციტია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 100,000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება მოლოდინის სიებში და ყოველდღიურად დაახლოებით თორმეტი მათგანი კვდება ისე, რომ შესაფერის თირკმელს ან ღვიძლს ვერ უცდის. ღორები ამ კრიზისის გადასაჭრელად საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევიან, ვინაიდან მათი ორგანოების ზომა და ანატომია საოცრად ჰგავს ადამიანისას, ისინი სწრაფად მრავლდებიან და მათი პოპულაციის მართვა ბევრად მარტივია. ჩინეთში ჩატარებული ეს მულტიორგანული ტრანსპლანტაცია ბოლო წლების სხვა წარმატებულ ექსპერიმენტებს ეფუძნება, როგორიცაა გენმოდიფიცირებული ღორის გულის გადანერგვა ცოცხალ პაციენტებში და ღორის თირკმელების რამდენიმე კვირიანი ფუნქციონირება ტვინის სიკვდილის მქონე დონორებში.
სამომავლო პერსპექტივაში, სანამ ქსენოტრანსპლანტაცია ყოველდღიურ მედიცინად იქცევა, მეცნიერებმა უნდა გადაჭრან გრძელვადიანი იმუნური რეაქციების ბლოკირების, სისხლის თრომბოზების თავიდან აცილებისა და ცხოველური ენდოგენური ვირუსების ადამიანზე გადაცემის რისკები. გარდა ამისა, დიდ სამედიცინო და სოციალურ განხილვას საჭიროებს ეთიკური მხარე, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველების მასობრივ გამოზრდას უკავშირდება.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, წამყვანი ტრანსპლანტოლოგები თანხმდებიან, რომ ეს ექსპერიმენტი უდიდესი მიღწევაა. იგი კიდევ უფრო გვაახლოებს იმ რეალობასთან, სადაც ათასობით ადამიანს აღარ მოუწევს წლობით ლოდინი და საკუთარი სიცოცხლით რისკი გადარჩენის იმედით.

