ნაკლები სტაციონარი, მეტი ამბულატორია — 2024 წლის ჯანდაცვის სტატისტიკა

გააზიარე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2024 წლის ანგარიშში დეტალურადაა განიხილული ჯანდაცვის სექტორში არსებული ტენდენციები და მიღწეული შედეგები. 2024 წელს ჯანდაცვის სისტემაში გამოიკვეთა ორი მთავარი ტენდენცია: პაციენტები უფრო იშვიათად რჩებოდნენ სტაციონარში, სამაგიეროდ, გაიზარდა ამბულატორიული მიმართვიანობა. ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის შედეგები კი არაერთგვაროვანი იყო.

2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. წინა წელთან შედარებით, საწოლების რაოდენობა 2.5%-ით შემცირდა და 14.9 ათასი გახდა.  შემცირდა პაციენტების საავადმყოფოში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობაც — 4.6 დღემდე, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5.3 დღე იყო. ასევე შემცირდა საწოლის დატვირთვის მაჩვენებელიც – 2024 წელს მან 191.5 დღე შეადგინა(2023 წელს –  204.9 დღე). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ, წინა წელთან შედარებით, საავადმყოფოს საწოლები ნაკლებად იყო დატვირთული.

ამბულატორიული დაწესებულებები

2024 წელს ქვეყანაში 2,288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება ფუნქციონირებდა. ამ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8 პროცენტით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. ამბულატორიული მიმართვიანობის მოთხოვნის ზრდა, შესაძლოა, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების ცვლილების მანიშნებელი იყოს.

ახალი შემთხვევები და ყველაზე გავრცელებული დაავადებები

2024 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ჯგუფებში: თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (18.0%); ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები(15.4%); ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები(14.8%); ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%); სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).

ამავდროულად, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, აგრეთვე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები.

ინფექციური დაავადებები: ტენდენციები და შედეგები მამაკაცებში

აივ ინფექცია/შიდსი: 2024 წელს შიდსით გარდაცვალების 131 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე ცვალებადია — 2022 და 2023 წლებში თითოეულში 530 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 564-მდე გაიზარდა.

ტუბერკულოზი: ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7%-ით შემცირდა. ამავე დროს, ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2%-ით შემცირდა და 1,311 შეადგინა.

დასკვნის სახით, 2024 წლის მონაცემები ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ცვლილებებს — მათ შორის, მომსახურების მიწოდების მოდელის ტრანსფორმაციას და ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

წყარო

საქსტატი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური), „ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები, 2024 წელი“.

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები